საქართველოს სამოციქულო ავტოკეფალურ მართლმადიდებელ ეკლესიას სახელმწიფო საკუთრებაში არსებული ქონება პირდაპირი მიყიდვის ფორმით საკუთრებაში გადაეცა. შესაბამისი განკარგულების პროექტი მთავრობამ 7 თებრევლის სხდომაზე დაამტკიცა.
განკარგულების თანახმად, ეკლესიის საკუთრებაში გადავიდა თბილისში, ვაჟა-ფშაველაზე, #44 საბავშვო ბაღის მიმდებარედ არსებული 800 კვ.მ არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი და თბილისში, შავიშვილის #2-ის მიმდებარედ არსებული 245 კვ.მ და 82 კვ.მ არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთები, რომლებზეც საპატრიარქოს დაწყებული აქვს ტაძრის მშენებლობა.
საქართველოს საპატრიარქოს გადაეცა ტრეფიკინგის მსხვერპლთა, დაზარალებულთა დაცვისა და დახმარების სახელმწიფო ფონდის ბალანსზე არსებული მოძრავი ქონება და საცხოვრებელი ინვენტარი მოხუცთა ანსიონატ "დიოდორას" აღჭურვისთვის; ასევე, დაბა ქედაში, ყოფილი სასაზღვრო პოლიციის ტერიტორიაზე ერთ-ერთ დამხმარე შენობაში განთავსებული 10-ტონიანი რეზერვუარი. 5206 კვ.მ მიწის ნაკვეთი და მასზე განთავსებული შენობა-ნაგებობები, სადაც რეზერვუარი მდებარეობს, ასევე საქართველოს სამოციქულო ავტოკეფალური მართლმადიდებელი ეკლესიის საკუთრებაა.
პატრიარქის ქორეპისკოპოს იაკობის თხოვნის საფუძველზე, საქართველოს სამოციქულო ავტოკეფალურ მართლმადიდებელ ეკლესიას პირდაპირი მიყიდვის ფორმით საკუთრებაში გადაეცა სამთავროს დედათა მონასტრის მიმდებარე ტერიტორიაზე არსებული ორი მიწის ნაკვეთი, სადაც საპატრიარქო საეკლესიო ინფრასტრუქტურის განვითარებას გეგმავს.