(ამონაკრები სტატიიდან)
გეორგიევსკის ტრაქტატი, საქართველოს და რუსეთის წარმომადგენლებმა ხელი 1783 წელს რომ მოაწერეს, იყო არა მარტოოდენ საბაბი ამ ერების ერთობლივი ისტორიისა, არამედ მთელი შემდგომი დროის მანძილზე დღემდე მათი ურთიერთობის უცდომელი მორალური საზომი, სიტყვაზე მტკიცედ მდგომთა მხარის გამმაგრებელი, სიტყვის გამტეხთა მქენჯნელი და მამხილებელი..
- მხოლოდ ჭკვათარმყოფელს შეუძლია მოსთხოვოს ამჟამად მცხოვრებ რუსებს პასუხი იმისათვის, რაც უწინ მათი ერის მმართველმა წრეებმა ჩაიდინეს საქართველოს მიმართ.
- სად იყო კრწანისზე ის ორმოცდაათათასიანი მხედრობა, თელავიდან მცხეთისკენ რომ მოაცილებდა უკანასკნელ გზაზე ერეკლეს ცხედარს?
- სად იყო დანარჩენი საქართველო, სამცხე-საათაბაგო და აჭარა რომ შთანთქა თურქეთმა?
- გულწრფელად უნდა ვაღიაროთ: არ ვიცით სურდა თუ არ სურდა იმპერიის მთავრობას, მაგრამ ქართველობამ, მიუხედავად ენობრივ-სახელმწიფოებრივი უფლებების დაკარგვისა, თუმცა ფარულად, მაგრამ მხოლოდ რუსეთთან შეერთების შემდეგ იგრძნო თავი ისეთ ერთიან ორგანიზმად, დავით აღმაშენებელისა და თამარის ეპოქაში რომ ჰქონდა ადგილი.
- რუსეთის იმპერიის მიერ საქართველოს სამეფო-სამთავროების გაუქმების შემდეგ, საქართველოს ცალკეულმა კუთხეებმა შესწყვიტეს შუღლი და მტრობა და ერთ ადმინისტრაციულ ერთეულში მოქცეულნი, მჭიდროდ დაუახლოვდნენ ურთიერთს.
- ერეკლე მეორე სხვაგვარ ხელშეკრულებას არ დადებდა, რადგან მხოლოდ ამგვარი პირობები მიაჩნდა დარიალის კარიბჭის ერთად-ერთ საიმედო გასაღებად.
- იმ დღიდან დღევანდლამდე და დღეისიდან უკუნისამდე, რუსეთ-საქართველოს ურთიერთდამოკიდებულების მიზანშეწონილება, მხოლოდ გეორგიევსკის ტრაქტატით გათვალისწინებული უფლებრივი საწყაულით განიზომება.
მერაბ კოსტავა: რუსეთ-საქართველოს ურთიერთობა
1976 წლის 20 მაისი
გეორგიევსკის ტრაქტატი, საქართველოს და რუსეთის წარმომადგენლებმა ხელი 1783 წელს რომ მოაწერეს, იყო არა მარტოოდენ საბაბი ამ ერების ერთობლივი ისტორიისა, არამედ მთელი შემდგომი დროის მანძილზე დღემდე მათი ურთიერთობის უცდომელი მორალური საზომი, სიტყვაზე მტკიცედ მდგომთა მხარის გამმაგრებელი, სიტყვის გამტეხთა მქენჯნელი და მამხილებელი.
მეტი ობიექტურობისათვის საშუროდ მივიჩნიე სამი თვალსაზრისის შეწონასწორება და ამ საკითხთან მიახლება არა მარტოოდენ ქართველი კაცის, არამედ ეროვნებით რუსი და აგრეთვე მსოფლიო მოქალაქის პოზიციიდან. ამისათვის შესაძლებლობისდაგვარად რუსეთის ერის სულსაც უნდა ჩავწვდომოდი, რათა შემეგრძნო და მეაზროვნა როგორც რუს მოქალაქეს და იმ მკვიდრ დასაყრდენზეც დამედო ბინა, მსოფლიოს დიდმა მოაზროვნეებმა რომ მოჰმადლეს კაცობრიობას, ან თავად ჩემში რომ ჩამოაყალიბა შეურყევ მრწამსად ცხოვრებისეულმა გამოცდილებამ, გარდა ამისა, ჩემთვის იმთავითვე გახდა ცხადზე უცხადესი, რომ რუსეთ - საქართველოს ურთიერთობის ისტორიასთან დაკავშირებით, აზრთა ორ კატეგორიას შორის უნდა გამეკვალა გზა ჭეშმარიტებისაკენ. ერთი კატეგორია აზრებისა რამდენადმე დაფარულად არსებობდა, შექმნილ ვითარებათა გამო, დიდხანს არ ჩნდებოდა ზედაპირზე, დუღდა და იცდიდა ადამიანთა გულებში; და თუ ვინმე სიტყვაში გაცხადებას მათსას გაბედავდა, სათქმელს ხშირად ბოღმასაც ამოაყოლებდა, იმ უთქმელობით დაგროვებულ ბოღმას, იძულებითი, დუმილისგან გამოწვეული შეურაცხყოფის გრძნობა ერთის ხელის მოსმით რომ უნდა ჩამოირეცხოს, ეს გაბედული ადამიანები, სინამდვილის მართლაც აღმაშფოთებელი ფაქტებით სამართლიანად აღშფოთებულნი და უკომპრომისობის მორალური განცდით ატაცებულნი, ზოგჯერ ვერ ხედავენ, ან აღნიშვნის ღირსადაც არ თვლიდნენ მთელ რიგ დადებით მოვლენებსაც. მეორე სახეობა აზრებისა, ოფიციოზის წრეებში, ან მათ გარშემო ყალიბდებოდა და რამდენადმე დოგმების ელფერს იძენდა. საყოველთაო კეთილდღეობის სურათის შექმნით იგი მხოლოდ დადებითად წარმოაჩენდა რუსეთ-საქართველოს ურთიერთობის ისტორიას და სინამდვილის უარყოფით მხარეებს ან დუმილით უვლიდა გვერდს, ან ისტორიული გარდუვალობის მარწუხებში აქცევდა მას.
თავიდანვე უნდა აღვნიშნო გეორგიევსკის ტრაქტატის ერთობ მყარი და მაღალი მორალური საფუძველი, რაიც ამ ერთა ურთიერთშეძმობისა და შეხმატკბილების საქმეს კარგ დასაწყისს და ჩინებულ გაგრძელებას უქადდა. ტრაქტატი სამოკავშირეოდ, ხოლო ფიზიკურ ძალთა არათანაფარდობის მიუხედავად, საქართველო რუსეთის მოკავშირედ იწოდებოდა და არა ქვეშევრდომად. ოდნავადაც არ ირღვეოდა საქართველოს, როგორც სახელმწიფოს სუვერენიტეტი. ძალაში რჩებოდა ტახტის მემკვიდრეობით გადაცემა, გვირგვინის მირონით კურთხევა, ავტოკეფალიურობა ეკლესიისა, საკუთარი მონეტების მოჭრა. ქართული ენა სახელმწიფო ენად რჩებოდა და ქართული მხედრობა ერის საზღვრითა და ღირსებათა დამცველად; სავალდებულოდ ითვლებოდა ორივე მხარისათვის პარტნიორის მოყვასისა მოყვრად, ხოლო მტრისა მტრად შერაცხვა, სამხედრო და მორალური ურთიერთდახმარება.
სახელმწიფოთა შორის ამგვარი ხელშეკრულების დადების თარიღი დიახაც რომ ზარ-ზეიმით აღნიშვნის ღირსია; მაგრამ რისი ღირსია ის, რაც ტრაქტატის ხელმოწერის შემდეგ მოხდა? რაც შემდეგ მოხდა, ამისათვის მრავალი საარქივო და სამწერლო მასალა ღაღადებს და რაც მთავარია, ამ ამბავს დაწვრილებით აღწერს ივანე ჯავახიშვილი თავის საქართველოს ისტორიის მე -5 ტომში. მე მგონი მისი, როგორც მეცნიერის კომპეტენტურობასა და როგორც ადამიანის სინდისიერებაში ზედმეტია ეჭვის შეტანა.
მხოლოდ ჭკვათარმყოფელს შეუძლია მოსთხოვოს ამჟამად მცხოვრებ რუსებს პასუხი იმისათავის, რაც უწინ მათი ერის მმართველმა წრეებმა ჩაიდინეს საქართველოს მიმართ. მაგრამ გარდასულ დროთა ფაქტების მთელის სიზუსტით წარმოჩენა თუნდაც იმისთვისაა საჭირო, რომ ამ ერთა ურთიერთობისას აღარ დაიშვას იმგვარი მავნებლობანი, რასაც ადრე ჰქონდა ადგილი.
რას მივაწეროთ ეს ამბავი? მრავალ და მცირერიცხვოვან სახელმწოფოებს შორის სხვაგვარი დამოკიდებულების შეუძლებლობას, თუ იმჟამად აღორძინებული ზოგადევროპული კოლონიალიზმის უფრო დახვეწილი მეთოდებით მოქმედებას? უშვებდნენ კი საქართველოს მეფენი და მათ შორის, უპირველეს ყოვლისა ერეკლე მეორე საქმის ამგვარად წარმართვის შესაძლებლობას, როდესაც მთელის გულმოდგინებით ცდილობდნენ გამუდმებული შემოსევებისაგან დასუსტებული ქვეყანა გადაერჩინათ ერთმორწმუნე ჩრდილოელი მეზობლის შემწეობით?
ჩემის აზრით, არა, რადგან მათ არ იცოდნენ მათი თანამედროვე მსოფლიო კოლონიალიზმის, პოლიტიკისა და დიპლომატიის ისტორია; არა უწყოდნენ იმჟამინდელ ევროპელთა მეთოდურობაზე, ორგანიზებულობასა და თანმიმდევრულობაზე სხვათა, თუ ახალ მიწებზე ფეხმოკიდების საქმეში, რაც სავსებით განსხვავდებოდა დროებითი შემოსევებისა და ხარკის დადების მოძველებული აზიური მეთოდებისაგან; არ იცოდნენ ასიმილირების იმ უნარისა და მისწრაფების შესახებ, მზარდ ახალგაზრდა ერებს რომ გააჩნდათ.
ერეკლეს მარტოოდენ რუსეთის ჯარისთვის როდი გაუხსნია ვახტანგ გორგასლანის მიერ ოდესღაც მტკიცედ ჩარაზული დარიალის კარიბჭე, არამედ რამდენადმე რუსული ლიტერატურის სტიმულირებისთვისაც. მაგრამ იმჟამად, რუს მოღვაწეთათვის საქართველოს ისტორიისა და კულტურის კარიბჭე დახშული აღმოჩნდა. მათ საქართველო იზიდავდა უფრო როგორც აღმოსავლური ეგზოტიკის მხარე, ხიბლავდა ქართველთა სტუმართმოყვარეობა და სუფრის ლაზათი, მამაკაცთა რაინდული სიდარბაისლე და ქალთა კდემამოსილება, გულთბილი დამოკიდებულება და ის გაგება და თავისუფალი ატმოსფერო, რასაც ესოდენ მოკლებულნი იყვნენ თავინთ სამშობლოში. რა იცოდნენ საქართველოს დიდებულმა სტუმრებმა, რომ ამ ხალხს ჯერ კიდევ მე-12-ე საუკუნეში ჰყავდა ბუმბერაზი მსოფლიო პოეზიისა, შოთა რუსთაველი, რომელმაც ქართული პოეტური გენიის პრიზმაში აღმობრწყინდა გასაოცარი სინთეზი ძველჰინდური, ძველსპარსული, ელინური, ქრისტიანულ-თეოლოგიური, შემდგომ-აღმოსავლური და ევროპის ქრისტიანულ-რაინდული კულტურებისა. ვინ იცოდა მოწინავე რუსთაგან ქართული ენა იმდენად, რომ გაცნობოდა რუსთაველს, გურამიშვილს, სულხან-საბა ორბელიანს, ქართლის ცხოვრებას, ჰაგიოგრაფიულ ძეგლებს; ან საიდან მოეტანათ მათ რუსული თარგმანები?
ქართველოლოგიის დარგი რუსეთში გვიან იშვა და ერთობ ზანტად ვითარდებოდა. მთელი ხჳხ-ე საუკუნე ხხ -ის დასაწყისის ჩათვლით, ისევ ქართველებმა იპყრეს ხელთ რუსებისათვის ქართული კულტურის გაცნობის ინიციატივა. დაუღალავად იღწვოდნენ ამისათვის პლატონ იოსელიანი, ალექსანდრე ცაგარელი, ნიკო მარი, ალექსანდრე ხახანაშვილი, კირიონ საძაგლიშვილი, ექვთიმე თაყაიშვილი, კორნელი კეკელიძე და სხვები.
ისინი თარგმნიდნენ რუსულად ქართული ლიტერატურის ძეგლებს, აქვეყნებდნენ რუსულად შრომებს ქართული კულტურის შესახებ. ამ ხნის განმავლობაში, რუსებს არ ჰყოლიათ დიდი მასშტაბის რუსი ქართველოლოგი. გასაკვირია, მაგრამ იმჟამად ევროპელები მეტი გულისყურით ეკიდებოდნენ ქართველოლოგიის სფეროს. გავიხსენოთ თუნდაც მარი ბროსე, ოლივერ და მარჯორი უორდროპები. მაშ რას უნდა მივაწეროთ ის ფაქტი, რომ ინგლისურად უფრო ადრე ითარგმნა ,,ვეფხისტყაოსანი", სულხან-საბას ,,სიბრძნე-სიცრუისა, ,,ვისრამიანი", ილია ჭავჭავაძის ,,განდეგილი" და სხვა. რატომ არ გამოჩნდნენ იმ დროინდელ რუსეთში ისეთი დიდი მეგობრები ქართული კულტურისა და-ძმა უორდროპები და არტურ ლაისტი რომ იყვნენ? მართალია ილია ჭავჭავაძემ, ივანე მაჩაბელმა და სხვებმა ითამაშეს გადამწყვეტი როლი მათ დაინტერესებაში საქრთველოთი და მისი კულტურით, მაგრამ განა ისინი უარს ეტყოდნენ რომელიმე ინტელიგენტს რუსეთისას ისეთივე სამსახურის გაწევაზე, თუკი იგი ანალოგიური საქმისათვის გულწრფელად მოისურვებდა მათ მეგობრობას.
გულწრფელად უნდა ვაღიაროთ: არ ვიცით სურდა თუ არ სურდა იმპერიის მთავრობას, მაგრამ ქართველობამ, მიუხედავად ენობრივ-სახელმწიფოებრივი უფლებების დაკარგვისა, თუმცა ფარულად, მაგრამ მხოლოდ რუსეთთან შეერთების შემდეგ იგრძნო თავი ისეთ ერთიან ორგანიზმად, დავით აღმაშენებელისა და თამარის ეპოქაში რომ ჰქონდა ადგილი.
ვინმე რუსთაგანს ღრმად რომ სცოდნოდა, მაშინ საქართველოს წარსული და იმჟამინდელ დონემდე ჩამოქვეითების მიზეზი, შესაძლოა ქართველთა პრეტენზიებზე ასე ეპასუხა: სად იყო კრწანისზე ის ორმოცდაათათასიანი მხედრობა, თელავიდან მცხეთისკენ რომ მოაცილებდა უკანასკნელ გზაზე ერეკლეს ცხედარს? სად იყო დანარჩენი საქართველო, სამცხე-საათაბაგო და აჭარა რომ შთანთქა თურქეთმა? ჩვენ გვიკიჟინებთ, საქართველოსათვის იმჟამად სავსებით უცხოსა და უცნობ ერს: სიტყვა რად გატეხეთ, ტრაქტატით დადებული ხელშეკრულება რად დაარღვიეთო! განა მათი ივანე მრისხანის, პეტრე დიდისა და ეკატერინე მეორის წინაშე დადებული ფიცი დავარღვიეთ: ვიბრძოლოთ და ვიღვაწოთ რუსეთის იმპერიის გასაფართოებლად და საკეთილდღეოდ!
გიორგი ბრწყინვალის დროიდან დღევანდლამდე კვლავ ერთიან სამეფოდ გაერთიანება რად ვერ შესძელით? რად ვერ შესწირეს თქვენმა მეფეებმა და მთავრებმა საკუთარი სიამაყისა და პრიორიტეტის გრძნობა ერთიანი საქართველოს იდეას? გაჭირვებამ რატომ გაგთიშათ უფრო და არ შეგკრათ? შეკავშირებასა და ურთიერთდახმარებას ვიღა დაეძებს: რატომ მტრობდით და ასუსტებდით ურთიერთს? ჩვენს მოსვლამდე, განა დაკარგული არ იყო ქართლ-კახეთისათვის სამეგრელო, აფხაზეთისათვის გურია და იმერეთი და ა. შ.? განა ჩვენი მეოხებით არ ჰპოვეს კვლავაც ერთმანეთი საქართველოს კუთხეებმა? შესძლებდით უჩვენოდ კვლავ ერთიან ორანიზმად შენივთებას? და ბოლოს, დაიბრუნებდით ოდესმე ჩვენს გარეშე თურქთაგან მიტაცებულ მესხეთ- ჯავახეთსა და აჭარას? ვინ მოგანიჭათ საუკუნეების მანძილზე ნანატრი მშვიდობა, ჭრილობათა მოშუშების, დასვენების, შრომისა და სწავლა-განათლების საშუალება? გეყოლებოდათ ხჳხ-ე საუკუნის პირველ ნახევარში იმგვარად განათლებული პიროვნებები, როგორიც იყვნენ პლატონ იოსელიანი, სოლომონ დოდაშვილი, დიმიტრი ყიფიანი და ა. შ. ჩვენ რომ არ შეგვექმნა თქვენთვის პირობები ევროპულ კულტურასთან ზიარებისა? სად აღიჭურვნენ ცოდნის იარაღით თერგდალეულები, თუ არა რუსეთში?
- არა, - ვუპასუხებდით ჩვენ, - ქართველებს არც ობიექტურობა და არც ცოდვა-მადლის გრძნობა დაგვიკარგავს. ჩვენ კარგად ვიცით იმ დადებითის ფასი, რუსეთთან ურთიერთობამ რომ მოგვიტანა, რაც თავის დროზე დაინახეს და აღნიშნეს კიდეც თავიანთ შემოქმედებაში ნიკოლოზ ბარათაშვილმა და გრიგოლ ორბელიანმა.
ვიცით, რომ მესხეთ-ჯავახეთსა და აჭარას რუსეთის გარეშე ვერ დავიბრუნებდით, მაგრამ მათი დაბრუნების მოტივი საქართველოში როდი იყო, არამედ რუსეთის იმპერიის გაფართოება. მაგრამ ამისთვისაც გმადლობთ! ვიცით, რომ რუსეთის იმპერიის მიერ საქართველოს სამეფო-სამთავროების გაუქმების შემდეგ, საქართველოს ცალკეულმა კუთხეებმა შესწყვიტეს შუღლი და მტრობა და ერთ ადმინისტრაციულ ერთეულში მოქცეულნი, მჭიდროდ დაუახლოვდნენ ურთიერთს. გვახსოვს წარსულში ჩვენი მთავრებისა და ფეოდალების მზვაობრობა და გადაჭარბებული ინდივიდუალიზმი, არგონავტების მითისა არ იყოს, ვეშაპის კბილებიდან აღმოცენებული დევ-გმირებივით რომ ებრძოდნენ ურთიერთს და ხშირად პირადულს ერთიანი საქართველოს იდეაზე მაღლა აყენებდნენ, გვახსოვს, რომ ჩვენი ისტორიის მანძილზე, მხოლოდ ისეთი ზებუნებრივი ძალის მეფეებმა შესძლეს ქართული ინდივიდუალიზმის დაძლევით ქვეყნის გაერთიანება, როგორიც იყვნენ: ვახტანგ გორგასლანი, დავით აღმაშენებელი, თამარი და გიორგი ბრწყინვალე.
უდავოდ გვჭირდებოდა მშვიდობა და დასვენება, რადგან სასიცოცხლო ინტერესს წარმოადგენდა საქრთველოსათვის ევროპული კულტურისა და ცივილიზაციის უკანასკნელ მიღწევებთან ზიარება, რაც მხოლოდ ისლამური გარემოცვის გამო ვერ მოახერხა თავის დროზე ქვეყანამ.
საქართველო უხსოვარი დროიდან იდგა უძველეს სამხრეთელ და უახლეს ჩრდილოელ ხალხებს შორის და არ აძლევდა მათ აღრევის საშუალებას. იგი არა მარტო სივრცულ, არამედ დროთა შორის წყალგამყოფსაც წარმოადგენდა, რადგან ამ ხალხების კულტურათა განვითარებას თავთავიანთი დრო უნდა ჰქონოდა და მათი აღრევა არც მათი საკუთარი მისიის და არც მსოფლიო კულტურის განვითარებისთვის იყო მიზანშეწონილი. ამით დაირღვეოდა ხალხების, და აქედან გამომდინარე, კულტურათა დროში თანმიმდევრობის ურყევი მსოფლიო კანონი. ამაში გამოიხატებოდა იმჟამად საქართველოს ეზოტერული მისია. გარდა ამისა, საქართველო აღმოსავლურ და დასავლურ კულტურათა შორის გარკვეული სინთეზისა და დამაკავშირებელი რგოლის ფუნქციასაც ასრულებდა.
მომდევნო პერიოდშიც ჩვენ და სომხები ვიდექით სადარაჯოზე კავკასიონის კარიბჭესთან, როგორც სამხრეთ-აღმოსავლეთისაკენ წამოწეული ფორპოსტი ქრისტიანობისა და ვაკავებდით სამხრეთიდან დაძრულ ისლამურ ურდოებს. საუბედუროდ, ხ-ე საუკუნეში სომხეთმა დაჰკარგა სახელმწიფო, მაგრამ მისდა სასახელოდ უნდა ითქვას, რომ სარწმუნოება შეინარჩუნა, ასე რომ, დავრჩით ერთადერთ ქრისტიანულ სახელმწიფოდ კავკასიაში. ჩვენზე ბლაგვდებოდა სიბასრე ისლამურ ურდოთა მახვილისა. ჩვენ ვაცლიდით მათ კავკასიონის იმიერ მოქმედების უნარს.
რუსები სიამაყით აღნიშნავთ: რუსეთმა შეაკავაო მონღოლთა ურდოები და იხსნა ევროპა განადგურებისაგან. რად არ უკვირდებით იმ ამბავს, რომ რამდენადმე ჩვენს გამო ვერ მიაღწიეს თქვენამდე არაბთა, თემურ-ლენგის, სპარსთა და ოტომანთა იმპერიის ურდოებმა. მონღოლი დამპყრობლები საქართველოსაც შესევია და ამადაც ვუწყით, რომ მათ არ ჰქონდათ რელიგიური სისტემა და ამიტომ რელიგიურ დევნას არ ეწეოდნენ, ასე რომ ქრისტიანულ რელიგიას რუსეთში თითქმის არ განუცდია დევნა. მაგრამ ზემოთაღნიშნული ქვეყნების ისლამური მხედრობა რომ შესეოდა რუსეთს, შესძლებდა იგი ქრისტიანული რელიგიის შენარჩუნებას, ურომლისოდაც სამუდამოდ უნდა გამოსთხოვებოდა ევროპულ კულტურასთან ზიარებას? მით უმეტეს, რომ ქრისტიანობა რუსეთში არც თუ დიდი ხნის წინათ იყო ფეხმოკიდებული და გამკვიდრებული? ხომ შესძლეს სამხრეთელმა დამპყრობლებმა ჯერ კიდევ თემურ-ლენგის ხანაში ჩრდილოეთ კავკასიის გამუსლიმანება? რუსეთსაც რომ იგივე ხვედრი რგებოდა? ეს ურდოები, დამპყრობლურის გარდა, განა გააფთრებულ რელიგიურ ომებსაც არ ეწეოდნენ? მოგვიანებით ოტომანთა იმპერიას, ევროპას რომ აზანზარებდა, სამი დაბრკოლება არ უღობავდა რუსეთისაკენ გზას: შავი ზღვა, კავკასიონი და საქართველოს სამეფო? მათ რომ საქართველოს სამეფო მოეშალათ, როგორც ეს ბიზანტიის მიმართ ჩაიდინეს, მათ რომ ქართველები გაემუსლიმანებინათ, რაღა შეუშლიდათ ხელს თავიანთი იმპერიისათვის შემოემტკიცებინათ ჩრდილოეთ კავკასიის მუსულმანი ხალხები და უშუალოდ ხმელეთიდან დაკავშირებოდნენ ყირიმის სახანოს? მაშინ ხომ ფართე ფრონტითა და მთელის ძალებით უშუალოდ ხმელეთიდან მიადგებოდნენ რუსეთს, პეტრე პირველამდელი რუსეთის სამეფოს, რომელსაც ჯერ კიდევ არ ჰყავდა ევროპულ ყაიდაზე გაწვრთნილი რეგულარული ჯარები და ფლოტი, და ყირიმის სახანოსაც კი ძლივს უმკლავდებოდა
საქართველო თხუთმეტი საუკუნის მანძილზე ამაოდ როდი იქნევდა ხმალს ქრისტიანობის შესანარჩუნებლად. მას ჯერ ცეცხლთაყვანისმცემლურ, ხოლო შემდეგ მუსულმანურ გარემოცვაში უნდა შეენარჩუნებინა ქრისტიანული სამეფო, თუნდაც წერტილისოდენა არე ქრისტიანული სამყაროსი და არ მიეცა ამ გარემოცვისათვის რკალის შევიწროების საშუალება და ამ ამბავთან არა მარტო მისი არსებობა და პრესტიჟი, არამედ რუსეთის ბედიც იყო მჭიდროდ გადანასკვული. ამაში გამოიხატებოდა იმჟამად ქართველი ერისა და საქართველოს, როგორც სამეფოსა და სახელმწიფოს მისია.
მოგვიანებით, ამ რეგიონში, მსოფლიო ისტორია დილემის წინაშე დადგა: ან ჩრდილოეთ კავკასიის მუსულმანური გარემო უნდა შეერთებოდა თურქეთსა ან სპარსეთს, რისთვისაც მათ ერთობლივი ძალით უნდა გაერღვიათ შუა აღმართული ერთად-ერთი დაბრკოლება და საქართველოს სამეფოს შთანთქმით მოესპოთ ქრისტიანობა ამიერკავკასიაში; ან, პირიქით, რუსეთ-ამიერკავკასიის ქრისტიანულ სამყაროთა შესაყრელად ჩრდილოეთ კავკასიის მუსულმანური კედელი უნდა გარღვეულიყო. ამ დილემის დადებითად გადაწყვეტას მომავლისათვის არა იმდენად რელიგიური, რამდენადაც კულტურული და პოლიტიკური თვალსაზრისით ჰქონდა მნიშვნელობა, რადგან ისიც კარგად ვუწყით, რომ ქრისტიანობა გაცილებით მეტია, ვიდრე მხოლოდ რელიგია, რომ უპირველეს ყოვლისა, იგია ადამიანთმსახურება, მოყვასისადმი სიყვარული, მორალური ფანტაზიის დაუშრეტელი წყარო და მხოლოდ შემდეგ ღვთისმსახურება, ამიტომაა იგი თანამედროვე გაგებით მაღალი ჰუმანური კულტურის ერთადერთი მასაზრდოვებელი და ნურავის გაუკვირდება, თუკი მეტ ქრისტიანად ჩაითვლება ნებისმიერი სხვა რელიგიის მიმდევარი, თუგინდ ათეისტი, რომელიც ადამიანთმსახურებაში ქრისტიანული ღვთისმსახურების მიმდევარზე მაღლა დგას.ღაღადისი იგი თავად სახარებისეულია და ვისაც სმენად ყურნი ასხია, მას არა მარტო წაუკითხავს, არამედ შეუგვრძნია კიდეც, თუ რაგვარ სწერენ სიყვარულზე მოციქულნი. ამაოა ღვთისმსახურება ადამიანთმსახურების გარეშე, ერთხმად აღიარებენ ისინი და მოყვასისათვის თავდადებული კაცი უკვე ქრისტიანია, ქრისტეს სახელიც რომ არ ჰქონდეს გაგონილი. ასე ესმოდათ ქრისტიანობა საქართველოში ვახტანგ გორგასლანს, დავით აღმაშენებელს, თამარს, რუსთაველს, ვაჟა-ფშაველას, აღმოსავლეთში ალიშერ ნავოის, რუსეთში ტოლსტოის, ვლადიმერ სოლოვიოვსა და ანდრეი ბელის, დასავლეთ ევროპაში ლესინეს, ჰეგელს, გოეთეს, რუდოლფ შტაინერს და ა. შ.
ამგვარ გაგებას გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს არა მარტოოდენ კულტურის განვითარების თვალსაზრისით, არამედ სხვადასხვა რელიგიის, ეროვნების, იდეოლოგიის წარმომადგენელთა და თვით მორწმუნეებსა და ათეისტებს შორის სათნოებისა და ურთიერთმომთმენიანობის დასამყარებლად.
უსამართლოზე უსამართლო იყო ხჳხ-ე საუკუნეში კავკასიის უპირველესი გმირის, შამილის წინააღმდეგ რუსების მიერ წარმოებული ომი, მაგრამ გლობალური, თუნდაც რეგიონალური მასშტაბის კულტურულ-ისტორიული დილემების გადაწყვეტა უტრაგედიოდ და უმსხვერპლოდ არასოდეს მომხდარა...
გმირული, ხანგრძლივი და სამართლიანი იყო ქართველთა ომი მუსულმანურ გარემოცვასთან და რომ არ მისცა ზემოხსენებულ მტრულ გარემოცვას იბერიამ რკალის შევიწროების საშუალება, ამით და მხოლოდ ამით მოამზადა კავკასიაში ევროპული კულტურისა და ცივილიზაციის უკანასკნელ მიღწევათა დამკვიდრების საფუძველი, იმ კულტურისა და ცივილიზაციის თავისი უტეხი ნებისყოფის მეოხეობით რომ შემოიტანა და თითქმის ძალით დანერგა რუსეთში გიორგიევსკის ტრაქტატამდე თითქმის საუკუნით ადრე პეტრე დიდმა. უდავოა, ამგვარი საფუძვლის მომზადებაშიც გამოიხატება საქართველოს კულტურულ-ისტორიული მისია კავკასიაში.
საქართველოსთვის სასიცოცხლო პრობლემას წარმოადგენდა ევროპის მეცნიერულ, არქიტექტურულ-სამშენებლო, ადმინისტრაციულ-საორგანიზაციო, მძიმე და მსუბუქი მრეწველობის და ა.შ. მიღწევათა ათვისებაც. და ნუ დაგვაყვედრით, რომ ყოველივე ეს რუსეთის გზით უნდა მიგვეღო, ნუ დაგვაყვედრით იმას, რაც საქართველომ უთუოდ დაიმსახურა თუნდაც იმით, საუკუნეების მანძილზე სხვის მოსაქნევ ხმალსაც თავად რომ იქნევდა. განა ევროპამ დააყვედრა, ან პეტრე დიდმა ქედის მოხრით უპასუხა ევროპას იმ სულიერი ამაგისათვის, რუსეთისათვის რომ გაიღო?
პეტრე დიდს ძველი ახლისათვის რომ არ შეეწირა და არ შემოეტანა რუსეთში ქრისტიანულ-ანტიურ-არაბული კულტურების სინთეზზე აღმოცენებული ახალი ევროპული კულტურისა და ცივილიზაციის მონაპოვარი, მაშინ რუსეთის მისიაც ამოწურულად უნდა ჩაგვეთვალა, რადგან პეტრე დიდის გარეშე არც ლომონოსოვი იქნებოდა, ლომონოსოვის გარეშე კი, შემდგომი რუსული ლიტერატურა და მეცნიერება. გააფრთებული წინააღმდეგობის მიუხედავად, მან აიძულა რუსეთი მიეღო ის, რაც ადრე ბიზანტიამ უარყო და მხოლოდ ამგვარად უზრუნველყო მისი მომავალი. და ეს ყოველივე გეორგიევსკის ტრაქტატამდე თითქმის საუკუნით ადრე მოხდა, ურომლისოდაც, რუსეთ-საქართველოს ურთიერთობას სულიერი საფუძველი აღარ ექნებოდა.
დიახ! საქართველომ რუსეთის მეოხებით მოიპოვა ხანგრძლივი მშვიდობა და ევროპულ კულტურასთან ზიარების საშუალება და ჩვენც ამისათვის ყვირილით ქვეყანას შევძრავდით ეს რომ კმაროდეს კომპენსაციად იმისა, რაც საქართველოს იმჟამად წაართვეს: გამოსტაცეს ენა და სახელმწიფოებრიობა, ურომლისოდაც გარდუვალია ნებისმიერი ერის დეგრადაცია და გადაშენება. როგორ უნდა დაეშვა საქართველოს იმგვარი დეგრადაცია, რომლის მსგავსი თვით სისხლის წვიმების დროშიც არ განუცდია?
ევროპის პროგრესულ იდეებთან ზიარების შემდეგ, იგი ამას მითუფრო არ დაუშვებდა. ქართველი ერი არასოდეს ყოფილა მორჩილი და ბრმად მიმყოლი, არც თუ მარტოოდენ სხვათა კულტურების ამთვისებელი, არამედ საკუთარი კულტურის ფესვებიც ღრმად ჰქონდა დედამიწის გულისაკენ გამჯდარი და ახალი სამომავლო მორჩების გამოღებაც არ გაუჭირდებოდა. ამაში უნდა დაერწმუნებინა რუსეთი საქართველოს და გეორგიევსკის ხელშეკრულების დარღვევისთანავე, საქართველომ დაიწყო კიდეც შინაგანი ბრძოლა რუსეთის წინააღმდეგ, ბრძოლა, რომლითაც რუსეთს კი არ ასუსტებდა, არამედ საკუთარ ძალთა მობილიზებას ახდენდა შექმნილი მდგომარეობიდან თავის დასაღწევად.
სხვადასხვა კუთხის რჩეული ახალგაზრდობა, ადმინისტრაციულ ცენტრებში, თბილისსა და ქუთაისში იყრიდა თავს, სწავლა-განათლებით სულიერ კუნთებს იკაჟებდა და ცოდნის გასაღრმავებლად.
წყარო: ბესო საღარაძის „ფეისბუქ"-სტატუსი