გამწვანების სამსახურის ტერიტორიაზე მცხოვრები, ლომიძეების შვიდსულიანი ოჯახი გამოსახლების მოლოდინშია. შიდა ქართლის საინფორმაციო ცენტრის ჟურნალისტები აიპი „სავანეს“ ხელმძღვანელის და ოჯახის უფროსი წევრის კამათს შეესწრნენ.
ლომიძეები მუნიციპალიტეტის საკუთრებაში მყოფი შენობის დატოვებას არ აპირებენ და ახალ სახლს ითხოვენ. გამგეობა კი მათ სხვა ბინის დასაქირავებლად თვეში 250 ლარს სთავაზობს. ხაშურის მუნიციპალიტეტის გამგებლის გოგი ბერაიას განცხადებით, ქალბატონი შენობაში, სიტყვიერი ნებართვის საფუძველზე, დროებით შესახლდა. ლომიძეების საკუთარი სახლი რამდენიმე წლის წინ დაინგრა.
„რამდენი გამგებელიც მოვიდა, იმდენი განცხადება დავწერე ახალი სახლისთვის, მაგრამ ამ განცხადებებს ერთ ადგილზე ინახავენ“, - ამბობს ოჯახის უფროსი.
(მოამზადა ლილუ მიროტაძემ)