მთაში არსებული პრობლემები დღეს კონფერენციაზე განიხილეს, სადაც სტატისტიკური მონაცემების პრეზენტაცია გაიმართა. მონაცემების მიხედვით, 2012 წელს საქართველოს მაღალმთიან რეგიონში 164 სოფელი მთლიანად გაუკაცრიელდა, 152-ში კი 10-ზე ნაკლები კომლი ცხოვრობს.
დღესვე ცნობილი გახდა, რომ მაღალმთიან რეგიონებთან დაკავშირებულ საკითხებზე სპეციალური სამუშაო ჯგუფი შეიქმნება. ჯგუფში ხელისუფლების მხრიდან შევლენ რეგიონული განვითარებისა და ეკონომიკის სამინისტროების წარმომადგენლები. სპეციალურ სამუშაო ჯგუფში ჩაერთვებიან დამოუკიდებელი ექსპერტები, არასამთავრობო ორგანიზაციები, რომლებიც მაღალმთიან რეგიონებთან დაკავშირებულ პრობლემებზე მუშაობენ.
ჯგუფის შექმნის შესახებ ინფორმაცია ჟურნალისტებს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა დავით ნარმანიამ მიაწოდა.
„დღევანდელი ხელისუფლებისთვის მაღალმთიანი რეგიონები განსაკუთრებული ზრუნვის საგანს წარმოადგენს და ხელისუფლება აპირებს გადადგას ყველა სათანადო ნაბიჯი, რომელიც ხელს შეუწყობს მაღალმთიან რეგიონებში არსებული პრობლემების გადაჭრას. კანონის მიღება ერთადერთი გამოსავალი არ არის და საჭიროა სტიმულირების მექანიზმების შექმნა, რომელიც ხელს შეუწყობს მაღალმთიანი რეგიონების განვითარებას"- განაცხადა დავით ნარმანიამ.