პრობაციის ეროვნული სააგენტოს რეგიონული ბიუროების ძალისმევით, ქარელისა და ბაღდათის რაიონებში სამი სოციალურად დაუცველი პირობით მსჯავრდებული დასაქმდა.
ილია ბ. დაკავებამდე ერთ-ერთ საგზაო კომპანიაში მუშაობდა. გასამართლების შემდეგ, ილია ბ-ს მრავალრიცხოვანი ოჯახი, პრაქტიკულად, შემოსავლის გარეშე დარჩა. შიდა ქართლის პრობაციის ბიუროს რეკომენდაციით, პირობით მსჯავრდებული ავტომაგისტრალის მშენებლობაზე დასაქმდა. ამჟამად ილია ბ. ავტომაგისტრალის ქარელის მონაკვეთზე მუშაობს და ყოველდღიურად 22 ლარს გამოიმუშავებს.
ქარელის პრობაციის ოფისში განხორციელებულ რისკებისა და საჭიროებების შეფასების შედეგად ასევე გაირკვა, რომ პირობით მსჯავრდებულ გელა ხ. დასაქმებას საჭიროებდა. ამასთან, იგი ხასიათდებოდა, როგორც შრომისმოყვარე ადამიანი. ქარელის პრობაციის ოფიცრის რეკომენდაციით, გელა ხ. აგარის შაქრის ქარხანის სამეურნეო ნაწილში ელექტროშემდუღებლად დასაქმდა და ხელფასს გამომუშავების მიხედვით მიიღებს.
ტარიელ ბ. სასჯელაღსრულების დაწესებულებიდან 4 თვის წინ გათავისუფლდა. ბაღდათის პრობაციის ოფისში აღიცხვაზე აყვანისას მან განმარტა, რომ შემოსავლის წყარო არ გააჩნდა. იმერეთის პრობაციის ბიუროს რეკომენდაციით, ტარიელ ბ. სამშენებლო კომპანია „ინსის" დირექციამ საცხოვრებელი კორპუსის მშენებლობაზე დაასაქმა, სადაც თვეში 600 ლარამდე გამოიმუშავებს.