reportiori.ge - ელისო კილაძე: “ჩემი პოლიტიკური გეგმები ახალი პოლიტიკური ძალის შექმნას უკავშირდება”
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
ხუთშაბათი, 19 სექტემბერი, 2024. 20:28
პრეს-დაიჯესტი
ელისო კილაძე: “ჩემი პოლიტიკური გეგმები ახალი პოლიტიკური ძალის შექმნას უკავშირდება”
ავტორი:
13 თებერვალი, 2014. 19:01

"დგება დრო, არენაზე ახალი, ჯანსაღი პოლიტიკური ძალები გამოჩნდნენ"

"პრემიერი" ჟურნალისტს, "ქრონიკა+"-ის მთავარ რედაქტორს ელისო კილაძეს ესაუბრა:


_ ამას წინათ საგანელიძეზე დაწერე, მე რომ პოლიტიკაში მოვალ, იმ დროისთვის ის იქ აღარ იქნებაო. მოკლედ, გადაწყვეტილი გაქვს პოლიტიკაში წასვლა?

_ სამწუხაროდ, პოლიტიკოსების დიდი ნაწილისთვის ამ ქვეყანაში საკუთარი განცხადებების უარყოფა არაფერს ნიშნავს. მართალია, საგანელიძემ განაცხადა, რომ ის პოლიტიკიდან ბიზნესში მიდის, მაგრამ ჯერჯერობით ეს მხოლოდ განცხადებაა და არა რეალური ქმედება. ის, ასევე, დიდი ხნის განმავლობაში აცხადებდა, რომ ე.წ. ჟურნალისტთა და თაღლითთა ჯგუფს სასამართლოში უჩივლებდა. მკითხველს შევახსენებ, რომ "ქრონიკა+"-ში გამოქვეყნდა უმრავლესობის ლიდერის ხელწერილის ასლი სამხედრო პოლიციის დაზვერვის დეპარტამენტთან მისი თანამშრომლობის შესახებ, რასაც მისი რეაქცია მოჰყვა ჩემი და გაზეთის მისამართით. ახლა ერთი წუთით წარმოვიდგინოთ, რომელიმე ამერიკულ წამყვან გამოცემას რომელიმე ამერიკელ სენატორზე საბჭოთა დაზვერვასთან თანამშრომლობის რაიმე დოკუმენტი რომ ჩავარდნოდა ხელში, რას იზამდა? გამოაქვეყნებდა თუ არა? ცხადია, გამოაქვეყნებდა. მე ველოდებოდი საგანელიძის მიერ სასამართლოში შეტანილ სარჩელს, მაგრამ ეს ასე არ მოხდა. უმრავლესობის ლიდერის მიერ ჩემი და გაზეთის რედაქციის მისამართით გამოთქმული შეურაცხმყოფელი გამონათქვამების გამო ჩვენ სარჩელი შევიტანეთ და სასამართლო სხდომა 5 მარტსაა დანიშნული.


_ საგანელიძე ამბობს, რომ მან კბილაშვილისა და ნაცვლიშვილისგან მოითხოვა გამოძიების დაწყება.

_ რაც შეეხება გამოძიებას, დიახ, უმრავლესობის ლიდერი აცხადებს, რომ ის არჩილ კბილაშვილსა და ლაშა ნაცვლიშვილს რამდენჯერმე ესაუბრა ამ საკითხზე. ეტყობა, დავით საგანელიძეს კიდევ ერთხელ უნდა შევახსენო, რომ პარლამენტის დეპუტატის საუბარი მთავარ პროკურორთან ფინჯან ჩაიზე, არაფერს ნიშნავს. გამოძიების დაწყების მოთხოვნით, მან წერილობით უნდა მიმართოს მთავარ პროკურატურას. მე მზად ვარ, დოკუმენტის ასლები, რომელიც გაზეთშიც გამოვაქვეყნე, გამოძიებას გადავცე. არაფერი მაქვს საწინააღმდეგო იმისა, რომ გამოიძიონ, სად, როდის, რა ვითარებაში, ვის მიერ მოხდა პოლიტიკური ლიდერების გადაბირება. სად ინახება ამ დოკუმენტების დედნები და რა დავალებებს ასრულებდნენ "ქართულ ოცნებაში" ჩანერგილი ადამიანები წინასაარჩევნო პერიოდში.


_ კონკრეტულად შენს განცხადებაზე მითხარი...

_ რაც შეეხება ჩემს განცხადებას, ნამდვილად მინდა, საგანელიძე პოლიტიკიდან 5 მარტამდე არ წავიდეს და სასამართლო პროცესში მონაწილეობა მიიღოს, როგორც უმრავლესობის ლიდერმა. პოლიტიკაში წასვლასთან დაკავშირებით გეტყვით, რომ დიახ, ნამდვილად ვფიქრობ ამაზე და სავარაუდოდ, გადაწყვეტილებას ძალიან მალე მივიღებ.


_ ახალ პოლიტიკურ ძალაზეა საუბარი თუ რაიმე კონკრეტული შემოთავაზება გაქვს?

_ წლების განმავლობაში ნამდვილად მქონდა რამდენიმე შემოთავაზება სხვადასხვა პოლიტიკური ძალების მხრიდან, მაგრამ ჩემი პოლიტიკური გეგმები ახალი პოლიტიკური ძალის შექმნას უკავშირდება და არა რომელიმე მოქმედ პოლიტიკურ პარტიაში გაწევრიანებას.


_ როგორ ფიქრობ, რამდენად კომფორტულად იგრძნობენ თავს თუნდაც მმართველი პარტიის წევრები ან ოპოზიციის წარმომადგენლები შენი პოლიტიკაში წასვლით. მათზე ხომ უამრავ ინფორმაციას ფლობ?

_ მმართველი პოლიტიკური ძალისა და ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლები ჩემი ჟურნალისტიკაში ყოფნით არანაკლებ დისკომფორტს გრძნობენ და ცხადია, არც ჩემი პოლიტიკაში გამოჩენით იქნებიან ბედნიერები, არა მხოლოდ იმიტომ, რომ მათზე ბევრ ინფორმაციას ვფლობ, არამედ იმიტომაც, რომ მათ შორის ნელ-ნელა ყველაფერი ლაგდება და ქვეყანაში გავლენის სფეროებსაც მშვენივრად იყოფენ. თუ შემომეკამათებით და მეტყვით, რომ მერაბიშვილი და ახალაია ციხეში არიან, გიპასუხებთ, რომ ამ საკითხს სხვა კუთხით შევხედოთ: უნდა თუ არა "ნაციონალურ მოძრაობას" წარსულის მძიმე შეცდომებისგან განთავისუფლება და მერაბიშვილისა და ახალაიას ქმედებებისგან დისტანცირება? ვფიქრობ, რომ უნდა, ამიტომაც ორი ფიგურის ციხეში ყოფნა არ ნიშნავს სამართლიანობის აღდგენას ან იმას, რომ 9-წლიანი დანაშაულებრივი რეჟიმი მხოლოდ ამ ორი გვარით იწყება ან მთავრდება.


_ როგორი იქნება შენი ბრძოლის ტაქტიკა?

_ პირობას გაძლევთ, რომ ოპონენტების წინააღმდეგ პოლიტიკაში აკრძალული ხერხებით ბრძოლას არ დავიწყებ და ჩემს ხელთ არსებულ კომპრომატებს არ გამოვიყენებ. შევეცდები, ისეთივე სამართლიანი და ობიექტური ვიყო პოლიტიკაშიც, როგორიც ჟურნალისტიკაში ვარ.


_ და მაინც, რამ განაპირობა შენი ასეთი გადაწყვეტილება _ აქტიური ჟურნალისტიკიდან პოლიტიკაში წასვლა?

_ მგონია, რომ გარკვეული პერიოდის შემდეგ ჟურნალისტიკაში ჩემს თავს ამოვწურავ. გპირდებით, რომ პოლიტიკაში წასვლამდე რამდენიმე სერიოზული სკანდალი ნამდვილად იქნება, მათ შორის ის დაანონსებულიც _ მთელმა საქართველომ რომ უნდა ილაპარაკოს.


_ მაგ სკანდალს მეც დიდი ინტერესით დაველოდები. მაგრამ იცი, რა მაინტერესებს? შენთვის რა არის მიუღებელი დღევანდელ პოლიტიკურ რეალობაში?

_ ამ კითხვაზე, ალბათ, უფრო ზუსტი პასუხი იქნება ის, რომ პოლიტიკური რეალობა ქვეყანაში თითქმის აღარ არსებობს. "ქართული ოცნება" შეუსრულებელი დაპირებების ფონზე რეიტინგს კარგავს, მთავარ ოპოზიციურ ძალად "ნაციონალური მოძრაობა" სწორედ "ოცნების" ინტერესებშია, საქართველოს პარლამენტის გავლენა ნულის ტოლია. პროკურატურა არის უფუნქციო, მოკლედ, შუა ნამდვილად გაკრეფილია და ახლა წინას გაკრეფის პროცესი მიმდინარეობს, ეს ის პერიოდია, როცა პოლიტიკური ველი ძველი მოთამაშეებისგან თავისუფლდება და დგება დრო, არენაზე ახალი, ჯანსაღი პოლიტიკური ძალები გამოჩნდნენ.


ალექსი ნოზაძე, გაზეთიპრემიერი"


 

ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016