სოფლის მეურნეობის სფეროში გაცემული სესხების და ახალი „საწარმოების“ გახნის კუთხით შიდა ქართლის რეგიონში ყველაზე ცოტა სესხი ხაშურის რაიონშია გაცემული. ამის შესახებ მუნიციპალიტეტის გამგებელს გოგი ბერაიას გორში რეგიონალური განვითარების მინისტრთან დავით ნარმანიასთან დახურულ შეხვედრის დროს მიუთითეს. გოგი ბერაიამ ნარმანიასთან შეხვედრის დეტალები ტერიტორიულ ორგანოების რწმუნებულებს გააცნო. მისი თქმით, რეგიონის სხვა ქალაქებთან შედარებით, ამ მიმართულებით, ხაშური ჩამორჩენილია.
„იცით, რომ ნარმანიასთან ვიყავი შეხვედრაზე. იქ იყო საუბარი იმაზე, რომ სოფლის მეურნეობის განვითარების კუთხით ყველაზე ცოტა სესხები ხაშურის რაიონში გაიცა. ყველაზე მეტი სესხი კასპის რაიონში, დაახლოებით - 6 მლნ ლარი. შემდეგ მოდის გორი და ქარელი. ჩვენ ბოლო ადგილზე ვართ. როგორ გააკეთა კასპის მაცხოვრებელმა და აიღო სესხი? მარტო სურვილი არ არის. ვინცა ვართ აქ, ყველას გვაქვს სურვილი, მაგრამ ბანკს აქვს თავისი პირობები და ეს პირობები უნდა დააკმაყოფილოს. უბრალოდ, მე გითხარით, რომ აი ასეთ სფეროებში მონაცემების გამოყვანა სამზეოზე, გვაძლევს სურათს, თუ რახდება ჩვენთან. ჩვენთან თუ იდეები არა აქვთ, რა თქმა უნდა, ვერ დავაძალებთ, რომ სესხი აიღონ. ეს დამოკიდებულია სხვადასხვა მიზეზებზე. შეიძლება ამაში ვერ ჩავერიოთ“, - განმარტა ბერაიამ შიდა ქართლის საინფორმაციო ცენტრთან.
ხაშურის გამგებლის თქმით, კასპის რაიონში 6 მლნ ლარის სესხი მეფრინველეობის ფერმების გახსნაზე აქვთ აღებული, ხოლო ხაშურის რაიონში, მხოლოდ, 603 ათასი ლარია გაცემული.
(მოამზადა ლილუ მიროტაძემ)