ყირიმის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი რადის ხელმძღვანელობამ კვლავ წამოსწია საკითხი ავტონომიის კონსტიტუციაში ცვლილებების შეტანის შესახებ და დახმარებისათვის რუსეთს მიმართა. რას მივაწეროთ ასეთი განცხადება და იქცევა თუ არა ყირიმი უკრაინაში ასაფეთქებელ დენთის კასრად.
ვაძიმ კარასევი: „რეგიონალურმა ელიტამ ხელისუფლების სისუსტე იგრძნო“
ყირიმის პარლამენტის მიერ განცხადებული ინიციატივა საკმაოდ ნაჩქარევი და პროვოკაციულია საიმისოდ, რომ გამძაფრდეს საერთო პოლიტიკური დესტაბილიზაცია და ქვეყნის პოლიტიკური „ფრაგმენტიზაცია“.
ნათელია, რომ ყირიმის უმაღლესი რადა ასეთი ფორმით ოპოზიციას აფრთხილებს. იმ შემთხვევაში თუ ოპოზიცია ხელისუფლებაში მოსვლას დააპირებს, ამით დააჩქარებს ყირიმის ნახევარკუნძულის შემდგომ ავტონომიზაციას და მეტიც, ყირიმის საერთო სახელმწიფოსაგან ჩამოცილებასაც კი.
პოლიტიკა პოლიტიკად, მაგრამ ასეთ შემთხვევაში, უნდა დავძინოთ, რომ ქვეყნის ერთიანობა ეს იმპერატიული, აბსოლუტური ცნებაა და პოლიტიკურ თამაშებში მისი ხურდად გამოყენება არ შეიძლება.
ასეთი ინიციატივა უნდა აღკვეთოს უკრაინის უმაღლესმა რადამ. პრეზიდენტმა - როგორც კონსტიტუციისა და ტერიტორიული მთლიანობის გარანტმა. ასეთ შემთხვევაში, მთელი ეს ავტონომიობანასა და ფედერალიზაციის თამაში არცთუ ისე სახიფათოდ მოსჩანს.
ვფიქრობ, რომ ამჟამად ცენტრალურ ხელისუფლებას კონტროლი აქვს დაკარგული რეგიონალურ ელიტაზე, რომელმაც იგრძნო ხელისუფლების სისუსტე და აგრძელებენ მისი შემდგომი დასუსტებისათვის ბრძოლას.
კოსტ ბონდარენკო: „პროკურატურამ თავის შეფასება უნდა მისცეს“
ყირიმის პარლამენტის განცხადება სეპარატიზმად უნდა შეფასდეს, რაც უკვე არის პროკურატურისათვის აღნიშნულ სიტუაციაში ჩარევის საბაბი. შესაბამისად, ეს ყველაფერი, ინიციატორთა მიმართ სერიოზული სანქციების გამოყენების მიზეზიც შეიძლება იყოს. პროკურატურამ შეფასება უნდა მისცეს. ასეთ სიტუაციაში სეპარატიზმი, უბრალოდ დაუშვებელია. ნებისმიერი სეპარატიზმი ქვეყნის გახლეჩისა და დანაწევრებისაკენ მიმართული ქმედებაა. ერთმნიშვნელოვნად, ნებისმიერი სახელმწიფო, ასეთ შემთხვევაში, მოვალეა, დაიცვას ტერიტორიული მთლიანობა.
(მოამზადა მერაბ ხაჩიძემ)