ადგილობრივი მედიის ინფორმაციით, როგორც კიევის ჯანდაცვის საქალაქო სამსახურის განცხადებაშია ნათქვამი, უკრაინაში, ორი თვის განმავლობაში მიმდინარე საპროტესტო აქციების შედეგად 1231 ადამიანი დაშავდა.
30 ნოემბრიდან 30 იანვრის მონაცემებით, საავადმყოფოებს 1231-მა ადამიანმა მიაკითხა. აქედან 681-ის ჰოსპიტალიზება გახდა საჭირო. ამ დროისთვის სტაციონარებში აქციის 63 მონაწილე რჩება.
ოფიციალური ინფორმაციით, დაპირისპირების დაწყებიდან დღემდე 5 ადამიანია დაღუპული. აქედან სამი ცეცხლსასროლი იარაღით არის მოკლული. კიევში შეტაკებების პირველი ტალღა 30 ნოემბერს დაიწყო. მეორე ტალღა შეტაკებების კი 19 იანვარს დაიწყო. ევრომაიდანზე შეკრებილების უკმაყოფილება რადას მიერ 16 იანვარს მიღებულმა კანონებმა გამოიწვია, რომელიც საპროტესტო აქციების გამართვის წესებს ამკაცრებდა.