თბილისის საქალაქო სასამართლომ თავდაცვის ყოფილი მინისტრი ბაჩო ახალაია და შეიარაღებული ძალების გაერთიანებული შტაბის ყოფილი უფროსი, გენერალი გიგი კალანდაძე უდანაშაულოდ სცნო. საქმე სამხედრო მოსამსახურეებისთვის სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფის მიყენების, თავისუფლების აღკვეთის ეპიზოდებსა და ზვიად აბესაძესთან დაკავშირებულ ეპიზოდს ეხებოდა, როდესაც მას, პროკურატურის ინფორმაციით, სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს და თავისუფლება უკანონოდ აღუკვეთეს. ახალაიას გამამართლებელმა განაჩენმა ბევრი აღაშფოთა, მათ შორის ცნობილი მსახიობი - თენგიზ არჩვაძე. " ძალიან აღელვებული ვარ, ესე იგი, ბაჩო ახალაია არ დასაჯეს და ისე გამოუშვეს გარეთ? რას ქვია, ეს რა საქციელია?! რომ იძახით, სასამართლოდან გაათავისუფლესო, სასამართლო აღარ ქვია მაგას ბატონო! ვიცი, რომ ხალხი აღშფოთებას ვერ მალავს და მეც მათ რიგებში ჩამწერეთ. რომ იძახიან, ევროპას არ მოსწონს ეს დაპატიმრებებიო, ევროპელები ისეთ საქართველოში იცხოვრებდნენ ჩვენ რომ გვქონდა?! მიბრძანებულიყვნენ მაშინ ციხეებში და თავად ენახათ, რაც იქ ხდებოდა. მერე გვაკრიტიკონ ჩვენ. უკვე აღარაფერი მესმის. წინა ხელისუფლება არ მომწონდა და ახალიც მაბნევს უკვე. ხალხს იმედი ჰქონდა, რომ ვინც დამნაშავე იქნებოდა, დაისჯებოდა. ახლა რა გამოვიდა?! მაშინ ვანო მერაბიშვილიც გამოუშვან - ეგ რა, ახალაიაზე ნაკლები ანგელოზია თუ?! ოღონდ ისიც აგვიხსნან, ვინ ჩაიდინა ის ამბავი, ციხეებში რომ ხდებოდა. ეს ყველაფერი სისტემური იყო და დამნაშავე სისტემა უნდა დაისაჯოს! იმ სისტემის ერთ-ერთი მთავარი წევრი ეგ ვაჟბატონი იყო - ახალაია. რა უნდათ, მაინცადამაინც ქვა და ჯოხები აიღოს ხალხმა ხელში და გამოვიდნენ სიმართლის დასაცავად?! რას დადიან ამ ცვედანი ევროპის ჭკუაზე, ან მთავრობას აღარ აქვს ჭკუა, ან ხალხს?! ხომ გვარწმუნებდნენ, ვინც დამნაშავე არის, დაისჯებაო?! გულნატკენი ვარ, ასე რომ წავიდა საქმე. "- ასე აფასებს თენგიზ არჩვაძე
„კვირის პალიტრასთან" საუბარში სასამართლოს მიერ ბაჩო ახალაიას გამართლებას.