reportiori.ge - „შავი კვადრატის“ საიდუმლო
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
პარასკევი, 08 ნოემბერი, 2024. 19:32
სხვადასხვა
„შავი კვადრატის“ საიდუმლო
ავტორი:
12 თებერვალი, 2014. 17:33



1972 წელს ინგლისელი კრიტიკოსი ჰენრი ვეიტსი წერდა:

„თითქოს რა შეიძლება იყოს ამაზე ადვილი: თეთრ ფონზე შავი კვადრატი. ამის დახატვას ნებისმიერი ადამიანი შეძლებს. მაგრამ თქვენ წარმოიდგინეთ, რომ შავი კვადრატი თეთრ ფონზე – რუსი მხატვრის კაზიმირ მალევიჩის ნახატი, რომელიც ჯერ კიდევ XX საუკუნის დასაწყისში შეიქმნა, დღემდე იზიდავს მკვლევარებსა და ფერწერის მოყვარულებს, როგორც რაღაც საკრალური, ერთგვარი მითი, როგორც რუსული ავანგარდის სიმბოლო. რით ავხსნათ ეს გამოცანა?“

 

 

შემდეგ აგრძელებს:

„ყვებიან, რომ „შავი კვადრატის“ შესრულების შემდეგ მალევიჩი კარგა ხანს ეუბნებოდა ყველას, რომ ვერც ჭამს, არც სძინავს და თავადაც ვერ გაუგია რა გააკეთა. მართლაც, ეს ნახატი – სავარაუდოდ, რაღაც რთული სამუშაოს შედეგია. შავ კვადრატს რომ ვუყურებთ, ნაბზარებიდან ვარდისფერი და იისფერი საღებავები მოსჩანს, ალბათ იყო რაღაც ფერადი კომპოზიცია, რომელიც, რაღაც მომენტში, დაიწუნა და ზემოდან შავი კვადრატით გადაფარა!“

 

 

აღმოჩენამ ააფორიაქა ხელოვნებათმცოდნეები, კულტუროლოგები და აიძულა ახსნის ძიებაში საარქივო მასალებს ჩაღრმავებოდნენ.

 

 

კაზიმირ სევერინოვიჩ მალევიჩი დაიბადა კიევში 1879 წლის 23 თებერვალს. ნიჭიერ ყმაწვილად ითვლებოდა და სასკოლო თემაში ასეთი რამ დაწერა: „მამა შაქრის ქარხნის მმართველია. თუმცა არც ისე ტკბილი ცხოვრება აქვს. მთელი დღეები ისმენს, როგორ იგინებიან გამოხდილი შაქრით გამომთვრალი მუშები, ამიტომ შინ დაბრუნებული ხშირად დედას აგინებს. როდესაც გავიზრდები მხატვარი გამოვალ. კარგი სამუშაოა. საჭირო არ არის მუშების გინება, სიმძიმეების თრევა, ჰაერში საღებავის სუნი ტრიალებს და არა შაქრის მტვრის, რომელიც ჯანმრთელობისთვის საზიანოა. კარგი ნახატი ბევრი ფული ღირს, მისი დახატვა კი ერთ დღეში შეიძლება“.

 

 

ამის წამკითხავმა დედამ ლუდვიგა ალექსანდროვნამ (გალინოვსკაია) 15 წლის შვილს საღებავების ნაკრები აჩუქა. 17 წლის მალევიჩი ნ. ი. მურაშკოს სახელობის კიევის სამხატვრო სკოლაში მიაბარეს.

 

 

1905 წლის აგვისტოში კურსკიდან მოსკოვში ჩამოვიდა და მოსკოვის ფერწერისა და ხუროთმოძღვრების სასწავლებელში ჩარიცხვის მოთხოვნა შეიტანა. თუმცა სასაწავლებელში არ მიიღეს. კურსკში დაბრუნება მალევიჩმა არ ისურვა და ლეფორტოვოს სამხატვრო კომუნაში დასახლდა. აქ, მხატვარ კურდიუმოვის დიდ სახლში ოცდაათამდე „კომუნარი“ ცხოვრობდა. ოთახის საფასური თვეში 7 მანეთი იყო – მოსკოვისთვის საკმაოდ იაფი, თუმცა მალევიჩს ხშირად ამ თანხის სესხად აღება უწევდა. 1906 წლის ზაფხულში კიდევ ერთხელ შეიტანა საბუთები მოსკოვის სასწავლებელში, თუმცა მეორედაც არ მიიღეს. 1906-10 წლებში კაზიმირი ფ.ი. რერბერგის სტუდიაში სწავლობდა.

 

 

მხატვარ ა.ა. ეკსტერის წერილიდან: „ფინანსური მდგომარეობის გამოსასწორებლად მალევიჩი ქმნის ციკლს ქალთა აბანოებზე. სურათები იაფად იყიდებოდა, საჭირო იყო მენატურე ქალების დაქირავება, მაგრამ რაღაც კაპიკები მაინც რჩებოდა. ერთხელ მენატურესთან მთელი ღამის მუშაობით დაღლილს დივანზე ჩაეძინა. სახელოსნოში შევიდა ცოლი, რათა მებაყლის ვალის გასასტუმრებელი ფული აეღო. ნახატის დანახვისას ეჭვიანობამ ისე დააბრმავა, დიდ ფუნჯს დასწვდა და ქმრის შემოქმედება შავი საღებავით გადაღება. გამოღვიძებულმა მალევიჩმა ნახატის გადარჩენა სცადა, მაგრამ უშედეგოდ – საღებავი უკვე გამშრალიყო“.

 

 

ხელოვნებთმცოდნეები თვლიან, რომ „შავი კვადრატის“ იდეა მალევიჩს სწორედ მაშინ დაებადა. მალევიჩამდე ბევრი მხატვარი ცდილობდა რაღაც მსგავსის შექმნას, მაგრამ დიდი აღიარება მათ შემოქმედებას არ მოჰყოლია.

მალევიჩი კარგად იცნობდა ფერწერის ისტორიას და ამ მცდელობების შესახებ იცოდა. ყველაზე მეტ წარმატებას ფრანგმა ჟურნალისტმა, მწერალმა და ექსცენტრიკულმა იუმორისტმა ალფონს ალემ მიაღწია. სხვათა შორის, სწორედ მას ეკუთვნის ცნობილი გამოთქმა: „ნურასდროს გადადებ ხვალისთვის იმას, რის გაკეთებაც ზეგ შეგიძლია“.

 

 

1882-93 წლებში მან მსგავსი ნახატების მთელი სერია შექმნა. თავად „არამატერიალური რეალობის შემოქმედებით კვლევებს“ ეძახდა და საკმაოდ ირონიულად აფასებდა. მაგალითად, აბსოლუტურად თეთრ ტილოს უწოდა „სისხლნაკლული გოგონები თოვლიან ქარბუქში პირველი ზიარების მისაღებად მიდიან“. წითელ ტილოს დაარქვა „აპოპლექსური კარდინალები, წითელი ზღვის ნაპირთან პომიდვრის კრეფისას“ და ა.შ.

მალევიჩს ესმოდა, რომ მსგავსი ნახატების წარმატების საიდუმლო არა თავად გამოსახულებაში, არამედ მის თეორიულ ახსნაში იყო, ამიტომ თავის „შავ სუპრემატულ კვადრატს“ არ ამზეურებდა, სანამ 1915 წელს ცნობილი მანიფესტი,- „კუბიზმიდან სუპრემატიზმისაკენ, ახალი რეალიზმი ფერწერაში“ -არ გამოაქვეყნა.

 

 

თუმცა არც ეს აღმოჩნდა საკმარისი. გამოფენამ უინტერესოდ ჩაიარა. იმ დროს მოსკოვში სხვადასხვა „იზმების“ მიმდევართა მთელი არმია იყო, რომლებმაც საზოგადოებას გვარიანად მოაბეზრეს თავი.

 

 

წარმატება მალევიჩთან მას შემდეგ მოვიდა, რაც 1929 წელს ლუნაჩარსკიმ სახვითი ხელოვნების სახალხო კომისრად დანიშნა. მალევიჩმა თანამდებობით ისარგებლა „შავი კვადრატი“ და სხვა ნამუშევრები ციურიხში მოწყობილ გამოფენაზე – „აბსტრაქტული და სიურეალისტური ფერწერა და პლასტიკა“ – წაიღო. ამას მოჰყვა პერსონალური გამოფენები ვარშავაში, ბერლინში და მიუნჰენში, სადაც გამოქვეყნდა მისი მორიგი წიგნი „უსაგნო სამყარო“. მალევიჩის „შავი კვადრატის“ დიდებამ მთელი ევროპა დაიპყრო.

 

 

მოსკოველმა „კოლეგებმა“ მალე გამოჩხრიკეს, რომ მალევიჩმა თანამდებობა საკუთარი შემოქმედების პროპაგანდისთვის გამოიყენა და საზღვარგარეთიდან 1930 წელს დაბრუნებული მხატვარი ჯაშუშობის ბრალდებით დააპატიმრეს.

 

 

ლუნაჩარსკის შუამდგომლობით, 4 თვის თავზე მალევიჩი გაათავისუფლეს, თუმცა თანამდებობის დატოვება მაინც მოუწია.

 

 

პირველი „სუპრემატული შავი კვადრატი“ 1915 წელს შეიქმნა და ამჟამად ტრეტიაკოვის გალერეაში ინახება. მეორე „შავი კვადრატი“ მალევიჩმა 1923 წელს სპეციალურად რუსული მუზეუმისთვის დახატა. მესამე – 1929 წელს (ესეც ტრეტიაკოვის გალერეაშია). მეოთხე – 1930 წელს შეიქმნა სპეციალურად ერმიტაჟისთვის. ამ მუზეუმებშია მალევიჩის სხვა ნახატებიც.

 

 

ხელოვნების ისტორიაში მალევიჩის სახელი სრულიად დამსახურებულად შევიდა. მისი „შემოქმედება“ ფსიქოლოგიის კანონის საუკეთესო ილუსტრაციაა, რომლის მიხედვითაც საშუალო სტატისტიკურ ადამიანს არ შეუძლია კრიტიკულად იფიქროს და დამოუკიდებლად გაარჩიოს „ხელოვნება“ – „არახელოვნებისგან“ და საერთოდ სიმართლე – ტყუილისგან. გაუნათლებელი უმრავლესობა თავის შეფასებებში ძირითადად საყოველთაოდ აღიარებული ავტორიტეტების აზრს ეყრდნობა, რაც საშუალებას იძლევა თვით ყველაზე აბსურდული მტკიცებულებაც კი საზოგადოებამ უეჭველ ჭეშმარიტებად მიიღოს. „მასების ფსიქოლოგიის“ თეორიაში ამ ფენომენს ასეც ჰქვია – „შავი კვადრატის ეფექტი“. ამ ფენომენის საფუძველზე დააფუძნა თავისი უმთავრესი პოსტულატი გებელსმა – „გაზეთებში ათასგზის გამეორებული ტყუილი – სიმართლედ იქცევა“. ეს სამწუხარო მეცნიერული ფაქტი დღესაც აქტიურად გამოიყენება პოლიტიკური პიარისთვის მთელ მსოფლიოში და ჩვენს ქვეყანაშიც.

 

 

(მოამზადა თამაზ ჩიქვანაიამ)

 

 

 

სტატია რუსულ ენაზე: Reportiori.ge 


 

ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016