მეცნიერი გია დვალი, უმაღლესი განათლებისა და მეცნიერების რეფორმის კონცეფციის პროექტის ერთ-ერთი ავტორი, ინფორმაციას კონცეფციის იმპლემენტაციის შესახებ არ ფლობს. დვალი, რომელიც ამჟამად საქართველოში იმყოფება, უმაღლესი განათლების პოლიტიკაზე სასაუბროდ არასამთავრობო ორგანიზაციებსა და სამოქალაქო საზოგადოებას შეხვდა. შეხვედრა გია დვალთან, თემაზე "დასავლური აკადემიური და მეცნიერული ღირებულებების მნიშვნელობა კვლევის განვითარებისთვის" მდგრადი განვითარების საერთაშორისო ფონდის ინიციატივით გაიმართა. დვალი უნივერსიტეტების წარმომადგენლებსა და სხვა დაინტერესებულ პირებს საზოგადოებისა და ზოგადად ქვეყნის ინტელექტუალური განვითარებისთვის ევროპული სტანდარტების შესაბამისი უმაღლესი განათლებისა და კვლევების მნიშვნელობაზე ესაუბრა. "ფაქტია, რომ 21-ე საუკუნეში დასავლური სამეცნიერო და საგანმანათლებლო სისტემა ყველაზე წარმატებულია. წარმატების მიზეზი არის სისტემა - ოპტიმალური მოწყობა მეცნიერული კვლევებისა და სწავლების. ზოგადად, კაცობრიობის პროგრესის განხილვა შეიძლება, როგორც ცოდნის მოპოვება და გადაცემა. ჩვენი, როგორც კაცობრიობის ამსახველი არის სწორედ ეს. უნივერსიტეტში ცოდნის გადამცემი არის პროფესურა, ცოდნის მომპოვებლები არიან მკვლევარები. უნივერსიტეტებმა ოპტიმალურად ხარისხიანი პროფესურა უნდა მოიზოდონ და შეინარჩუნონ, რომ მათ სხვაგან წასვლა აღარ მოუნდეთ,"- ამბობს დვალი "ნეტგაზეთისთვის" მიცემულ ინტერვიუში. რაც შეეხება კონცეფციის საკითხს, რომელზეც გია დვალი სხვა მეცნიერებთან ერთად მუშაობდა, მისი თქმით, ის საქმის კურსში არ არის, რა ხდება და როგორ მუშაობს ამ მხრივ სახელმწიფო. "ჩვენ, კონცეფციის ავტორებმა შევქმენით დოკუმენტი, სადაც ასახულია ჩვენი ხედვა. არც სურვილი გვაქვს და არც არანაირი ბერკეტი, რომ ჩვენი ხედვა ვინმეს თავს მოვახვიოთ. ვისაც არ მოსწონს, არ მოსწონს. რეფორმის ერთადერთი გამტარებელი შეიძლება იყოს სახელმწიფო. რეფორმას 4-5 მეცნიერი ვერ განახორციელებს. ჩვენი ხედვა მთლიანად არის ამ დოკუმენტში ასახული," - განაცხადა დვალმა. უნივესიტეტების წარმომდგენლების აზრით, რომელიც მათ დვალთან შეხვედრის დროს გამოთქვეს, აღნიშნული კონცეფციის იმპლემენტაცია საქართველოში რთული იქნება, ვინაიდან იმისთვის, რომ რეფორმა განხორციელდეს, კვალიფიციური კადრებია საჭირო, რისი დეფიციტიც, მათივე თქმით, ქვეყანაში არის.