ცნობილი რუსი მომღერლის ზემფირას პროტესტს, ოლიმპიური თამაშების გახსნის ცერემონიალზე მისი სიმღერის არაკანონიერად გაჟღერების გამო, მოსკოვის „პირველი არხის“ გენერალური დირექტორი კონსტანტინ ერნსტი გამოეხმაურა. Mn.ru-ს ინფორმაციით, როგორ მან რადიო „Эхо Москвы“-ს ეთერში განაცხადა, დიდი სიამოვნებით შეხვდება მომღერალს სასამართლოში.
„ზემფირას იმ დროიდან ვიცნობ, როცა ის საერთოდ არ იყო ცნობილი. მის პოპულარობაში ძალიან დიდი წვლილი მიმიძღვის. ზემფირამ თვითონ დაარღვია დაახლოებით 5-6 წლის წინ კონტრაქტი ჩემ კომპანიასთან. როცა „REAL Records“-დან ვურეკავდით, ტელეფონს არ იღებდა. თავისი სურვილით გაწყვიტა კონტრაქტი, თუმცა მაშინ მე სასამართლოში მისთვის არ მიჩივლია“, - აცხადებს ის.
როგორც ერნსტი აღნიშნავს, სოჭის ზამთრის ოლიმპიადის ფონზე ზემფირას ყურადღების მიქცევა უნდა თავისი საქციელით.
შეგახსენებთ, მომღერალმა პარასკევს, „სოჭი 2014“-ის გახსნის ოფიციალური ცერემონიის შემდეგ ოფიციალურ გამოაქვეყნა ტექსტი, სადაც ის ოლიმპიური თამაშების გახსნის ცერემონიის ორგანიზატორ მოსკოვის „პირველ არხს“ მისი სიმღერის უკანონოდ გამოყენებაში დაადანაშაულა. როგორც მომღერალი წერდა, მისი სიმღერის „Хочешь?“ გამოყენება საავტორო უფლებების დარღვევაა.
„გახსნა არაჩვეულებრივი იყო! გილოცავ, კოსტა! მაგრამ ეს რა ნაგვობაა! თქვენ ყველაფერს აკეთებთ რაც გინდათ?!“, -წერდა მომღერალი.
ამ დროისთვის აღნიშნული ტექსტი უკვე წაშლილია, მის ადგილას კი დევს კლიპი სახელწოდებით „Жить в твоей голове“.
(მოამზადა ლილუ მიროტაძემ)