„აშშ-ის მაღალჩინოსანთა მხრიდან ევროკავშირის ძალისხმევის აშკარა შეურაცხყოფა - იშუამდგომლოს უკრაინის კრიზისში, ყოვლად მიუღებელია", - ამის შესახებ გერმანიის კანცლერმა ანგელა მერკელმა განაცხადა.
გერმანიის კანცლერის პრესმდივნის, კრისტინ ვირცის განცხადებით კი, ანგელა მერკელი სრულად უჭერს მხარს ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენლის, კეტრინ ეშტონის მიერ გაწეულ სამსახურს უკრაინის კრიზისის მოგვარებაში.
„კანცლერისთვის ეს გამონათქვამები ყოვლად მიუღებელია და მას სურს ხაზი გაუსვას, რომ კეტრინ ეშტონი მნიშვნელოვან საქმეს აკეთებს", - განაცხადა მერკელის პრესმდივანმა.
შეგახსენებთ, რომ Youtube-ზე გავრცელდა სატელეფონო ჩანაწერი, რომელშიც გავრცელებული ინფორმაციით, აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მოადგილე ვიქტორია ნულანდი და უკრაინაში აშშ-ის ელჩი ჯეფრი პაიეტი უკრაინაში შექმნილ კრიზისზე საუბრობენ. ჩანაწერის მიხედვით, საუბარი უკრაინაში მიმდინარე მოვლენებზე მიმდინარეობს, რა დროსაც ვიქტორია ნულანდმა ევროკავშირის მისამართით განაცხადა Fuck the EU.
მოგვიანებთ, ვიქტორია ნულანდმა მისთვის მიწერილი სიტყვების გამო მოიბოდიშა.