ბათუმის მერი ჯემალ ანანიძე თანამდებობიდან გადადგა. როგორც ანანიძემ განმარტა, გუშინ საკრებულოს განცხადებით მიმართა მისი თანამდებობიდან გათავისუფლების შესახებ. ჯემალ ანინიძე თანამდებობიდან გადადგომას თვითმმართველობის მოახლოებულ არჩევნებს უკავშირებს და განმარტავს, რომ მიუხედავად მისი არაპარტიულობისა, მის შესახებ ბათუმში არ წყდებოდა მითქმა-მოთქმა პარტიული ინტერესების შესახებ.
"მიუხედავად იმისა, რომ ვმუშაობდი მერიის სტრუქტურებში და ვაცხადებდი, რომ ვიყავი არაპარტიული. ამის მიუხედავად, მაინც არ ჩამომშორდა სახელი, თითქოს ვმოქმედებდი ამა თუ იმ პარტიის ინტერესებიდან გამომდინარე. მოსახლეობისთვის რჩება გაუგებარი ჩემი წარმატებები თუ წარუმატებლობები რომელ პარტიას მიაკუთვნონ. მოსახლეობას არჩევნების წინ უნდა ჰქონდეს შეფასების საშუალება თუ რას აკეთებს მერია. აქედან გამომდინარე, მივიღე გადაწყვეტილება თანამდებობიდან გადადგომის შესახებ", - აღნიშნა ჯემალ ანანიძემ.
ჯემალ ანანიძე ბათუმის მერის პოსტზე 2012 წლის 4 ოქტომბერს დაინიშნა. 2010 წლიდან ის ვიცე მერის პოსტს იკავებდა, მანამდე კი მერიის საფინანსო სამსახურის ხელმძღვანელი იყო.