ევროკომისარმა გაფართოებისა და ევროპის სამეზობლო პოლიტიკის საკითხებში შტეფან ფულემ მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციაზე განაცხადა, რომ პოსტსაბჭოთა სახელმწიფოების გარდაქმნა მხოლოდ ევროკავშირში გაწევრიანების პირობას შეუძლია. ინფორმაციას ამის შესახებ გამოცემა „EuObserver" ავრცელებს.
„თუ ჩვენ სერიოზულად გვინდა დავეხმაროთ ევროპის ამ ნაწილს ტრანსფორმაციაში, ასოცირების ხელშეკრულება მხოლოდ პირველი ნაბიჯი უნდა იყოს. შემდეგი ნაბიჯი კი გვირაბის ბოლოს სინათლე უნდა იყოს. თქვენ ვერ შეძლებთ ევროპის ამ ნაწილის გარდაქმნას ყველაზე ძლიერი ინსტრუმენტის, გაფართოების, გამოყენების გარეშე. არ შეიძლება მათ მხოლოდ ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულება შესთავაზოთ, მაგრამ ამასთან უთხრათ, რომ ეს არ არის ევროკავშირში გაწევრიანების გარანტია. ევროკავშირი უფრო მტკიცე უნდა იყოს", - განაცხადა ევროკომისარმა შტეფან ფულემ მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციაზე.
(მოამზადა ლილუ მიროტაძემ)