საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტრო საქართველოს ეროვნული მუზეუმიდან საგამოფენოდ გატანილი ექსპონატების დაკარგვისა და ორგინალების ასლებით შეცვლის თაობაზე გაცხადებას ავრცლებს.
„უკანასკნელ წლებში მედიასაშუალებებში გავრცელებული იყო ინფორმაცია საქართველოს ეროვნული მუზეუმიდან საგამოფენოდ გატანილი ექსპონატების დაკარგვისა და ორგინალების ასლებით შეცვლის თაობაზე. აღნიშნულიდან და საზოგადოების მაღალი ინტერესიდან გამომდინარე, საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრის 2013 წლის 17 ივნისის N 03/92 ბრძანებით, შეიქმნა „საქართველოს ეროვნული მუზეუმიდან 2004-2012 წ.წ. ექსპონატების გატანა-შემოტანის საკითხის შემსწავლელი დროებითი კომისია", რომელიც დაკომპლექტდა დარგის მაღალკვლიფიციური სპეციალისტებით. კომისია სექტემბრიდან დეკემბრის თვის ჩათვლით, მუშაობდა საქართველოს ეროვნულ მუზეუმში და შეისწავლა 2004-2012 წ.წ. მუზეუმიდან გატანილი ექსპონატები და საგამოფენოდ გატანა-შემოტანასთან დაკავშირებული დოკუმენტაცია. როგორც კომისიის მიერ წარმოდგენილი დასკვნიდან ირკვევა, აღნიშნულ წლებში მუზეუმიდან გატანილი იყო ნიკო ფიროსმანაშვილის 51 ნამუშევარი (უკრაინა, თურქეთი, ბელორუსი, ლიტვა, საფრანგეთი და ჰოლანდია) და 460-ზე მეტი არქეოლოგიური ექსპონატი.
კომისიის მიერ ექსპონატების თანმხლები დოკუმენტაციის, შენახვა-დაცვის პირობებისა და მათი მდგომარეობის ვიზუალური შესწავლით დადგინდა, რომ ყველა ექსპონატი ადგილზეა და მათი ავთენტურობა ეჭვს არ იწვევს", - ნათქვამია განცხადებაში.
(მოამზადა თეო ტაბატაძემ)