ხაიშში, ყრილობის მონაწილეები უკვე შეიკრიბნენ. მათი განცხადებით, ხუდონჰესის პროექტის განხორციელების შემთხვევაში, ეკლესია და მის მიმდებარე ტერიტორიაზე არსებული სასაფლაო წყლის ქვეშ მოექცევა.
შეკრებილ ხაიშელებს და ხუდონჰესის პროექტის მოწინააღმდეგეებს, ცოტა ხნის წინ მარგვეთისა და უბისის ეპარქიის წარმომადგენლები შეუერთდნენ. ხაიშში ეპარქიის მრევლთან ერთად რამდენიმე სასულიერო პირიც იმყოფება.
ყრილობის მონაწილეების მოთხოვნაა სახელმწიფოსა და ეკლესიას შორის კონსტიტუციური შეთანხმების, კონკრეტულად კი კონკორდატის მე-7 მუხლის დაუყოვნებლივ ამოქმედება. აღნიშნული მუხლის მიხედვით, სახელმწიფომ 2002 წელს ვალდებულება აიღო, რომ დაიცვას ქვეყნის მთელს ტერიტორიაზე არსებული სიწმინდეები და ეკლესია-მონასტრები.
რამდენიმე წუთში, ყრილობის მონაწილეები სკოლის მიმდებარე ტერიტორიაზე არსებულ მოედანზე გადაინაცვლებენ, სადაც ყრილობა დაიწყება.