reportiori.ge - იტალიელი მწერლისა და ფილოსოფოსის უმბერტო ეკოს მიმართვა შვილიშვილს
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
პარასკევი, 08 ნოემბერი, 2024. 17:31
სხვადასხვა
იტალიელი მწერლისა და ფილოსოფოსის უმბერტო ეკოს მიმართვა შვილიშვილს
ავტორი:
06 თებერვალი, 2014. 17:55

დაიზეპირე'' - ასე უწოდა შვილიშვილისადმი საახალწლო მიმართვას იტალიელმა მწერალმა და ფილოსოფოსმა უმბერტო ეკომ.


შემთხვევით როდი დაურქმევია ეს სახელწოდება - ბარათი მიუძღვნა ყველაზე მნიშვნელოვანს, რაც ჰქონდა და აქვს ადამიანს - მეხსიერებას. წერილი მართლაც შთამბეჭდავია, ამიტომაც ვუზიარებთ ჩვენს მკითხველს.



ჩემო ძვირფასო შვილიშვილო! არ მინდა, რომ ეს საშობაო წერილი მეტისმეტად დამრიგებლურად ჟღერდეს, დე ამიჩისის მსგავსად, გასწავლიდეს მოყვასის, კაცობრიობის სიყვარულს და მსგავს რამეებს. შენ ამას არც მოუსმენდი (უკვე დიდი ხარ, მე კი - მეტისმეტად მოხუცი), რადგან ფასეულობების სისტემა იმდენად შეიცვალა, ჩემი რეკომენდაციები შეიძლება უადგილოც კი აღმოჩნდეს.



მაშ ასე, მინდა ერთადერთი რჩევა მოგცე, რომელიც შეიძლება პრაქტიკულად გამოგადგეს უკვე ახლა, როცა შენს პლანშეტში ხარ თავჩარგული. არ მოგცემ შენიშვნას, რომ შეეშვა მაგ საქმიანობას, რათა სულელ მოხუცად არ ჩამთვალო. მით უმეტეს, თავადაც ვიყენებ მას.


უკიდურეს შემთხვევაში, შეიძლება გირჩიო, ყურადღება არ შეაჩერო ასობით პორნოგრაფიულ საიტზე, რომლებიც სექსუალურ თამაშებს წარმოაჩენენ ადამიანებს შორის, ადამიანსა და ცხოველებს შორის. 


არ დაიჯერო, რომ სექსუალური ურთიერთობები ამ საკმაოდ მონოტონურ ქმედებებამდე მიდის. ეს სცენები იმისთვის არის მოფიქრებული, რომ შენ სახლში დაგაბან, იმის ნაცვლად, რომ წახვიდე და რეალური გოგონები გაიცნო. 

ვიმედოვნებ, ჰეტეროსექსუალი ხარ. წინააღმდეგ შემთხვევაში, ჩემი რეკომენდაციები შენი სიტუაციის შესაბამისად მიიღე, ოღონდ უყურე გოგონებს სკოლაში და სათამაშო მოედნებზე. მერწმუნე, ისინი სატალევიზიო პერსონაჟებს ჯობიან და ოდესმე გაცილებით დიდ სიხარულს გაჩუქებენ, ვიდრე გოგონები ''ონლაინ''. 

დამიჯერე, რადგან მე მეტი გამოცდილება მაქვს (მე რომ მხოლოდ კომპიუტერით მეყურებინა სექსუალური თამაშებისთვის, მამაშენი არასდროს დაიბადებოდა და არც შენ გაჩნდებოდი ამქვეყნად).


თუმცა მე ამაზე სულაც არ მსურდა შენთან საუბარი, არამედ დაავადებაზე, რომელმაც შთანთქა შენი და წინამორბედი თაობა, რომელიც უკვე უნივერსიტეტებში სწავლობს. მე მეხსიერების დაკარგვაზე გელაპარაკები.


მართალია, რომ თუ მოისურვებ იმის გაგებას, ვინ არის კარლ დიდი ან სად მდებარეობს კუალა-ლუმპური, შეგიძლია მარტივად დააჭირო ღილაკს თითი და მაშინვე შეიტყო ყველაფერი ინტერნეტიდან. გააკეთე ეს, როცა დაგჭირდება, მაგრამ როდესაც საჭირო ცნობებს მიიღებ, ეცადე, მათი შინაარსი დაიხსომო, რათა მეორედ არ ეძებო, როცა ეს ცოდნა კიდევ დაგჭირდება, მაგალითად, სკოლაში. 



იცი, რა არის ცუდი? იმის შეგრძნება, რომ კომპიუტერს ნებისმიერ მომენტში შეუძლია გასცეს პასუხი შენს შეკითხვას; გიქრობს სურვილს, ინფორმაცია დაიმახსოვრო. ამ მოვლენას შემიძლია შემდეგი შედარება მოვუძებნო: როდესაც ადამიანი შეიტყობს, რომ ერთი ქუჩიდან მეორემდე შეიძლება ავტობუსით ან მეტროთი მისვლა, რაც ძალიან მოსახერხებელია, როცა ეჩქარება, რასაკვირველია, გადაწყვეტს, რომ აღარ არის აუცილებელი, ფეხით იაროს. 


მაგრამ თუ შენ სიარულს შეწყვეტ, გადაიქცევი ადამიანად, რომელიც იძულებული იქნება, ინვალიდის ეტლით გადაადგილდეს. ო, ვიცი, რომ სპორტით ხარ დაკავებული და შეგიძლია საკუთარი სხეულის მართვა, მაგრამ დავუბრუნდეთ შენს ტვინს.



მეხსიერება შენი ფეხების კუნთებს ჰგავს. თუ მათ გავარჯიშებას შეწყვეტ, ის მოდუნდება და შენ (ოღონდ არ გეწყინოს) იდიოტად გადაიქცევი. გარდა ამისა, ჩვენ ყველას გვემუქრება სიბერეში ალცჰაიმერით დასნებოვნების საშიშროება და ამ უსიამოვნების თავიდან აცილების ერთ-ერთი საშუალებაა, გამუდმებით ვავარჯიშოთ ჩვენი მეხსიერება.

აი, როგორია ჩემი რეცეპტი: ყოველ დილით ზეპირად ისწავლე რომელიმე მოკლე ლექსი, როგორც ჩვენ ბავშვობაში გვთხოვდნენ ხოლმე. შეიძლება, მეგობრებთან ერთად შეჯიბრება მოაწყო, ვის აქვს საუკეთესო მეხსიერება. 

თუ პოეზია არ მოგწონს, შეგიძლია, საფეხბურთო კლუბების შემადგენლობა დაიმახსოვრო, მაგრამ არა მხოლოდ რომის საკლუბო გუნდის მოთამაშეების სახელები უნდა იცოდე, არამედ სხვა გუნდებისაც, ასევე, მათი შემადგენლობა გასულ წლებში (წარმოიდგინე, მე მახსოვს ტურინის კლუბის მოთამაშეების სახელები, რომლებიც სუპერგის მთაზე ავიაკატასტროფას ემსხვერპლნენ: ბაჩიგალუპო, ბელარინი, მაროზო და ა.შ.). 




ჟურნალ „რეიტინგის" მასალებზე დაყრდნობით

მოამზადა რუსუდან ჯაბანიშვილმა


 

ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016