აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ არჩილ ხაბაძემ და ქობულეთის გამგებელმა გია რომანაძემ ქობულეთში ახლად აშენებული ავტოსადგური გახსნეს.
ავტოსადგური განთავსებულია 1541 კვადრატულ მეტრზე და მოიცავს ორსართულიან შენობას ავტოპარკინგთან ერთად. აღნიშნული ავტოსადგური 40 ავტობუსს ერთდროულად მოემსახურება, საიდანაც შესრულდება რეგიონის შიდა, საქალაქთაშორისო და საერთაშორისო რეისები.
როგორც აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ განაცხადა, პროექტი ქობულეთის მუნიციპალიტეტისთვის მნიშვნელოვანია. მისივე თქმით, აღნიშნული პროექტი კერძო კომპანიებს და სახელმწიფოს შორის თანამშრომლობის კიდევ ერთი წარმატებული ნაბიჯია.
"ეს სადგური მაღალ დონეზე მოემსახურება ადგილობრივ მგზავრებს და ჩამოსულ სტუმრებს. აქ მოეწყობა დასასვენებელი ადგილი და საკვები ობიექტი", - აღნიშნა არჩილ ხაბაძემ.
ავტოსადგურის მფლობელია შპს "გიაგო", რომელმაც ეს ტერიტორია აუქციონის წესით შეიძინა და სამშენებლო სამუშაოებს 2013 წლის დასაწყისში შეუდგა.