აღნიშნულ განცხადებაში დაზარალებულების მოთხოვნებთან დაკავშირებით განმარტებებია გაკეთებული.
„ხანძრის შედეგად დაზარალებულ მეწარმეებს, ასევე მათი საინიციატივო ჯგუფის წევრებს არაერთხელ შეხვდნენ, როგორც პირადად ფინანსთა მინისტრი ნოდარ ხადური, ასევე ფინანსთა სამინისტროსა და შემოსავლების სამსახურის წარმომადგენლები.
საქართველოს ფინანსთა სამინისტრომ შეასრულა მიცემული დაპირება და თავისი უფლებამოსილების ფარგლებში ყველაფერი გააკეთა დაზარალებულთა დასახმარებლად. ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურმა გაითვალისწინა შექმნილი ვითარება და დაზარალებულებს წლიური დეკლარაციების წარდგენის ვადა გადაუვადა. ამასთან, სამინისტროს შუამდგომლობით დაზარალებულებმა უსასყიდლოდ მიიღეს საკონტროლო-სალარო აპარატები.
საქართველოს ფინანსთა მინისტრმა, ნოდარ ხადურმა პირადად გაუგზავნა თხოვნის წერილები ბანკების ხელმძღვანელებს, რათა მათ შექმნილი გარემოების არაორდინალურობის გათვალისწინებით, მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად ბანკებისადმი არსებული დავალიანების საკითხისთვის გადაეხედათ.
გარდა ამისა, საქართველოს ფინანსთა სამინისტრომ გამოთქვა მზადყოფნა დაზარალებულებს გაწეოდათ კვალიფიციური იურიდიული კონსულტაცია, რისთვისაც მიმართა არასამთავრობო ორგანიზაციას „კონსტიტუციის 42-ე მუხლი“ და დაზარალებულთა უფლებების დაცვა სთხოვა.
საქართველოს ფინანსთა სამინისტრომ და პირადად ფინანსთა მინისტრმა დაზარალებულებს შეხვედრისას არაერთხელ სთხოვა, არ მოეხდინათ საკითხის პოლიტიზირება, მიემართათ სამართალდამცავი ორგანოებისთვის, რადგან აღნიშნული პრობლემის მოგვარების ერთადერთი სწორი გზა არის მხოლოდ სამართლებრივი პროცედურების დაცვა.
ფინანსთა სამინისტროს კომპეტენციაში არ შედის არც ხანძრის გამომწვევი მიზეზების დადგენა და არც ზარალის ოდენობის განსაზღვრა, აღნიშნული მხოლოდ გამოძიების კომპეტენციაა, რომელმაც უნდა დაადგინოს ვის ეკისრება პასუხისმგებლობა ზარალის ანაზღაურებაზე.“ – ნათქვამია განცხადებაში.