გურამ შარაძის ქალიშვილმა, რუსუდან შარაძემ, მამის მკვლელობის საქმეში აღმოჩენილ ახალ დეტალებთან დაკავშირებით, ჟურნალისტებთან შეხვედრა გამართა. ინფორმაციას რუსუდან შარაძე ახალი მოწმის ჩვენებაზე დაყრდნობით ავრცელებს.
„გურამ შარაძის მკვლელობის საქმეში გამოჩნდა ახალი მოწმე, რომლიც სამეგრელო-ზემო სვანეთის სამხარეო პოლიციაში მუშაობდა. მას სამსახურებრივი ურთიერთობა ჰქონდა თენგიზ გუნავასთან, მეგის ქარდავასთან და კოხტა კოდუასთან. იყო მათი ნდობით აღჭურვილი პირი. მოწმემ მკვლელობის ორგანიზების დავალება პირადად მეგის ქარდავასგან მიიღო. დავალების მიხედვით, მას სამეგრელოდან თბილისში, ძალოვანი უწყებიდან, ორი კონკრეტული პირი უნდა წამოეყვანა, რომლებსაც შარაძე უნდა მოეკლათ. ჩემთვის ცნობილია ამ პიროვნებების ვინაობა. ერთი მათგანი ცოტა ხნის წინ გაურკვეველ ვითარებაში გარდაიცვალა. ხოლო მეორეს ადგილსამყოფელი ჩემთვის ცნობილია. თბილისში ჩამოსვლის შემდეგ, მოწმეს უნდა დაკავშირებოდა ე.წ. მასტერა, რომელიც გააცნობდა გურამ შარაძის მკველობის გეგმას. მეგის ქარდავას დავალებით, მოწმეს კონკრეტული თანხა გადასცეს, ხოლო კოხტა კოდუასგან ცეცხლსასროლი იარაღი მიიღო.
მოწმემ უარი თქვა მოეკლა მამაჩემი, რის გამოც ის და მისი ახლობლები ტერორის და ზეწოლის ქვეშ აღმოჩნდნენ.
ჩემთვის ცნობილია, კიდევ ერთი ფაქტის შესახებ. სამხარეო პოლიციის მაშინდელმა უფროსმა, ყოფილმა გუბერნატორმა და ამჟამად მსჯავრდებულმა თენგიზ გუნავამ მოწმე, რომელიც მის დაქვემდებარებაში იყო, ზეწოლის განხორციელების მიზნით, თავის არეში უმოწყალოდ სცემა.
ამ ადამიანმა უარი თქვა მამაჩემის მკვლელობაზე. დღეს კი პროკურატურას ჩვენება მისცა. მადლიერების მეტი არაფერი შემიძლია გამოვხატო.
მივმართავ საქართველოს პროკურატურას, მოვითხოვ დაჩქარდეს გურამ შარაძის მკვლელობის საქმის გამოძიება. ერთხელ და სამუდამოდ, დადგინდეს და ითქვას სიმართლე, ვინ და რა ვითარებაში მოკლა მამაჩემი.“ – განაცხადა რუსუდან შარაძემ.