სრულიად საქართველოს კათოლიკიოს-პატრიარქმა, უწმინდესმა და უნეტარესმა, ილია მეორემ ყოვლადწმინდა სამების საკათედრო ტაძარში წირვა აღავლინა.
მეზვერისა და ფარისევლის კვირას ეკლესია წირვაზე წმინდა სახარებიდან მეზვერისა და ფარისევლის შესახებ იგავს იხსენებს, თუ როგორ ისმინა ღმერთმა ლოცვა ყოვლად უღირსი ადამიანის, გადასახადების ამკრეფის, მეზვერესი. შეიწყალა იგი და სინანულის გამო უფრო წინ დააყენა, ვიდრე ფარისეველი. ამ იგავის გახსენებით ეკლესია მორწმუნეებს სინანულისაკენ მოუწოდებს.
მეზვერეები ძირითადად დამპყრობ რომაელებს ემსახურებოდნენ და ებრაელებს განსაკუთრებულად ეზიზღებოდათ. ფარისევლები კი ებრაული რელიგიური ელიტის წარმომადგენლები იყვნენ. იმით გამოირჩეოდნენ, რომ გარეგნულად მოსეს მიერ მიცემულ ებრაულ სჯულს ზედმიწევნით ასრულებდნენ, რაც საკმაოდ რთული იყო. ისინი ღმრთის კანონებს გარეგნულად ასრულებდნენ, მაგრამ სინანული არ ჰქონდათ.
მეზვერისა და ფარისევლის შვიდეული ხსნილია. მორწმუნეები ოთხშაბათსა და პარასკევს მარხვას არ იცავენ.
დიდმარხვის დაწყებას წინ ასევე ხორციელისა და ყველიერის კვირეები უსწრებს. წელს დიდმარხვა 3 მარტს დაიწყება და 20 აპრილს, უფლის აღდგომის დღესასწაულზე დასრულდება.
ამასთან, დღესვე ეკლესია წმინდა მღვდელმთავრის, იოანე ოქროპირის წმინდა ნაწილების აღმოყვანებას აღნიშნავს. ქრისტიანული ზნეობის მტრებთან ბრძოლის გამო წმინდა მღვდელმთავარი კონსტანტინეპოლიდან აფხაზეთში, ქალაქ კომანში გადმოასახლეს. გადასახლებაში იგი სამი წელი ცხოვრობდა და 407 წელს გარდაიცვალა. 438 წელს იმპერატორ თეოდოსი II-ის დროს წმინდა იოანე ოქროპირის ნაწილები კონსტანტინეპოლში გადაასვენეს. წმინდა იოანე ოქროპირი კონსტანტინეპოლის ეკლესიას ექვსი წელი მართავდა.
(მოამზადა ლილუ მიროტაძემ)