სოფელ ართანაში, ხანძრის შედეგად, მთივლიშვილების მრავალშვილიანი ოჯახი საცხოვრებელი სახლის გარეშე დარჩა. ცეცხლი თავდაპირველად ზედა სართულს გაუჩნდა, რის შემდეგაც სახურავს მოედო და მთლიან სახლზე გავრცელდა.
ადგილობრივების ცნობით, შემთხვევის დროს ოჯახში მცირეწლოვანი ბავშვებიც იმყოფებოდნენ, რომელთა გამოყვანაც მეზობლებმა დროულად მოახერხეს.
ცეცხლის ლოკალიზებას თელავის სამი სახანძრო-სამაშველო ბრიგადა ცდილობდა, თუმცა სახლის გადარჩენა ძლერი ხანძრის გამო ვერ მოხერხდა. დაზარალებული მთივლიშვილების ოჯახი კახეთის გუბერნატორმა ირაკლი შიოლაშვილმა მოინახულა.
„შეტყობინება დაგვიანებით მოხდა და სახლი ამის გამო დაზიანდა. ადგილობრივი ხელისუფლება პირველ რიგში, იზრუნებს მათთვის ალტერნატიული ფართის გამოყოფაზე. ხვალიდან კი ზარალის ათვლა დაიწყება და შესაბამისად, ადგილობრივი ბიუჯეტიდან მოხდება მათთვის დახმარების გაწევა", - განაცხდა ირაკლი შიოლაშვილმა.