reportiori.ge - ბადრი პატარკაციშვილის უსაფრთხოების სამსახურის უფროსის სკანდალური ინტერვიუ
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
ხუთშაბათი, 19 სექტემბერი, 2024. 20:31
ინტერვიუ
ბადრი პატარკაციშვილის უსაფრთხოების სამსახურის უფროსის სკანდალური ინტერვიუ
ავტორი:
05 თებერვალი, 2014. 20:02

ალექსანდრე მაისურაძისა და გიორგი ბერიძის თავისუფლების სანაცვლოდ ბადრი პატარკაციშვილი 25 მილიონს იხდიდა

 

გიორგი, გუბერსკის ციხეში თქვენი გადაყვანის ეპიზოდზე გავჩერდით...

სასამართლოს შემდეგ ორი თვე მომისაჯეს. ღამით გადამიყვანეს გუბერსკის ციხეში, მომათავსეს კარანტინში, სადაც ტუალეტი არ მუშაობს. დაკავებული ხალხი დღეების განმავლობაში იტანჯება, იქ არნახული ანტისანიტარიაა, ვიდექით კოჭებამდე შარდში. იმავე საღამოს გადამიყვანეს ციხის მეცხრე, შავების საკანში. ეს იყო შალვა ჟღენტის მუქარის დასაწყისი. აკი დამპირდა, – „შენ ჯოჯოხეთს ნახავო! საკანი, სადაც გამამწესეს, 24 კაცზე იყო გათვლილი, არადა, 109 კაცი ვიყავით მოთავსებული. საკნის კარი რომ იღებოდა, ხალხი გარეთ ვარდებოდა. შესვლისთანავე წარმადგინეს საკნის მაყურებელთან.

აკი, მაყურებლების ინსტიტუტი ვარდების რევოლუციის მერე ციხეებში აღარ იყოო?

ეს იყო ნაცმოძრაობის მორიგი პიარი და ფარსი. მაყურებლების ინსტიტუტი ნამდვილად არსებობდა. დამიძახა  მაყურებელმა, მკითხა, რა მუხლით ვიყავი და რას მედავებოდა გამოძიება? უმძიმესი მუხლები მქონდა: სსკ 315-ე, 223-ე, 236-ე. მხოლოდ `ამოღებული იარაღის ჩამონათვალი ორი თაბახის ფურცელს ითვლიდა. ეს რომ წაიკითხა, მაყურებელმა თვალებს არ დაუჯერა. საინტერესოა, დიაგნოზი ძალიან სწრაფად დასვა, ეს სიყალბეა. და ჩვენთან რატომ მოხვდიო? მკითხა. მე ვუთხარი, ზემოდან დაპირება იყო და, ალბათ, შედეგებსაც უნდა ველოდო-მეთქი. მან მითხრა, რომ შენ ამ საკანში საფრთხე არ გემუქრება, ნებისმიერ შემთხვევაში უფლება გაქვს, პირადად მომმართოო. საწოლი ფანჯარასთან ახლოს გამომიყვეს. საკანში წყალი ორი საათის განმავლობაში მოდიოდა, ტუალეტში გასვლისას დიდი რიგი იდგა, ამ ორი საათის განმავლობაში 109 კაცს უნდა მოესწრო ტუალეტში შესვლა. ერთ საწოლზე 6-7 კაცი მოდიოდა, ძილი 4 საათის განმავლობაში გვიწევდა. მომსწრე ვარ, ხალხი რომ სიმწრით კიოდა, ტუალეტში გასვლის საშუალება არ ჰქონდა და ისვრიდა. ეს იმ ადამიანისთვის იყო ტრაგედია. საკანი ტარაკნებით იყო სავსე, წარმოიდგინეთ, დილით იღვიძებ და მოპირდაპირე კედელი სულ შავია, რამდენიმე წუთში კი კედელი მოძრაობას იწყებს, შეიძლება გაგიჟდე! ტარაკნები დაწყობილად დადიან და გგონია, რომ კედელი მოძრაობს. უკიდურესი სიბინძურე, ჭუჭყი, მაგიდა არ არის, თეფში ხელში გიჭირავს, ჭამ და ამ დროს ტარაკნები და ბაღლინჯოები თეფშში ცვივა. მოხდა ისე, რომ ადამიანი, რომელიც ჩემს ცვლაში იყო, ავად გახდა, 40 გრადუსი ჰქონდა სიცხე, არაადამიანობა იყო მისი აყენება. ოთხი დღე საწოლის რკინის მოაჯირზე, ცალ ფეხზე გავატარე და ფეხზე მეძინა. საკანში ყველა შუშა ჩალეწილი იყო, გარეთ 18 გრადუსი იყო ყინვა, მაგრამ ჩვენ იმდენი ვიყავით, ყინვის მიუხედავად, ოხშივარი ადიოდა საკანს.

ბადრი პატარკაციშვილისა და ანატოლი მოტკინის გარდა ხომ არ ითხოვდნენ სხვა პირებზე ჩვენების მიცემას?

დიახ, იყო მოთხოვნა, ბიძინა ბარათაშვილისა და გიორგი თარგამაძის წინააღმდეგ მიმეცა ცრუ ტელედასმენა. ცალკე აღსანიშნავია, თუ როგორ გამოვიდა ტელეიმედის გენერალური დირექტორი, ბიძინა ბარათაშვილი, იმ უმძიმესი სიტუაციიდან და ჭკუისა და უდიდესი ინტუიციის წყალობით, ღირსებით დაუბრუნდა საზოგადოებასა და ოჯახს.

რამდენი ხანი გაატარეთ გუბერსკის ციხეში?

თითქმის ორი თვე. დეკემბრის ბოლოს გლდანის ციხეში გადამიყვანეს. გუბერსკში ყოფნისას არც გამომძიებელი მოსულა, არც ვინმეს დავუკითხივარ, მთავარი იყო, დამიჭირეს, სხვა არაფერი აინტერესებდათ.

გუბერსკის მერე იყო გლდანის მერვე საპყრობილე...

გლდანის ციხეში გვიან ღამით გადამიყვანეს. ჩვენ ამ დაწესებულების პირველი ბინადრები ვიყავით. სია ამოიკითხეს, სპეცსამსახურის თანამშრომელთა დერეფანში გაგვატარეს, ბაჩო ახალაია პირადად ესწრებოდა ამ ეგზეკუციას. ჩორნი ვარონებში ჩაგვყარეს. მანქანაში, ფაქტობრივად, წვიმდა. რამდენიმე საათი გვაცდევინეს, ლამის დავიხრჩეთ უჰაერობით. ტანსაცმელი არ გამოგვატანინეს. როდის-როდის, მიგვიყვანეს გლდანის ციხეში. კორპუსში ისევ კარანტინში შეგვიყვანეს. გაგვაშიშვლეს ყველანი ბოლომდე, დალეწეს ცემით განურჩევლად ყველა დუბინკებით, წიხლებით, მუშტებით. ტყუილს ვერ ვიტყვი მე არ ვუცემივართ. იქიდან რომ გვანაწილებდნენ, რომელ საკანში უნდა შევსულიყავით, იქაც ვნახე ბაჩო ახალაია. რატომღაც, მისი ყურადღება მივიპყრე. რა მუხლით ზიხარო? მკითხა.

კარანტინის დაშლას და ამ ცემას პირადად ესწრებოდა?

არა მხოლოდ ბაჩო ახალაია, ციხის ხელმძღვანელობა სრულად ესწრებოდა. სახელმწიფო გადატრიალების მუხლით ვზივარ-მეთქი, ვუპასუხე. მოიცაო, ერთი კი მითხრა, მაგრამ მერე აღარაფერი  უთქვამს. მარტამდე არც ამ ციხეში მოსულა გამომძიებელი ჩემ დასაკითხად. ბადრის გარდაცვალების მერე, მარტის შუა რიცხვებში, ერთი ძალიან მაღალჩინოსანი მოვიდა.

ვინ?

შენთვის კარგად ცნობილი მეორე გენერალი. მითხრა, ზემოთ მიღებულია გადაწყვეტილება. კარგი შვილები გყავს, ბევრს დარბიან, მაგრამ უშედეგოდ ივლიან, სანამ ზემოთ არ შეიცვლება ეს გადაწყვეტილებაო. თუ თქვენ პირობას მოგვცემთ, რომ პრესასა და ტელევიზიაში გამოსვლისგან და განცხადებების გაკეთებისგან თავს შეიკავებთ, ჩვენ გვექნება საშუალება, რომ თქვენ ლაითად გამოგიშვათო.

გიორგი, სამი უმძიმესი მუხლი, 400 შეიარაღებული კაცი, ორ ფურცელზე ჩამოთვლილი იარაღის ნუსხა, რას გულისხმობდა ლაითად გამოშვება?

ეს გულისხმობდა მარტივად და უპრობლემოდ ჩვენს გამოშვებას. მე დრო მოვითხოვე, რაზეც მითხრა, რომ ფიქრის დრო აღარ არის, გადაწყვეტილება, რომელიც ზემოთ მიიღეს, უნდა შესრულდესო. გამოსვლისას ჩემი პირობა ასეთი იყო: არავითარი შეიარაღებული აჯანყება, ფორმირებები და სახელმწიფო გადატრიალება, არავითარი იარაღი არ უნდა იყოს საქმეში და რომ არანაირ ჯარიმასაც არ გადავიხდი! ამაზე თანხმობა მივიღე. რადგან საშა მაისურაძეც ჩემსავე მდგომარეობაში იმყოფებოდა, მარტო გამოშვებას ვერ დავთანხმდებოდი. მითხრა, რომ მაისურაძესთან ექნებოდა ანალოგიური საუბარი და წასვლისას დამიბარა, ჩვენი შეთანხმების პირობაა, რომ ორი ბიჭი გყავს... მის ვინაობას მხოლოდ იმიტომ არ ვასახელებ, რომ პირობა მივეცი: ჩემგან შენი სახელის ხსენება არ იქნება-მეთქი.

გიორგი, მეორე ნომერია, მკითხველი დავაბნიეთ. თქვენ მეუბნებით, შენთვის კარგად ნაცნობი გენერალიო, ვინაობას კი არ ასახელებთ. მაღალი საზოგადოებრივი ინტერესიდან გამომდინარე, მე დავასახელებ ამ გენერლის ვინაობას კონტრდაზვერვის დეპარტამენტის დირექტორის მოადგილე, ლევან ტაბიძე (რატომაა ჩემთვის კარგად ნაცნობი ეს სახელი და გვარი, დადგება დრო და დეტალებს აუცილებლად მოვყვები, ე. კ.)...

სანამ მე ციხეში ვიყავი და ბადრი ცოცხალი იყო, ჩემს ოჯახს შემოუთვალეს, რომ ჩვენი განთავისუფლება შესაძლებელი იყო 25 მილიონი დოლარის გადახდის სანაცვლოდ. რამდენადაც ვიცი, 20 მილიონზე შეთანხმდნენ და ბადრი გადახდას აპირებდა, მაგრამ აღარ დასცალდა... ყველაზე ძვირად ღირებული პატიმრები ვიყავით მე და საშა მაისურაძე.

ერთი თვით ადრე საშა გამოუშვეს. არ გადიოდა, ან ერთად გავალთ, ან ყველანი ციხეში დავრჩებითო! მაგრამ დავარწმუნე, რომ მისი გასვლა აუცილებელი იყო. ივნისში მეც გამომიშვეს, თუმცა პირობა არ შეასრულეს, 5000 ლარი ჯარიმა გადამახდევინეს (სახელმწიფო გადატრიალებისთვის), მაგრამ იარაღის ხსენება მაინც გახდა საჭირო, სხვა შემთხვევაში, ყველანი ციხეში უნდა წასულიყვნენ. 5 წელი პირობითი სასჯელიც გამომაყოლეს. გარდა იმისა, რომ ჩემი სახელი და ღირსება შეილახა, მე მქონდა წარმატებული ბიზნესი დაცვის სამსახურის სახით, რომელიც დაცვის პოლიციამ გადაიფორმა შანტაჟისა და მუქარის გზით.

გიორგი, თქვენთან ერთად დაკავებული იყო მესამე პირი ზურაბ მეტრეველი, რომელმაც აღიარა დანაშაული, რა ბედი ეწია მას?

ზურაბ მეტრეველი 13 ნოემბერს ჩემთან ერთად დააპატიმრეს. ჩემთვის ცნობილია, რომ მასზე არაადამიანური ზეწოლა განხორციელდა, ემუქრებოდნენ ოჯახის წევრების ლიკვიდაციით და ასე გამოსძალეს აღიარებითი ჩვენება, რომელიც გამოიყენა ნიკა გვარამიამ. როგორც გახსოვთ, მაშინ ფილმები იყო მოდაში. მინდა ვკითხო ბ-ნ გვარამიას, თუ იცის, საერთოდ, რას ნიშნავს უდანაშაულობის პრეზუმპცია? მას რომ დასჭირდა, კარგად გაახსენდა ეს იურიდიული კატეგორია. ის ცრუ დასმენაც გაიხსენოს, რომლის ტირაჟირებასაც ახდენდა ტელევიზიების მეშვეობით ნოემბერ-დეკემბერში და რამაც, პრაქტიკულად, განაპირობა ჩემი დაჭერა. მინდა, ერთი საინტერესო დეტალი გავიხსენო: საშა მაისურაძის ავტოფარეხი სახლიდან მოშორებით იდგა, იგი მას არ იყენებდა. ავტოფარეხის კარების წინ გაიზარდა ხე. როდესაც მას იარაღი ჩაუდეს ავტოფარეხის გისოსებიდან, მისი ამოღების პრობლემა დადგა, რადგან ავტოფარეხის კარი არ იღებოდა. მთელი კორპუსი უყურებდა, როგორ მოიყვანეს მუშები და მოაჭრევინეს ხე, რათა მათივე ჩადებული იარაღი ამოეღოთ(!!!).

გიორგი, რატომ დუმდით აქამდე?

ჯერ ერთი, რომ პატარკაციშვილების ოჯახი დუმდა და მათი აზრის გამოთქმამდე ჩემი განცხადებები არაეთიკური იქნებოდა; მეორე, როგორც გაირკვა, განსვენებულის ოჯახი სააკაშვილის ხელისუფლებას გაურიგდა და ყველაფერი დაიბრუნა. 2014 წლის 1-ლ თებერვალს ბადრის გარდაცვალებიდან ექვსი წელი სრულდება, ჩვენ მიმართ ფალსიფიცირებული და შეთითხნილი საქმის გამოძიება გამოიწვევს სამართლიანობის აღდგენას და ნათელს მოჰფენს იმ შავბნელ მეთოდებს, რომლითაც იბრძოდნენ ბადრი პატარკაციშვილის წინააღმდეგ. მისი პატიოსანი სახელი და ღირსება აუცილებლად უნდა აღდგეს. რომ არ ყოფილიყო 7 ნოემბერი, არ იქნებოდა პირველი ოქტომბრის გამარჯვება. სამწუხაროდ, ოჯახი ამ სამართლიანობის აღდგენისთვის არ იბრძვის. ახლა მათ თავი რეჟიმის მსხვერპლად უნდათ წარმოაჩინონ, არადა, მემორანდუმი უკვე საჯაროა და მათი გაცნობის შემდეგ უკვე ცხადი გახდება, ვინ მსხვერპლია და ვინ სიყალბის მქმნელი.

ბადრი პატარკაციშვილი მზად იყო, თქვენს თავისუფლებაში 20 მილიონი გადაეხადა. როგორ მოიქცა მისი ოჯახი ბადრის გარდაცვალების შემდეგ იმ ადამიანებთან, რომლებსაც ბადრის გამო, ფაქტობრივად, სასწორზე დადეს ყველაფერი?

მსოფლიოში არ არსებობს ხალხი, გინდ ებრაელი, გინდ ქართველი, გნებავთ სხვა ერი, ვინც იცის, რომ შენი გულისთვის ხალხი ციხეშია, აწამეს, წაართვეს ყველაფერი, რაც ჰქონდათ: სამსახური, კეთილდღეობა, ბიზნესი, ოჯახის სიმყუდროვე და ეს დაივიწყოს. ციხიდან ჩემი გამოსვლის შემდეგ, 13 თებერვალს, ბადრის გარდაცვალების დღეს, როდესაც შვილთან ერთად მივედი საფლავზე, იქ იყვნენ ბადრის დედა, დები და მისი მეუღლე ინა გუდავაძე. ინამ, ჩემი სამძიმრის მიღების შემდეგ, ხალხის გასაგონად ხმამაღლა გამოაცხადა: ნა ტაკიხ დასტოინიხ ლიუდიახ დერჟიტსა ბელიი სვეტ. გარკვეული პერიოდის შემდეგ პატარკაციშვილების ოჯახს მივმართე დასაქმების თხოვნით, რადგან ჩვენს ოჯახებს ძალიან უჭირდათ, მაგრამ პასუხმა დააგვიანა. შემდეგ ორჯერ წერილობით მივმართე ოჯახს, პირადად ინა გუდავაძეს ვესაუბრე: რომ მაქვს დიდი და საინტერესო გამოცდილება; რომ სახელმწიფო გადატრიალების მუხლებით დამძიმებული ბიოგრაფიით ვერავინ ბედავს ჩემს დასაქმებას, რადგან ეშინიათ ხელისუფლების შურისძიების; რომ არ ვყოფილიყავი აბსოლუტურად დარწმუნებული ჩემს ღირსებებში, ბადრის ქვრივს თხოვნით არ მივმართავდი. ჩვენება არ მიმიცია, ზიანი არავისთვის მიმიყენებია და მათი მხრიდან ასეთი ცივი დამოკიდებულება ჩვენი ოჯახებისადმი ნამდვილად დიდი უმადურობაა.

ყოფილა შემთხვევა, რომ სანთლის ფული არ გვქონია, ბევრჯერ გვიშიმშილია. მინდა, მივმართო ინა გუდავაძეს: მაინტერესებს, როგორ აუხსნით თქვენს მრავალრიცხოვან ებრაელ და ქართველ მეგობრებს, რატომ მიატოვეთ და ზურგი აქციეთ იმ ადამიანებს, რომლებმაც თავი და შვილების კეთილდღეობა, ჯანმრთელობა გაწირეს ბადრისთვის? ერთხელ მაინც მოიკითხეთ საშა მაისურაძე? კაცი, რომელმაც ბადრის გამო გაწირა თავი და ახლა მძიმე ავადმყოფია. ქართველების ღალატზე როცა საუბრობთ, თქვენ როგორ მოიქეცით? ჩემთვის ძნელია ამ სიტყვების თქმა, მაგრამ, სამწუხაროდ, რეალობა ასეთი მწარეა... ბუნება, რომელმაც  ბადრი დააჯილდოვა გულუხვობით, სიკეთით და ნიჭიერებით, სამწუხაროდ, ოჯახზე ისვენებს. როგორ ივიწყებთ იმ ხალხს, ვინც ტელეიმედიდან პირველი დღეებიდანვე თქვენთან ერთად იყო, პირნათლად გემსახურათ, თავისი გულის ნაწილი თქვენთან დატოვა და ბადრისთან ერთად ებრძოდა ნაცების ხროვას? ერთხელ მაინც მოგეკითხათ ძველი თანამშრომლები... ჩვენ ფული არ გვითხოვია, ყურადღებაც საკმარისი იყო, თუმცა ვალდებულიც იყავით, ჩვენი ოჯახები უყურადღებოდ არ მიგეტოვებინათ, როცა ჩვენ ციხეში ვიჯექით. ეს დაუწერელი კანონია, ამას გავალდებულებდათ ბადრის ხსოვნა და მისი ღირსების პატივისცემა. ჩვენ ჩვენი სიცოცხლე, შვილებისა და ოჯახების კეთილდღეობა სასწორზე შემოვდეთ, თქვენ კი ბადრის მტრებთან თანამშრომლობდით, ეს არ არის სამართლიანი. თქვენ წყალში ჩაყარეთ ყველაფერი, რაც ბადრიმ შექმნა. შემეძლო, მეტიც მეთქვა, მაგრამ...

გიორგი, სამწუხაროდ, რეალობა ასეთია და მეც ბევრი მაგალითი შემიძლია მოვიყვანო, როგორ მოექცა პატარკაციშვილის ოჯახი იმ ადამიანებს, რომლებიც ბოლომდე ბადრის გვერდით იდგნენ. მაგალითისთვის შტაბის უფროსი, ვალერი გელბახიანიც საკმარისია. იგი ხუთი წელი ემიგრაციაში იყო, ოჯახს ერთხელაც არ მოუკითხავს...

მადლიერებით მინდა დავასრულოთ, ვიცი, რომ ამ უმძიმესი განსაცდელის დროს ბევრი ადამიანი მოიქცა ღირსეულად...

ღმერთმა არ ქნას, რომ კეთილი ადამიანები არ არსებობდნენ. პირველ რიგში, აუცილებლად უნდა ვახსენო საპატრიარქოს ტელევიზიის დეკანოზი, მამა გიორგი (ყიფშიძე), რომელიც ლოცვებში მუდმივად მიხსენიებდა და რომელმაც თხოვნით მიმართა გლდანის ციხის ადმინისტრაციას და რეკომენდაცია გამიწია განთავისუფლებაზე. არ შემიძლია მადლობა არ ვუთხრა ლალი ეგაძეს. ეს იყო ადამიანი, რომელიც არაფერს შეუშინდა და ჩემი ოჯახი რომ გადარჩა, ეს სწორედ ლალი ეგაძის დამსახურებაა. მადლობა გურამ ჯიქიძის, ალეკო და მერაბ კახიანების ოჯახებს, მადლობა ჩემს მეზობლებს ხათუნა გოგაძეს და ნაია პატარიძეს, ზურაბ მანაგაძეს, მადლობა ნათელა კასრელიშვილს, რომელიც ჩემს სახლთან ხილს და პროდუქტებს ყიდის და სისტემატურად უმართავდა ხელს ჩემს ოჯახს და ბოლოს, ასევე დიდი მადლობა ჩემს ოჯახს და შვილებს, რომლებმაც მედგრად გადაიტანეს 37 წელი 2007 წლის ნოემბერში.

 

ფრაზები:

 

საკანში წყალი ორი საათის განმავლობაში მოდიოდა, ტუალეტში გასვლისას დიდი რიგი იდგა, ამ ორი საათის განმავლობაში 109 კაცს უნდა მოესწრო ტუალეტში შესვლა. ერთ საწოლზე 6-7 კაცი მოდიოდა, ძილი 4 საათის განმავლობაში გვიწევდა. მომსწრე ვარ, ხალხი რომ სიმწრით კიოდა, ტუალეტში გასვლის საშუალება არ ჰქონდა და ისვრიდა. ეს იმ ადამიანისთვის იყო ტრაგედია. საკანი ტარაკნებით იყო სავსე, წარმოიდგინეთ, დილით იღვიძებ და მოპირდაპირე კედელი სულ შავია, რამდენიმე წუთში კი კედელი მოძრაობას იწყებს, შეიძლება გაგიჟდე! ტარაკნები დაწყობილად დადიან და გგონია, რომ კედელი მოძრაობს. უკიდურესი სიბინძურე, ჭუჭყი, მაგიდა არ არის, თეფში ხელში გიჭირავს, ჭამ და ამ დროს ტარაკნები და ბაღლინჯოები თეფშში ცვივა. მოხდა ისე, რომ ადამიანი, რომელიც ჩემს ცვლაში იყო, ავად გახდა, 40 გრადუსი ჰქონდა სიცხე, არაადამიანობა იყო მისი აყენება. ოთხი დღე საწოლის რკინის მოაჯირზე, ცალ ფეხზე გავატარე და ფეხზე მეძინა. საკანში ყველა შუშა ჩალეწილი იყო, გარეთ 18 გრადუსი იყო ყინვა

 

გარკვეული პერიოდის შემდეგ პატარკაციშვილების ოჯახს მივმართე დასაქმების თხოვნით, რადგან ჩვენს ოჯახებს ძალიან უჭირდათ, მაგრამ პასუხმა დააგვიანა. შემდეგ ორჯერ წერილობით მივმართე ოჯახს, პირადად ინა გუდავაძეს ვესაუბრე: რომ მაქვს დიდი და საინტერესო გამოცდილება; რომ სახელმწიფო გადატრიალების მუხლებით დამძიმებული ბიოგრაფიით ვერავინ ბედავს ჩემს დასაქმებას, რადგან ეშინიათ ხელისუფლების შურისძიების; რომ არ ვყოფილიყავი აბსოლუტურად დარწმუნებული ჩემს ღირსებებში, ბადრის ქვრივს თხოვნით არ მივმართავდი. ჩვენება არ მიმიცია, ზიანი არავისთვის მიმიყენებია და მათი მხრიდან ასეთი ცივი დამოკიდებულება ჩვენი ოჯახებისადმი ნამდვილად დიდი უმადურობაა.

ყოფილა შემთხვევა, რომ სანთლის ფული არ გვქონია, ბევრჯერ გვიშიმშილია. მინდა, მივმართო ინა გუდავაძეს: მაინტერესებს, როგორ აუხსნით თქვენს მრავალრიცხოვან ებრაელ და ქართველ მეგობრებს, რატომ მიატოვეთ და ზურგი აქციეთ იმ ადამიანებს, რომლებმაც თავი და შვილების კეთილდღეობა, ჯანმრთელობა გაწირეს ბადრისთვის? ერთხელ მაინც მოიკითხეთ საშა მაისურაძე? კაცი, რომელმაც ბადრის გამო გაწირა თავი და ახლა მძიმე ავადმყოფია. ქართველების ღალატზე როცა საუბრობთ, თქვენ როგორ მოიქეცით? ჩემთვის ძნელია ამ სიტყვების თქმა, მაგრამ, სამწუხაროდ, რეალობა ასეთი მწარეა... ბუნება, რომელმაც  ბადრი დააჯილდოვა გულუხვობით, სიკეთით და ნიჭიერებით, სამწუხაროდ, ოჯახზე ისვენებს. როგორ ივიწყებთ იმ ხალხს, ვინც ტელეიმედიდან პირველი დღეებიდანვე თქვენთან ერთად იყო, პირნათლად გემსახურათ, თავისი გულის ნაწილი თქვენთან დატოვა და ბადრისთან ერთად ებრძოდა ნაცების ხროვას?

 

ელისო კილაძე

 

გაგრძელება. დასაწყისი იხ. ქრონიკა+ 4 (40).

ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016