საფეხბურთო გუნდ „გურიას“ უფროსი, ედიშერ ჟორდანია ,,საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტის“, ზვიად სიჭინავას გადაყენებას მოითხოვს. მისი თქმით, სიჭინავა მოქმედ კანონმდებლობას არღვევს. ამის შესახებ ედიშერ ჟორდანიამ „რეპორტიორთან“ საუბრისას განაცხადა.
„საფეხბურთო სკოლების ასოციაციას“ რეგისტრაციაზე უარი ეთქვა, მიუხედავად ამისა, 2012 წლის სფფ-ს წესდების რედაქციაში შესულია „საფეხბურთო სკოლების ასოციაცია“ და ორგანიზაცია დღემდე ითვლება სფფ-ს სუბიექტად. ზემოთთქმული მოქმედი კანონმდებლობის უხეში დარღვევაა. რეგისტრაციის შესახებ განმცხადებელი, არც მეტი არ ნაკლები სფფ-ს იურისტი კესარია ჩხიკვაძე გახლდათ, რომლის ქმედებაც იურიდიული ნონსესია. რეალურად, სფფ-ს არჩევნებში მონაწილეობა მიიღო არარეგისტრირებულმა კავშირმა, რაც მოქმედი კანონმდებლობის დარღვევაა. აქედან გამომდინარე, სრული პასუხისმგებლობა ზვიად სიჭინავას ეკისრება, ზემოთთქმულიდან გამომდინარე, ის უკანონო პრეზიდენტია და უნდა გადადგეს დაკავებული თანამდებობიდან“, - განაცხადა ედიშერ ჟორდანიამ.