საქართველოს „გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის“ გენერალურმა დირექტორმა არჩილ ცაბუტაშვილმა და ქვემო ქართლის გუბერნატორმა გიორგი მღებრიშვილმა რუსთავის მერთან, მხარის გამგებლებთან და საკრებულოს თავმჯდომარეებთან სამუშაო შეხვედრა გამართეს.
შეხვედრაზე განიხილეს „გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის“ მიერ რეგიონში დაგეგმილი პროექტები. ასევე, საუბარი შეეხო ქვემო ქართლში წყალმომარაგების სფეროში არსებულ პრობლემებსა და მათი გადაჭრის გზებს.
არჩილ ცაბუტაშვილის განმარტებით, მიმდინარე წელს „გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანია“ მარნეულის, წალკის, თეთრიწყაროს, ბოლნისისა და სოფელ ახალი სამგორის წყალმომარაგების სისტემების რეაბილიტაციას გეგმავს.
"გაუმართავი წყალმომარაგების სისტემა ქვემო ქართლის მნიშვნელოვანი პრობლემაა. დღევანდელი შეხვედრაც ამ მიმართულებით გადადგმული კიდევ ერთი ნაბიჯია. მოხარული ვარ, რომ მოცემული პროექტის ფარგლებში, რამდენიმე ქალაქსა და სოფელში წყალმომარაგების სისტემის სრული რეაბილიტაცია მოხდება", - აღნიშნა გიორგი მღებრიშვილმა.
2014 წელს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანია წყალმომარაგების სფეროში სარეაბილიტაციო სამუშაოებს საქართველოს 28 ქალაქში ჩაატარებს, რისთვისაც ევროპის საინვესტიციო ბანკი 40 მილიონ ევროს გამოყოფს.