ფრანგი ორიენტალისტი და ქართველოლოგი მარი ფელისიტე ბროსე 1802 წლის 5 თებერვალს პარიზში დაიბადა. ბროსე ხელმოკლე ვაჭრის ოჯახში დაიბადა. სწავლობდა ორლეანში, შემდეგ სან-სულპისიენის სასულიერო სემინარიაში. ისმენდა ლექციებს კოლეჟ დე ფრანსში. სწავლობდა ჩინურ ენასა და ლიტერატურას, შემდეგ ხელი მოჰკიდა ქართულსა და სომხურს. შეისწავლა პარიზში დაცული ქართული ხელნაწერები, რის შემდეგაც რამდენიმე ქართველოლოგიური ნაშრომი, აგრეთვე ქართული ენის გრამატიკის სახელმძღვანელოები გამოაქვეყნა. მისმა ნაშრომებმა საფუძველი ჩაუყარა მეცნიერულ ქართველოლოგიას ევროპაში. ბროსეს შემწეობას უწევდნენ ჟ.ა. სენ-მარტენი და პეტერბურგში მცხოვრები თეიმურაზ ბატონიშვილი (მიწერ-მოწერით).
1837 წელს ბროსე რუსეთში მიიწვიეს. 1838 წელს პეტერბურგის მეცნიერებათა აკადემიის წევრად ქართულ-სომხური ფილოლოგიის განხრით აირჩიეს. 1839-1841 წლებში აკადემიაში და უნივერსიტეტში წაიკითხა ლექციების ციკლი საქართველოს და სომხეთის ისტორიის შესახებ. 1847-1848 წლებში იმოგზაურა საქართველოში, შეკრიბა დიდძალი ეპიგრაფიკული, ნუმიზმატიკური, დოკუმენტური და სხვა მასალა და პეტერბურგში სამ წიგნად გამოაქვეყნა (1849-1851).
ფრანგულად თარგმნა და 1849-1858 წლებში შვიდ ტომად დაბეჭდა „ქართლის ცხოვრება“, ვახუშტის „ისტორიის“ გეოგრაფიის ნაწილი, სეხნია ჩხეიძის, პაპუნა ორბელიანის და ომან ხერხეულიძის ისტორიული თხზულებები ვრცელი მეცნიერული კომენტარებითურთ (ამ გამოცემის IV ტომი დაიბეჭდა დ. ჩუბინაშვილის რედაქციით). 1861 წელს გამოსცა საბუთები რუსეთ-საქართველოს ურთიერთობის შესახებ. ბროსეს 200-ზე მეტ ნაშრომში თავმოყრილია დიდძალი კრიტიკულად შემოწმებული მასალა. მან გაამდიდრა ქართული ისტორიოგრაფია, გააფართოვა მისი წყაროთმცოდნეობითი ბაზა, წინ წასწია ქართული ნუმიზმატიკის, სფრაგისტიკის, ეპიგრაფიკისა და სხვა დამხმარე დარგების შესწავლა, წამოჭრა და დაამუშავა შუა საუკუნეების საქართველოს ისტორიის მრავალი საკითხი. დაიწყო „ქართლის ცხოვრების“ კრიტიკული შესწავლა, სცადა დაეწერა საქართველოს ისტორიის კურსი.
დიდი წვლილი შეიტანა ბროსემ ქართული ენისა და ლიტერატურის შესწავლის საქმეში. 1834 წელს პარიზში გამოიცა ბროსეს შრომა „L’art libareli ou grammaire georgienne (ჴელოვნება აზნაურობითი გინა ქართულისა ენისა თჳთმასწავლებელი)“. შრომა შედგება 17 თავისაგან და ყოველ თავს მოსდევს საილუსტრაციო მასალა თარგმანითურთ. ბროსე თავის გრამატიკაში ითვალისწინებს ანტონ I-ის, მაჯოს, დავით ბატონიშვილის გრამატიკებს, მაგრამ ამა თუ იმ საკითხის განხილვისას ქართულ ტექსტებს ემყარება. ამ შრომაში ბროსემ წამოაყენა ვარაუდი, რომ ქართული ენა ინდოევროპულ ენათა ინდოირანულ შტოს ეკუთვნის. ბროსე პირველი სპეციალიტია, რომელმაც სცადა ქართული ენის ნათესაობის საკითხი განეხილა არა მხოლოდ ცალკეულ სიტყვათა შეპირისპირების გზით, არამედ გრამატიკულ მოვლენათა ჩვენების მიხედვითაც. არაერთი საყურადღებო ნარკვევი უძღვნა მან შუა საუკუნეების ქართული ლიტერატურის ძეგლებს („ვეფხისტყაოსანი“, „რუსუდანიანი“, „ომანიანი“ და სხვა). ბროსემ დააყენა და გააშუქა საკითხი ქართული „რაინდული რომანის“ თავისებურების შესახებ, დ. ჩუბინაშვილთან და ზ. ფალანდიშვილთან ერთად 1841 წელს გამოსცა „ვეფხისტყაოსანი“.
ფრანგულად თარგმნა და გამოაქვეყნა იმ სომეხ ისტორიკოსთა თხზულებები, რომლებსაც მოეპოვებათ ცნობები საქართველოს შესახებ (ტ. 1-2, 1874-1876), აღწერა სომხეთის ისტორიული ძეგლები (მაგ., ანისი).
ბროსეს სახელთან დაკავშირებულია მთელი ეტაპი ევროპის ქართველოლოგიაში, მისი მემკვიდრეობა მტკიცედ შევიდა ქართული ისტორიოგრაფიის საგანძურში. ბროსეს პირადი არქივი დაცულია საქართველოს ხელნაწერთა ეროვნულ ცენტრში.
ბროსეს მემკვიდრეობა მტკიცედ შევიდა ქართულ ისტორიოგრაფიის საგანძურში. დაწესებულია ბროსეს სახელობის პრემია. 1994 თბილისში, ვერის დაღმართზე, სკვერში, დაიდგა ბროსეს ძეგლი. თბილისში არის მარი ბროსეს ქუჩა.
ქართველოლოგი 1880 წლის 3 სექტემბერს საფრანგეთში გარდაიცვალა.
(მოამზადა ლილუ მიროტაძემ)