მწერალი დათო ტურაშვილი „რეპორტიორთან" საუბარში აცხადებს, რომ აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა სამინისტროს გადაწყვეტილება მისთვის მოულოდნელი იყო.
„მე მგონია, რომ რაღაც შეცდომა და გაურკვევლობაა, აზერბაიჯანელებთან მხოლოდ მეგობრობა მაკავშირებს. 3-4 წლის წინ სამხრეთ კავკასიის სხვადასხვა რეგიონში კრებულის "სამხრეთ კავკასია" პრეზენტაცია გავმართეთ... ვიყავით მთიან ყარაბაღშიც. ეს იყო ინგლისური პროექტი და მათთან ერთად განვახორციელეთ. არანაირი საზღვარი არ გადამიკვეთია. მე ჯანდაბას, მაგრამ მონსერატ კაბალიეს რაღას ერჩოდნენ ?!"... - აცხადებს მწერალი „რეპორტიორთან".
„რეპორტიორი" აზერბაიჯანის რესპუბლიკაში საქართველოს საელჩოს დაუკავშირდა, როგორც აზერბაიჯანის რესპუბლიკაში საქართველოს საელჩოს პირველი მდივანი კახა აბდალაძე აცხადებს, საელჩოს ამ დრომდე ქართველი მწერლების "პერსონა ნონ გრატად" გამოცხადების შესახებ ოფიციალური ინფორმაცია არ მიუღია და მათთვის ჯერჯერობით, არც არასასურველ პირთა სიაა ცნობილი.
"აზერბაიჯანულ მხარეს ამის შესახებ ჯერჯერობით არაფერი უცნობებია. აზერბაიჯანის კანონმდებლობით, აკრძალულია აზერბაიჯანის ოკუპირებულ ტერიტორიებზე შესვლა ცენტრალური ხელისუფლების თანხმობის გარეშე. ეს კარგად იცის ქართულმა მხარემ. თავის დროზე, საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრომაც გაავრცელა ინფორმაცია, რომ აზერბაიჯანის ცენტრალური ხელისუფლების ნებართვის გარეშე, უცხო ქვეყნის მოქალაქეთა მიერ აზერბაიჯანის ოკუპირებულ ტერიტორიებზე შესვლა აკრძალულია", - აცხადებს კახა აბდალაძე „რეპორტიორთან" საუბარში.
შეგახსენებთ, რომ აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა სამინისტრომ 335 პირს, რომელიც აზერბაიჯანის ნებართვის გარეშე იმყოფებოდა ოკუპირებულ ტერიტორიაზე - მთიან ყარაბაღში, ქვეყნის ტერიტორიაზე შესვლა აუკრძალა.
უცხოეთის სხვადასხვა ქვეყნის მოქალაქეები შავ სიაში "აზერბაიჯანის სახელმწიფო საზღვრის" დარღვევისთვის და სუვერენიტეტის, ტერიტორიული მთლიანობის მიმართ უპატივცემულობის გამოხატვისთვის მოხვდნენ.
მწერალ დავით ტურაშვილთან ერთად აზერბაიჯანმა „პერსონა ნონ გრატად" საქართველოს მწერალთა კავშირის თავმჯდომარე მაყვალა გონაშვილი და მწერალი ბესო ხვედელიძე გამოაცხადა. სააგენტო news.az ინფორმაციით,სიაში ასევე მოხვდნენ სამხრეთ კავკასიაში ევროკავშირის ყოფილი წარმომადგენელი პიტერ სემნები, ბრიტანეთის ლორდთა პალატის წევრი ბარონესა ქეროლაინ კოქსი, რუსეთის სახელმწიფო დუმის წევრი მაქსიმ მიშენკო, იტალიელი მომღერალი ალ ბანო, მომღერალ ფილიპ კირკოროვის მამა ბედროს კირკოროვი, ოპერის ცნობილი მომღერალი მონსერატ კაბალიე.