საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტი საშუალოვადიან პერსპექტივაში ლარის კურსის გამყარებას ვარაუდობს. როგორც გიორგი ქადაგიძემ ჟურნალისტებს განუცხადა, ყველა ფაქტორი, რომელიც გავლენას ახდენდა ლარის გაუფასურების მიმართულებით, ამოწურულია.
„კურსის მოკლევადიანი პროგნოზი უმადური საქმეა. ეს შეუძლებელიც კი არის, ვინაიდან ეკონომიკურ ფაქტორებთან ერთად მასზე გავლენას ახდენს მოლოდინებიც. რაც შეეხება საშუალოვადიან პროგნოზს, წმინდა ეკონომიკური ფაქტორები, რომელიც გავლენას ახდენდა ლარის გაუფასურების მიმართულებით, ამოწურულია, ან ძალიან ახლოს არის ამოწურვასთან, ამიტომ, ვინაიდან მიმდინარე ანგარიშის ფუნდამენტური დისბალანსის პრობლემა არ გვაქვს, საშუალოვადიან პერსპექტივაში ლარის კურსზე იქნება გამყარების ზეწოლა", - განაცხადა ქადაგიძემ.
ეროვნული ბანკის პრეზიდენტის განმარტებით, მოკლევადიან პერიოდში მცურავი გაცვლითი კურსის გათვალისწინებით, ლარი იმერყევებს როგორც გამყარების, ისე გაუფასურების მიმართულებით, თუმცა ეს მცირე ამპლიტუდის ტენდენცია იქნება.
როგორც გიორგი ქადაგიძემ აღნიშნა, ძირითადი ფაქტორები, რამაც ლარის კურსზე გავლენა მოახდინა, არის შერბილებული მონეტარული პოლიტიკა და ექსპანსიური ფისკალური პოლიტიკა, რაც ამ დროისთვის ამოწურულია.
ეროვნული ბანკის პრეზიდენტი ლარის კურსის მერყეობის პროცესის ხელოვნურობასთან დაკავშირებით გაკეთებულ კომენტარებსაც გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ ამგვარი განცხადებები ღიმილისმომგვრელია.
„განცხადებები, რომ ლარის კურსის მერყეობა ხელოვნურია და ფისკალური შემოსავლების მობილიზებას ემსახურება, საფუძველსმოკლებული და ღიმილისმომგვრელია", - განაცხდა ქადაგიძემ.