თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლის, მერაბ ჯორბენაძის გადაწყვეტილებით, 17 მაისის საქმეზე ბრალდებული მღვდლის თამაზ ბიჩინაშვილის (მამა ანთიმოზი) საქმის არსებითი განხილვა აღარ გაიმართება. მოსამართლის განცხადებით, საქმეში არსებობს მხოლოდ ერთი ვიდეომასალა, სადაც ისმის გინება და, როგორც მოსამართლემ აღნიშნა, კიდეც რომ დადასტურდეს ის ფაქტი, რომ ნამდვილად თამაზ ბიჩინაშვილი იგინება, ეს არ არის საკმარისი მტკიცებულება იმისათვის, რომ მან ჩაიდინა სისხლის სამართლის დანაშაული. პროკურატურას კი მისთვის ბრალი წაყენებული ჰქონდა სიხლის სამართლის კოდექსის 161-ე მუხლით, რაც გულისხმობს შეკრების ან მანიფესტაციის მოწყობის, ანდა მასში მონაწილეობის უფლების განხორციელებისათვის უკანონოდ ხელის შეშლას - ძალადობით, ძალადობის მუქარით ან სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით. ამავე საქმეზე ამავე მუხლით ბრალდებულია კიდევ ოთხი ადამიანი, მათ შორის, ასევე, ერთი სასულიერო პირი - ირაკლი ბასილაია (მამა იოთამი), მათი საქმის არსებითი განხილვა 15 აგვისტოს, 12:00 საათზეა ჩანიშნული.