reportiori.ge - ვინ და როგორ ებრძვის ქართულ მწერლობას, ანუ გულწრფელი წერილი ბატონ ირაკლი ღარიბაშვილს!
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
პარასკევი, 08 ნოემბერი, 2024. 16:45
ანალიტიკა / პუბლიცისტიკა / წერილები
ვინ და როგორ ებრძვის ქართულ მწერლობას, ანუ გულწრფელი წერილი ბატონ ირაკლი ღარიბაშვილს!
ავტორი:
06 თებერვალი, 2014. 18:51

ბატონო ირაკლი!

არა მარტო მწერალთა, არამედ მთელი ქართველი ხალხის სახელით, შეიძლება ცოტათი დაგვიანებითაც, გილოცავთ იმ მაღალ თანამდებობას, რაც დაიკავეთ.

ჩვენ - მწერლებს გვჯერა თქვენი!

გვჯერა იმისა, რომ როგორც ნაღდი, ჭეშმარიტი მამულიშვილი, შეეცდებით მოუშუშოთ ქართველ ხალხს ის უამრავი იარა, რომელიც ავისმოსურნემ თუ უგნურმა მოყვარემ ასე დაუნდობლად და უღმერთოდ დაამჩნია ისედაც გაწამებულ და იავარქმნილ სხეულზე.

 

გვჯერა თქვენი, რამეთუ იმ მიწაში გიდგათ ფესვები, რომელსაც ამდენი რამ უნახავს და რომელსაც „ღვთისმშობლის  წილხვედრი „ქვეყანა" ანუ ჩვენი სამშობლო ჰქვია.

ქართველ კაცს გულისტკივილს რა დაულევს, მით უმეტეს მწერლებს, მაგრამ თუ რამ გადაგვაწყვეტინა ამ წერილის დაწერა, ამაზე ცოტა ქვემოთ მოგახსენებთ.

ხოლო იქამდე, შევეცდებით, არც თუ მხატვრულად დაგანახოთ ის საშინელება, რაც უკანასკნელი წლების განმავლობაში განიცადა ეროვნულმა მწიგნობრობამ.

 

ქვეყნის სათავეში ვერაგულად მოსულმა თუ მავანთა მიერ მოთრეულმა არაეროვნულმა ხელისუფლებამ მიზნად დაისახა ამოეძირკვა სწორედ ის მწერლობა, რომელსაც, ოდითგან, სიყვარულით „ერის სინდისის ძარღვი" შეარქვა ხალხმა.

რაც შეეძლოთ და როგორც შეეძლოთ, ქართველი მწერლები ეწინააღმდეგებოდნენ ამ მზაკვრულ ჩანაფიქრს, მაგრამ ბოროტება იმდენად მოძლიერდა, რომ ყოველგვარ ზღვარს გადაცდა.

გეგმა კი, ნამდვილად, „ჭკვიანურად" ჰქონდათ გათვლილი.

ამ უსასტიკეს მიზანს, თანამიმდევრობით, ნაბიჯ-ნაბიჯ ახორციელებდნენ კიდევაც...

 

დალუქეს და დააპატიმრეს მწერალთა ერთადერთი თავშესაფარი, ის ისტორიული შენობა, რომელიც დიდმა მეცენატებმა XX საუკუნის დასაწყისში სრულიად უანგაროდ გადასცეს ქართველ შემოქმედთ.

ხოლო მწერლები გამოყარეს იქიდან, რაც... კომუნისტებსაც კი არ უკადრებიათ.

და კიდევ: ორი პრეზიდენტის ნაჩუქარი... ორი შენობაც ჩამოგვართვეს!

სავალალოა, რომ ეს შენობა დღემდე არ დაგვიბრუნეს კანონიერ მესაკუთრეებს და როგორც შევიტყვეთ, მის დიდებულ ბაღში... რესტორნის გახსნასაც აპირებენ!

სააკაშვილის წყეული „ხელისუფლება", ეტყობა, ამ შენობას გასაყიდად ამზადებდა, რათა მომავალში იქ, „ევროპული ტიპის ბორდელებით" მოეწონებინა თავი!

მწარე სიმართლეა, მაგრამ დღევანდელი „მწერალთა სასახლეც" ნაცების იატაკქვეშა ბუნაგად იქცა და ათასგვარი ლგპდ თუ სხვა სახის „მიმდინარეობის" წევრთა ნაკლებობაც არ შეიმჩნევა!..

არავინ იცის, რა ბედი ეწია სასახლეში დაცულ უმდიდრეს ლიტერატურულ თუ სხვა სახის, ისტორიულად ფასდაუდებელ ნივთიერ ფონდს, რომლის შეფასებაც... უბრალოდ, შეუძლებელია!

ქართველ მწერალს საკუთარ სასახლეში ცხვირის შეყოფაც არ შეეძლო, რადგან ძნელია მიმხვდარიყავი, რას მოქმედებდნენ იქ ჩასაფრებული ავტომატიანი მოდარაჯენი.

საქართველოს მწერალთა კავშირს ჩამოართვეს ის ქონება, რაც ოდითგანვე დაუგროვდა, არც სააკაშვილისდროინდელი ე. წ. „კავშირის ხელმძღვანელები" დარჩენილან მშიერნი...

დახურეს ჟურნალები:

- „ცისკარი";

- „მნათობი";

დახურეს გაზეთი „ლიტერატურული საქართველო".

ზედ მიაყოლეს:

- ალმანახი „კრიტიკა";

- მთარგმნელობითი ჟურნალი „საუნჯე".

მწერლები გამოაძევეს ერთადერთი საბავშვო გამომცემლობიდან - „ნაკადული".

გაქრა სხვა გამომცემლობებიც:

- „მერანი";

- „განთლება";

- „სამშობლო"...

რომელი ერთი ჩამოვთვალოთ!

გაასხვისეს უძვირფასესი პოლიგრაფიული დაწესებულებბი.

დაუნდობელი ომი გამოუცხადეს... ქართულ წიგნს!

1992-93 წლებში, საქართველოში არსებული 4200 საჯარო ბიბლიოთეკიდან მხოლოდ 600-მდე გადარჩა.

წიგნადი ფონდი გახლდათ 45 მილიონი!

სულხან-საბას სახელობის წიგნის სახელმწიფო პალატა, სადაც ორ მილიონზე მეტი ქართული წიგნი ინახებოდა, საერთოდ... გაუქმდა.

იქნებ, დავითვალოთ, დღეს რამდენი წიგნია შემორჩენილი ქართულ ბიბლიოთეკაში?

არადა, ესეც საჭიროა!..

ჩვენი თვალით გვინახავს, როგორ ეყარა ქუჩაში ბიბლიოთეკებიდან გამოყრილი, ფურცლებდაგლეჯილი, გაჩანაგებული და... წასაბილწად განწირული წიგნები და ძირითადად... ქართულენოვანი!

ზემოთ საქართველოს მწერალთა სასახლე ვახსენეთ...

მისი ბიბლიოთეკა უნიკალური გახლდათ.

საქართველოში - ერთადერთი!!

ნატა ლომოურის ხელში, ეს წიგნები, დღემდე, მწერალთა სასახლის სარდაფში ჰყრია... წყალსა, სინესტესა და... გულქვაობას შორის მიტოვებული!

ბატონო ირაკლი, შეგახსენებთ, ეს ის „ვინმე" ნატა ლომოურია, რომელმაც ხმამაღლა „გამოგვიცხადა": არ გეგონოთ, რომ მწერალთა სახლი მართლა თქვენია, ძალიან ცდებითო!

მაშინ, რატომ ჰქვია „მწერალთა სახლი?"

გვჯერა, ხვალ თუ ზეგ, მიიღებთ გადაწყვეტილებას და „მწერალთა სასახლის" ბედს, მწერალს, როგორც „ზედამხედველს", მაინც გადააწყვეტინებთ!

დიდი მამულიშვილი და მკვლევარი მოსე ჯანაშვილი წერდა:

„...ქართველური ენა არის ქართველთა მოდგმის გონება, ხოლო გონება - მისი ენა და ისტორია".

ამით პირდაპირაა თქმული, რომ ენასთან ბრძოლა, მისი მოკვდინება, ერის გონებასთან და ისტორიასთან ბრძოლაა.

სხვა რაღა დარჩენოდათ, გარდა იმისა, რომ აკვანშივე" შებრძოლებოდნენ მათთვის „უცხო" - ქართულ ენას. ჯერ კიდევ პირზე რძეშეუმშრალ ბალღებს სხვათა ენაზე ატიკტიკებდნენ და ამით უდიდეს დანაშულს სჩადიოდნენ ღმერთის წინაშე, რომელმაც დედის მუცელში მყოფ სიცოცხლეს, მშობლიური ენის კოდი ჩაუნერგა სამყაროს შესაცნობად, ბუნების უდიდესი და უნიკალური წიგნის წასაკითხად...

სკოლებში აკრძალეს ქართული ენის... გრამატიკის სწავლება!

შეამცირეს და თითქმის გააქრეს ქართული ლიტერატურის სასწავლო საათები!

ივანე ჯავახიშვილის სახელობის უნივერსიტეტში დაიხურა ცნობილ ქართველ მწერალთა და მეცნიერთა სახელობის კაბინეტები!

მაგრამ, ესეც... დიდი გეგმის ერთ-ერთი მცირე ნაწილთაგანი გახლდათ!

ათასგვარი უცხოური რეკლამებითა და მედია-საშუალებებით ცდილობდნენ დაევიწყებინათ ქართველი ადამიანისთვის ეროვნული თვითმყოფადობია ანუ ის, რითაც სუნთქავდა და არსებობდა.

ამ მიზნის მისაღწევად მოგვისიეს საეჭვო წარმომავლობისა და რეპუტაციის მქონე, ე. წ. „მსოფლიო ენის მოძღვარნი", რომლებიც ბუზთა და ღრიანკალთა მსგავსად მოედვნენ მთელ საქართველოს, მის ჯანსაღ სულსა და სხეულს.

ებრძოდნენ და დღესაც ებრძვიან მართლმადიდებლობას, რადგან უღმერთოთა სახელით არიან მოსულნი.

ძირფესვიანად ძირკვავდნენ ქართულ სულიერებას.

და რადგან არავინ იყო განმკითხავი, ხარხარებდა სატანაც!


 

ბატონო ირაკლი!

ეს ღია წერილი ნამდვილად არ დაიწერებოდა, რომ არა ის უამრავი სატკივარი, რაც ქართულ მწერლობას და სააკაშვილის ხროვისგან განწირულ ერს ერთად დაუგროვდა.

ქართველი მწერლები ვიდექით იქ, სადაც მთელი ერი იდგა.

ჩვენც გვტკიოდა მისი ჭრილობა და გვახარებდა - პირზე მზემოფენილობა.

ჩვენც გვხვდებოდა ის ტყვია, რომელიც დღისით-მზისით, ქუჩაში ესროლა სააკაშვილის ხელისუფლებამ მწერალ გურამ შარაძეს.

ჩვენც ხომ იგივე „ჩარეცხილები" ვართ, ვინც ასე ურცხვად მოგვნათლა ვიღაც არაკაცმა და არაქართველმა!

და მოგვხვდა ის მჯიღიც, რაც უსინდისოდ უთავაზა მთელ საქართველოს გარეწარმა სააკაშვილმა!

შორს წაგვიყვანს ამაზე საუბარი.


 

ბატონო ირაკლი!

შევეცადეთ, მოკლედ აგვეღწერა ის სურათი, რომელშიც ამ ავბედითი ცხრა წლის (თუ მეტის არა!) განმავლობაში უწევდა არსებობა ქართულ მწერლობას, მთლიანად კულტურასა და რაც მთავარია - სრულიად საქართველოს!..

ღმერთისგან მთლად განწირულნი რომ არ ვყოფილვართ, ეს იქიდან გამოჩნდა, რომ ბატონი ბიძინა ივანიშვილი მოგვივლინა „სახედ უპოვრობისა და შემართებისად"!

მოვიდა ბატონი ბიძინა და მოიყვანა თავისი გუნდი. იმედისმომცემი და კეთილ საქმეთა მზრახველი!

უფალს ვევედრებით, რომ აღარ შევცდეთ!..

წავიდა ბატონი ბიძინა, როგორც თავად უბნობს: არც თუ ისე შორს!

ახლა თქვენ, ასე ახალგაზრდასა და ნიკოლოზ ბარათაშვილისა არ იყოს - „ყრმა-მოხუცს" გეკუთვნით სიტყვა!..

 

ბატონო ირაკლი!

წერილის დასაწყისში ქართული კულტურის იმ უსაშინლეს მდგომარეობას შევეხეთ, რაშიც უწევდა არსებობა!

ნუ გეწყინებათ, მაგრამ ვფიქრობთ, რომ იმ წყეული სააკაშვილის ხელისუფალთაგან, ბევრი „გადმოგყვათ" თქვენს გუნდში!

ისინი დღესაც „წარმართავენ" ამინდს!

ისინი დღესაც ებრძვიან ქართული სულისა და გონის აღორძინებას!..

მაშ, რა შეიძლება ვუწოდოთ თქვენი მთავრობის ერთ-ერთი ღირსეული წევრის, კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრის, მწერალ გურამ ოდიშარიას წინააღმდეგ დაწყებულ აგრესიას?!

ისინი, ვინც ასე ხელმრუდობენ, მთელ საქართველოს, მთელ ქართულ კულტურას ებრძვიან საბოლოო ჯამში!

არაფერი!

 

ბატონმა გურამმა ათეული წლის მანძილზე განადგურებულ და დამცირებულ ქართულ მწერლობას დახმარების ხელი გაუწოდა: სამასამდე მწერალს იმედი ჩაუსახა და, რაც მთავარია, მწერალთა ეროვნული აკადემიის დაარსებას შეუწყო ხელი!

და ატყდა ჭიქაში ქარიშხალი!

რატომ?

რა უფლებითო?

კიდევ ერთხელ გავიმეორებთ: საქართველოს გარეთ დაწერილი დიდი და უსაშინლესი გეგმის თანახმად საქართველო უნდა გამქრალიყო მსოფლიო რუკიდან, ხოლო მისი კულტურა უნდა გაენადგურებინათ.

გურამ ოდიშარია კი ამ გეგმის ერთ-ერთი ხელისშემშლელია!

სწორედ ამიტომ ებრძვიან მას!

ეს არამარტო ჩვენი, არამედ ქართველ მწერალთა უმეტესობის აზრია!

გვწამს, რომ ასე მსჯელობენ კულტურის დარგის სხვა მოღვაწენიც, რომლებიც რეალურად და ჩაფიქრებულად უცქერენ დღევანდელ რეალობას!


ბატონო ირაკლი! ახლა კი მთავარ სათქმელს მივადგეთ, ხოლო იქამდე მიხეილ ჯავახიშვილის წერილიდან - „ქართული წიგნი და ქართველი მწერალი", რომელიც 1924 წელს გამოქვეყნდა. ამონარიდს მოვიყვანთ:


„საერთოდ მწერლობა ერის სულიერ კულტურის ერთ-ერთ დედაბოძად ითვლება. ასე იყო ყველგან და ყოველთვის. ასეა ჩვენშიც დღესაც.


ერთის გაკვრით რომ გადავავლოთ თვალი ჩვენს შორეულსა და მახლობელ წარსულს, ადვილად დავინახავთ, რომ კულტურის ეს დარგიც მფარველობით შენდებოდა. სასულიერო მწერლობას ეკლესია აცხოვრებდა, საეროს - ხაზინა...


ყველას თვალწინ გვიდგა ტრაგიკული ბედი უეჭველ გენიოსების ვაჟა-ფშაველასი და ნიკო ბარათაშვილისა. ქართულმა რეალობამ ორივენი მიყრუებულ ბუნაგებში ჩაჰკლა და იმდენი ვერ მოახერხა, რომ მათთვის მიეცა თავისუფალი დრო და საცხოვრებელი ბინა ტფილისში. ვინ იცის, რამდენი საუნჯენი დავკარგეთ. ჩვენ ამ გაუტეხელს, ულმობელ და უძლეველ რეალობის გამო?!"


...წიგნის თვითღირებულებამ წინანდელთან შედარებით ერთი-ორად მაინც მოიმატა. ამას მოჰყვა ბაზრის შეკუმშვა, მყიდველის შემცირება, თუმცა, ამავე დროს ქართველმა მკითხველმა მრავალჯერ იმატა.


წიგნის გაიაფებისა და გავრცელების შესახებ სხვებზე ადრე და ყველაზე მეტად სახელმწიფო გამომცემლობამ (ხაზგასმა აქაც და ქვემოთაც ჩვენია, - ავტორები) უნდა იზრუნოს. ეს არის მისი სადღეისო, უმთავრესი საქმე და თუ მან იგი სძლია, მისი არსებობაც ერთი-ორად იქნება გამართლებული.


მაგრამ ეს გახლავთ საქმის ერთი ნახევარი. მეორე ნახევარს შეადგენს განსაკუთრებული მზრუნველობა და მფარველობა, რომელიც სახელმწიფომ უნდა გაუწიოს საერთოდ ხელოვნებას, და კერძოდ - მწერლობას.


ყველა წარმატებული ქვეყანა ამ საქმეზე უამრავ ენერგიასა და სახსრებს ხარჯავს. ლიტერატურის მფარველობის დანარჩენ ფორმებს თავი დავანებოთ და გავიხსენოთ მხოლოდ ერთი ფორმა: პრემიები. მარტო საფრანგეთი წლიურად ასიოდე პრემიას აძლევს სიტყვაკაზმულ მწერლობას. სახელმწიფოს გარდა ყოველწლიურ კონკურსს ნიშნავენ საზოგადო დაწესებულებანი, ქალაქები, ჟურნალ-გაზეთები, გამომცემელნი და მეცენატები. შეჯიბრება დიდი ხელწამკრავია შემოქმედებისა".

ვფიქრობთ, ყველაფერია თქმული მიხეილ ჯავახიშვილის ამ წერილით!..

იგი თითქოს დღესაა დაწერილი!

კომენტარიც ზედმეტია, მხოლოდ ცოტაოდენს დავუმატებთ:


ბატონო ირაკლი!

დროა, ხელისუფლებამ იზრუნოს ქართული მწერლობის გადარჩენისა და აღორძინებისთვის!

დროა, შეიქმნას „ქართული მწერლობის გადარჩენისა და აღორძინების" სახელმწიფო ფონდი!

სანამ საერთოდ არ გამქრალა ქართული მწერლობა, ანუ მასთან ერთად... საქართველოც, რადგან ორთავე ერთი და განუყოფელი ცნებაა!

აღარაფერს ვამბობთ ევროპის ქვეყნებზე: აქვე, ახლოს, - მეზობელ ქვეყნებში, - აზერაიჯანსა და სასომხეთში, საქმე სულ სხვაგვარადაა; იქ, უბრალოდ, სახელმწიფო სერიოზულად ზრუნავს მწერლობაზე!

ალბათ, ჩვენც უნდა გამოვიღოთ ხელი!

ბატონო ირაკლი, გვწამს, რომ გულთან ახლოს მიიტანთ ქართველ მწერალთა ამ ნაღვლიან ამოძახილს და შესაბამის ზომებსაც გაატარებთ.

რამეთუ: „სიცოცხლე წარმავალია, ხელოვნებაა მარადი"!

და კიდევ: თუნდაც იმიტომ, რომ სწორედ ქართველი მწერლები უღზრდიან სამშობლოს მომავალ თაობებს, გააქვთ მისი სახელი მსოფლიო ასპარეზზე და ყველაზე მეტად ისინი ინარჩუნებენ „ცა-ფირუზ, ხმელეთ-ზურმუხტოვან" საქართველოს!

გისურვებთ ყოველგვარ წარმატებას!

დაე, ქართველ ერს ეამაყოს თქვენი ბრძნული და გონივრული ნაბიჯებით!


საქართველოს მწერალთა ეროვნული აკადემიის სახელით:

კობა არაბული, ზაურ კალანდია, ჯემალ დავლიანიძე, თემურ შალვაძე, ავთო ჩხაიძე, ალეკო გაბელაია, გური ოტობაია, ბათუ დანელია, ვახტანგ ხარჩილავა

 

„საერთო გაზეთი"


 

19 დეკემბერი, 2015. 10:53
ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016