ენერგეტიკოსებმა, ეკონომისტებმა და არასამთავრობო ორგანიზაციებმა „თბილისი მერიოტში" შეხვედრა-დისკუსია გაიმართეს და ხუდონჰესის პროექტზე იმსჯელეს.
ხუდონჰესის ინვესტორი კომპანიის „ტრანსელექტრიკა" ტექნიკურმა დირექტორმა დავით მირცხულავამ განაცხადა, რომ სულ ახლოს იმ ადგილთან, სადაც დღეს ცხოვრობს ადგილობრივი მოსახლეობა, ახალი სოფელი აშენდება.
„ვაცხადებთ, რომ მზად ვართ ავაშენოთ სოფელი, რომლის დარი საქართველოში არცერთი არ იქნება. აქ ახალი ტექნოლოგიების წარმომადგენლები არიან. მერწმუნეთ, ყველა ნაგებობაში გათბობისთვის, ენერგოეფექტურობისთვის ულტრათანამედროვე ტექნოლოგიები იქნება გამოყენებული. სულ ახლოს იმ ადგილთან, სადაც დღეს ცხოვრობს ადგილობრივი მოსახლეობა, ახალი სოფელი აშენდება. მე მხოლოდ დღეს კი არ ვარ ხუდონის მშენებლობის მომხრე, გასული საუკუნის ოთხმოციან წლებში, როცა ახალგაზრდა ვიყავი, მაშინაც ვემხრობოდი. დღესაც მომხრე ვარ, იმიტომ, რომ მიმაჩნია, ეს არის ჩემი ქვეყნის მომავალი. განვითარების სხვა საშუალება, ეკონომიკური ზრდის სხვა საშუალება ჩვენს ქვეყანას არ გააჩნია. მინდა ვთქვა, რომ ნებისმიერ ჩვენს მეზობელ ქვეყანას, რომელსაც ბუნებრივი გაზის რესურსი გააჩნია, ნამდვილად აქვს სურვილი, რომ ჩვენთან თბოსადგურები შენდებოდეს. დღეისთვის 73-75%-ით ვართ ენერგოდამოკიდებულები მეზობელ ქვეყნებზე. ჩვენ სხვა შანსი არ გვაქვს, ჩვენი საკუთარი უნდა გამოვიყენოთ", - განაცხადა ხუდონჰესის ინვესტორი კომპანიის „ტრანსელექტრიკა" ტექნიკურმა დირექტორმა დავით მირცხულავამ.