ქუთაისის ბალანჩივაძეების სახელობის ოპერის თეატრის მმართველს ხატია ვედმედევას სიცრუის გავრცელებაში ადანაშაულებენ.
აღნიშნულის შესახებ „ნაციონალმა" კოტე რატიანმა დღეს, პარტიის ქუთაისის ოფისში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა. მისი თქმით, ვედმედევამ იცრუა, როდესაც თქვა, რომ ოპერის თეატრის რეაბილიტაციისათვის გამოყოფილი 15 მილიონი ლარიდან მხოლოდ რამდენიმე მილიონი აითვისეს. მისი თქმით, თეატრის რეაბილიტაციისათვის 3 მილიონ 650 000 ლარი იყო გამიზნული, ხოლო ვედმედევას საზოგადოება შეცდომაში შეჰყავს.
„ხატია ვედმედევა ხელისუფლების წარმომადგენელი და მათი პოლიტიკური გუნდის წევრია. ჩვენ მას არც ვპასუხობთ, რადგან არ ვთვლით ამის ღირსად, თუმცა არ გვინდა, რომ საზოგადოება შეცდომაში შევიდეს იმ სიცრუით, რომლის ტირაჟირებასაც ვედმედევა ახდენს", - განაცხადა კოტე რატიანმა.
შეგახსენებთ, რომ გასულ კვირას ვედმედევას ყოფილი თანამშრომლები დაუპირისპირდნენ და ის ოპერის ხარჯზე ვალების აღებაში დაადანაშაულეს.
„ოპერის თეატრის რეაბილიტაციისთვის 4 მილიონი კი არა 15 მილიონი ლარი იყო გამოყოფილი. რეაბილიტაციაზე არა მხოლოდ ერთი ფირმა შპს „დაგი" მუშაობდა, არამედ ბევრი სხვა ფირმაც. აღნიშნული საკითხით პროკურატურაა დაინტერესებული", - განაცხადა მაშინ ვედმედევამ.
ბრიფინგზე გაჟღერებულ 15 მილიონზე ინფორმაციას არ ფლობს ოპერის თეატრის ყოფილი მმართველი როზა დვალიშვილი.
„რაც შეეხება ფინანსების საკითხს, ეს თემა მოიკითხეთ მერიაში, ისინი იყვნენ დამკვეთი, ტენდერებს ისინი აცხადებდნენ და ჩვენ მხოლოდ ადგილზე ვაკონტროლებდით...მე არ ვიცი რა დაჯდა თეატრის რემონტი, რადგან ფინანსებს მერია განკარგავდა, ხოლო მე ჩაბარებაზე უარი განვაცხადე, რადგან იყო საკითხები, რომელიც მოსაგვარებელი დარჩა და მქონდა პრეტენზია...", - აღნიშნა როზა დვალიშვილმა.
(მოამზადა ლილუ მიროტაძემ)