საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროში ფრანგი მწერლისა და ჰუმანისტის ფრანსუა რაბლეს (1494-1553) ქართულ ენაზე თარგმნილი წიგნის „გარგანტუა და პანტაგრუელი" პრეზენტაცია გაიმართა. ღონისძიებას კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრი გურამ ოდიშარია, წიგნის მთარგმნელი გურამ გოგიაშვილი, მწერლები, გამომცემლები და სხვა მოწვეული სტუმრები დაესწრნენ.
წიგნი „გარგანტუა და პანტაგრუელი" კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს ქართული წიგნისა და ლიტერატურის ხელშეწყობის პროგრამის ფარგლებში გამოიცა. მთარგმნელმა გურამ გოგიაშვილმა წიგნის თარგმნას სრული 30 წელი მოანდომა. ხუთწიგნეული ერთ წიგნად გამომცემლობამ ‘'ბაკმი'' გამოსცა. წიგნი გამდიდრებულია ცნობილი ფრანგი მხატვრის გუსტავ დორეს ილუსტრაციებით. გამოცემაში სულ 570 ილუსტრაციაა, რასაც დღემდე ქართულ საგამომცემლო სივრცეში ანალოგი არ გააჩნია.
„გარგანტუა და პანტაგრუელი" ევროპული აღორძინების მსოფლიო მნიშვნელობის ძეგლია, რომელიც შუა საუკუნეების ფრანგულ ხალხურ შემოქმედებაზეა აღმოცენებული.
„გარგანტუა და პანტაგრუელი" დანტეს თხზულების მსგავსად, თავისი დროის მხატვრული ენციკლოპედიაა, რომელმაც როგორც ფრანგული ლიტერატურისა და სალიტერატურო ენის ფორმირებაზე, ასევე თავად მსოფლიო ლიტერატურაზე მოახდინა გავლენა.