„ქართული მანდარინისთვის დღეს ყველაზე ოპტიმალური, ადგილობრივი ბაზარია, რადგან მისი ხარისხი საერთაშორისო ბაზრებზე არსებულ მოთხოვნებს ვერ აკმაყოფილებს“, - ამ განცხადებას ამერიკელი ექსპერტი მეციტრუსეობის საკითხებში სინდი ფეიქი აკეთებს.
„ქართულ მანდარინს ზოგადად აქვს რეპუტაცია, რომ არის მჟავე და პატარა ზომის და არც მისი შეფერილობაა საკმარისად სტაფილოსფერი. "საცუმას" ჯიშს, რომელიც საქართველოში მოჰყავთ, აქვს დიდი პოტენციალი საექსპორტო ბაზრებზე, მაგრამ დღევანდელი მონაცემებით მას პერსპექტივა მხოლოდ საქართველოში აქვს", - აღნიშნა კალიფორნიელმა ექსპერტმა ჟურნალისტებთან საუბრისას.
სინდი ფეიქის თქმით, მანდარინის სიმჟავეს ორი ფაქტორი განაპირობებს, პირველი ის რომ ხეს აკლია კვება და მეორე -პროდუქტი უფრო ადრე იკრიფება ვიდრე საჭიროა. ექსპერტის აზრით, ქართველი ფერმერები არ იცნობენ მანდარინის პლანტაციების მოვლის თანამედროვე მეთოდებს, რაც მოწეულ მოსავალზე უარყოფითად აისახება.
სინდი ფეიქი ქართველ ფერმერებს მანდარინის მოყვანის თანამედროვე ტექნოლოგიებს აცნობს. EPI-ის პროექტის ფარგლებში ტრენინგენი აჭარისა და გურიის რეგიონში 3 000 მეცირტუსემ გაიარა.
სინდი ფეიქის ინფორმაციით „საცუმას“ ჯიშის მანდარინი კალიფორნიაშიც მოჰყავთ და 1 კილოგრამის საცალო ფასი 3-დან 11 დოლარამდე მერყეობს. ქართულ ბაზარზე კი მას საშუალოდ 1 ლ 30 თეთრად ყიდიან.
ამერიკელი ექსპერტის აზრით, ქართველ მემანდარინეებს თანამედროვე მეთოდების გათვალისწინების შემთხვევაში, სულ მცირე 5 წელი დასჭირდებათ მაღალი ხარისხის მოსავლის ასაღებად.