სანკტ-პეტერბურგის პოლიციამ ლგბტ მოძრაობის ოთხი აქტივისტი დააკავა, რომლებიც რუსეთში ლგბტ პირების დისკრიმინაციის საწინაღმდეგო აქციის გამართვას გეგმავდნენ.
ლგბტ-ორგანიზაცია Coming Out-ის აქტივისტები აქციის გამართვას 7 თებერვალს, სოჭის ზამთრის ოლიმპიური თამაშების გახნის დღეს გეგმავდნენ, თუმცა მათ აქციის გამართვა ვერ შეძლეს. უფლებადამცველებს მსოფლიო საზოგადოების ყურადღების მიპყრობა უნდოდათ იმ ფაქტისთვის, რომ ოლიმპიური თამაშების მასპინძელ რუსეთში მუდმივად ირღვევა ლგბტ საზოგადოების წარმომადგენელთა უფლებები.
ამასთან, რუსული მედიის ცნობით, გუშინ ლგბტ აქტივისტების აქცია გაიმართა მოსკოვის წითელ მოედანზეც. აქციის ათივე მონაწილე პოლიციამ არასანქცირებული აქციის გამართვის მოტივით დააკავა.
სოჭის ოლიმპიური თამაშების გახსნის დღეს ლგბტ აქტივისტებმა რუსეთის წინააღმდეგ საპროტესტო აქციები მსოფლიოს სხვადასხვა ქალაქებშიც გამართეს.
(მოამზადა ალა გრიგალაშვილმა)