აჭარის მთავრობის თავმჯდომარე არჩილ ხაბაძე და სოფლის მეურნეობის მინისტრი ზაურ ფუტკარაძე ბათუმს შემოერთებულ ტერიტორიაზე მცხოვრებ ფერმერებს შეხვდებიან და პროექტის შესახებ დეტალური ინფორმაციას გააცნობენ.
ბათუმის შემოერთებულ ტერიტორიაზე მცხოვრები 12000-მდე ფერმერი „მცირემიწიან ფერმერთა 2014 წლის საგაზაფხულო სამუშაოების ხელშეწყობის პროექტით" დახმარებას მიიღებს.
აჭარის რეგიონში პროგრამის ბენეფიციარების სიების დასაზუსტებლად მნიშვნელოვანი სამუშაოები ჩატარდა. ადგილობრივი თვითმმართველობების მიერ სიების დაზუსტებისა და ხარვეზების აღმოფხვრის შემდეგ, პროექტით წელს დაახლოებით 65 000-მდე მცირემიწიანი ფერმერი ისარგებლებს. ბენეფიციარები იქნებიან ფერმერები, რომელთაც საკუთრებაში, სარგებლობაში ან ფაქტობრივ მფლობელობაში გააჩნიათ 1.25 ჩათვლით ჰექტარის ფართობის სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთები, რომლებსაც ერთწლიანი ან მრავალწლიანი კულტურების წარმოებისთვის იყენებენ.
ფერმერები, მიწის ფართობის მიხედვით, ორ კატეგორიად დაიყოფიან და სხვადასხვა ოდენობის სარგებელს მიიღებენ. 2014 წლის საგაზაფხულო სამუშაოების ხელშეწყობის პროექტით, წელს, საქართველოს მასშტაბით დაახლოებით 800,000-მდე მცირემიწიანი ფერმერი ისარგებლებს. აღნიშნული პროქტის განხორციელება თებერვალში დაიწყება და აგვისტოში დასრულდება.
პროექტის ბიუჯეტი 90 მილიონამდე ლარს შეადგენს. პროექტს სახელმწიფო ბიუჯეტი და არაკომერციული იურიდიული პირი სოფლისა და სოფლის მეურნეობის განვითარების ფონდი დააფინანსებს.
დღესვე აჭარის სოფლის მეურენობის მინისტრის მოადგილე ავთანდილ მესხიძე ფერმერებს სოფლის მეურნეობის სამინისტროს 2014 წლის პროგრამებს გააცნობს.