იუსტიციის მინისტრი თეა წულუკიანი მიიჩნევს, რომ კეზერაშვილთან დაკავშირებით, პოლიტიკური განცხადებების გაკეთება არამიზანშეწონილია, რადგან ეს საქმე წმინდა სისხლის სამართლის საქმეა.
„მთავარია, რომ პროკურატურა ძალიან კომპეტენტურად უძღვება კეზერაშვილის საქმეს. მე იმედი მაქვს, რომ ფრანგი მოსამართლე მიიღებს პირუთვნელ გადაწყვეტილებას და არ იქნება ის დატვირთული პოლიტიკური განცხადებებით, რომელსაც „ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენლები აკეთებენ, რადგან ეს არის წმინდა სისხლის სამართლის საქმე. დღეს საფრანგეთში გაიმართება მორიგი პროცესი, სადაც განიხილება აღკვეთის ღონისძიების საკითხი. იმედი მაქვს, რომ საფრანგეთის პროკურატურა და აგრეთვე, მოსამართლე მიიღებენ დამოუკიდებელ გადაწყვეტილებას. რაც შეეხება კეზერაშვილის ექსტრადირების საკითხს, ამის შესახებ გადაწყვეტილების მიღება თებერვლის ბოლომდეა გადატანილი“, - აცხადებს წულუკიანი.