პარასკევს, შეთანხმებისამებრ, არჩილ კბილაშვილს ვსტუმრობდი იურიდიულ ფირმაში, რომელსაც ოფიციალურად - შპს „მგალობლიშვილი, ყიფიანი, ძიძიგური" ეწოდება და რომელშიც იგი დღეს განაგრძობს საქმიანობას. ვეკითხები, რატომ დამუხრუჭდა სამართლიანობის აღდგენა „პოსტსააკაშვილისეულ" საქართველოში? რატომ გაჭიანურდა დამსახურებისამებრ დასჯა იმ ადამიანების...
- ვინც დასასჯელია, მარტივად რომ ვთქვათ?
- დიახ! ქვეყნის უკეთური მმართველების, უწინარეს ყოვლისა!
- მე ასე არ ვფიქრობ. მაშინ როდესაც, პროკურატურამ ბრალდება წარუდგინა წინა მთავრობის 7 მინისტრს (მათ შორის პრემიერ-მინისტრს), დედაქალაქის მერს და 300 სხვა საჯარო მოხელეს, ეს ძალიან ბევრია. ეს პროცესები დღესაც არ დასრულებულა. უბრალოდ, წინა ხელისუფლებამ საზოგადოება მიაჩვია იმას, რომ ბრალდებული ყოველთვის ციხეში უნდა მჯდარიყო და ბრალდებულის ბედი კი წინასწარ გადაწყვეტილი ყოფილიყო.
ახალმა ხელისუფლებამ ხელი აიღო ბრალდებულის ციხეში ჯდომის აუცილებლობისგან და სასამართლოც ზეწოლისაგან გაათავისუფლა. შედეგად მივიღეთ ის, რომ ბრალდებულთა ნაწილი თავისუფლებაში იმყოფება და სასამართლოც რიგ შემთხვევებში არ იზიარებს ბრალდების მხარის პოზიციას. თუ ჩვენ დემოკრატიულ გარდაქმნებს ვუჭერთ მხარს, მაშინ არასასურველი რეალობაც უნდა მივიღოთ და წყენაზე მაღლაც უნდა დავდგეთ.
- მაგრამ არა ჭეშმარიტების საზიანოდ...
- რა თქმა უნდა, არა, მაგრამ უნდა მოვახერხოთ და ემოციიდან კანონის სიმაღლეზე ავიდეთ. სააკაშვილის ხელისუფლებამ წინა მთავრობის წევრები რომ დაიჭირა, ბევრი საქმე (თუ ყველა არა) იურიდიულად გამართული არ იყო, მაგრამ იმის გამო, რომ პროკურატურა და სასამართლო პოლიტიკურად ანგაჟირებული იყო, მაინც გამამტყუნებელი განაჩენები გამოდიოდა. ამან იმ ეტაპზე საზოგადოების დიდი ნაწილის კმაყოფილება გამოიწვია, რადგან საზოგადოებამ იცოდა, რომ ვიღაცა კორუფციაში იყო ჩაფლული და ვიღაცა ძალადობდა. თუმცა ამ უკანონობამ მეორე უკანონობა წარმოშვა და იმ მთავრობის წევრებს მალე უკან ლამის მთელი საზოგადოება მიაყოლეს. 2006 წლიდან უკვე ყველამ დაინახა, რომ ხელისუფლება ძალადობდა, მაგრამ მისი შემაკავებელი ძალა საზოგადოებაში უკვე აღარ იყო.
2012 წლის არჩევნებში საზოგადოებამ გადაწყვიტა, რომ ძველებურად ცხოვრება აღარ უნდა გაგრძელებულიყო. არჩევნების შემდეგ ახალი ხელისუფლება ისეთივე ცდუნების წინაშე დადგა, როგორც 2003 წელს სააკაშვილის ხელისუფლება იდგა: საზოგადოების უმრავლესობა ამჟამადაც დაჟინებით ითხოვდა ყოფილ მმართველთა ციხეში ხილვას! ამ მოთხოვნის მსურველებს ნაკლებად აინტერესებდათ იურიდიული კაზუისტიკა. ახალი ხელისუფლების წინაშე კი გამოწვევად დადგა საკითხი: გაემეორებინა თუ არა მისი წინამორბედი ხელისუფლების შეცდომა, როცა ყველა ციხეში ჩაყარა და სასამართლოც ჯიბეში ჩაიდო. ასეთი არჩევანი ახლო დისტანციაზე პოპულარობის მომტანი და თან ძალიან იოლად განსახორციელებელი იყო, რადგან ნაციონალური ხელისუფლების მიერ დატოვებული რეპრესიის მანქანა მზად იყო მის შემოქმედსაც გულმოდგინედ გასწორებოდა, მაგრამ ამავდროულად, ეს ნაბიჯი, საბოლოო ჯამში, არც ახალ ხელისუფლებას და არც ქვეყანას კარგს არაფერს მოუტანდა. მეორეს მხრივ, მავნე ჩვევაზე ხელის აღება ახლო დისტანციაზე თავის ტკივილის მომტანი, მაგრამ საბოლოო ჯამში, საზოგადების გამაჯანსაღებელი იქნებოდა.
ამ შემთხვევაში მთელი პასუხისმგებლობა ერთმა კაცმა - ბიძინა ივანიშვილმა აიღო. მისი ხელმძღვანელობით ახალმა ხელისუფლებამ უარი თქვა უკანონობაზე, გაათავისუფლა სასამართლო ხელისუფლება და სამართლიანობის აღდგენა სამართლებრივი პროცედურებით განიზრახა. ეს ნელი და რთული პროცესია, მაგრამ სისწრაფე და მართლმსაჯულება შეუთავსებელია. დიქტატორ პინოჩეტის ხელისუფლებიდან წასვლიდან 24 წელი გავიდა, თუმცა მისი რეჟიმის საქმეების გამოძიება ჩილეში ახლაც მიმდინარეობს.
ჩვენც შეგვაჩვიეს სააკაშვილის „სამართალს": დღეს კაცს იჭერდნენ, ხვალ განაჩენი მაკდონალდის პროდუქტივით მზად იყო. ასე ესმოდათ საქართველოში სამართლიანობის დამყარება. ასეთი დამოკიდებულება თუ არ დაიძლია, იმავე წრეზე წავალთ.
- მთავარ პროკურორად ყოფნისას თქვენ გქონდათ წინადადება ბიზნესის დატერორების საქმეების გამოსაძიებლად შექმნილიყო ცალკე სპეციალური პროკურატურა, რადგან ამ სახის დანაშაული იმდენი იყო ჩადენილი, რომ არსებული ძალებით, ვერ დაძლევდით დაგროვებულ მასას.
არ შეიქმნა.
პერსპექტივაშიც სანუგეშოს ვერაფერს ხედავენ სააკაშვილის მიერ გატყავებული ადამიანები...
რამ შეგიშალათ ხელი?
- აქ გამოძიების ფორმაზე მეტად გამოძიების ჩატარების საკითხია მნიშვნელოვანი. ეს პოლიტიკური საკითხია. მას პროკურატურა ვერ გადაწყვეტს. იგი ხელისუფლებამ უნდა გადაწყვიტოს. პროკურატურა აღმასრულებელი ხელისუფლების ნაწილია და თუ მთავარი პროკურორი პრემიერის მიერ განსაზღვრულ პოლიტიკას არ დაემორჩილება, პრემიერს უფლება აქვს მთავარი პროკურორი მიზეზის დაუსახელებლად თანამდებობიდან გადააყენოს. ასეთია დღევანდელი ქართული კანონმდებლობა და ამ რეალობიდან უნდა ამოვიდეთ.
პირადად მე ვთვლი, რომ დადგა დრო, როცა უკანონო განაჩენების მსხვერპლთა და ქონებაწართმეულთა საქმეების გადახედვა უნდა დაიწყოს. ეს გადადგომის განცხადებაშიც ვთქვი. ეს ერთ-ერთი საკითხია, რაშიც ბიძინა ივანიშვილისა და ჩემი შეხედულებები ერთმანეთს არ ემთხვევა.
ამ საკითხის წარმოჩენის დროს ობიექტურობის დაცვა არის საჭირო, რადგან წამგებიანია ის პოზიცია, რომელიც ამ ინიციატივას ეწინააღმდეგება. რა სჯობია იმის თქმას, რომ უკანონობა აღმოვფხვრათ და სამართალი აღვადგინოთ. განა ივანიშვილია ამის წინააღმდეგი? არა, რა თქმა უნდა! იგი ამ პრობლემას სხვა სიმაღლიდან უყურებს. იგი მიიჩნევს, რომ ამას შეიძლება ქვეყნისთვის მძიმე ფინანსური შედეგი მოჰყვეს. ერთი მილიონიდან შეიძლება სამი მილიონის პრობლემა წარმოიშვას...
- ვერ გავიგე?
- ვთქვათ, ერთი მილიონის ქონება მე რომ წამართვეს და შემდეგ სხვას გადასცეს, იმან კიდევ სხვას და იმან კიდევ სხვას გადასცა. თუ ამ წართმეულ ქონებას მე დამიბრუნებენ სამი სხვა შემძენის ინტერესი იქნება დასაკმაყოფილებელი და სამი მილიონი გადასახდელი, საზოგადოებაში შესაძლოა გაჩნდეს დაპირისპირება ქონების გადანაწილების გამო, პრობლემები გაუჩნდეს ბიუჯეტს, ქვეყნის ეკონომიკურ სტაბილურობას, საინვესტიციო ნაკადს და ა.შ. ამიტომაა, რომ ეს კაცი სიფრთხილეს იჩენს. თორემ რატომ უნდა იყოს ვინმე წინააღმდეგი უსამართლობის აღმოფხვრის?! გაუთვლელი ნაბიჯების გადადგმით მეტი უსამართლობა არ უნდა დადგეს. მოკლედ, ასეთია ძირითადი არგუმენტები.
მაგრამ მე ვფიქრობ, შესაძლებელია ისეთი პოლიტიკის შემუშავება, რომელიც დროში იქნება გაწერილი: თავდაპირველად დადგინდება სიმართლე - ვინ რა დაკარგა. ამას რამდენიმე წელი შეიძლება დასჭირდეს. სანამ დაზარალებულთა სრული ნუსხა და ზიანის ზუსტი ოდენობა არ დადგინდება, მანამდე ბიუჯეტიდან არავინ არაფერი არ უნდა მიიღოს, რათა სხვაზე უპირატეს მდგომარეობაში არ ჩადგეს. შედეგების მიხედვით შესაძლოა კომპენსაციის წესის დადგენა, რომელიც ასევე დროში იქნება გაწერილი და ამავდროულად კომპენსაციის სხვადასხვა ფორმას გაითვალისწინებს.
ადამიანებს ძალიან აწუხებს უსამართლობა. პროკურორად ყოფნის დროს ათასამდე მოქალაქეს შევხვდი და ამ მხრივ განცდა ძალიან გამძაფრებული მაქვს, რაც კონკრეტული მაგალითებით შემიძლია დაგიმოწმოთ. ჩემთან მოსულ ადამიანებს უპირატესად სწორედ უსამართლობა აწუხებდათ - უკანონო განაჩენთა მსხვერპლნი ხშირად ამბობდნენ: ჩემს შვილებს და შვილიშვილებს რა ვუთხრა, როგორ ჩავხედოო თვალებში?!
- კანონის ძალით უნდათ თავიანთი სიმართლის დადგენა?
- დიახ, მართლები რომ არიან, - იმის. ამან შეიძლება გადაწონოს ყველა ის არგუმენტი, რომელიც საწინააღმდეგო აზრის სასარგებლოდ დაგისახელეთ.
აქ არის ის ლოგიკა, რომელიც მორალით იზომება და არა მატერიალური ზარალით. ღირებულებათა კონფლიქტი წარმოიშვება ამ დროს.
მე პირადად მგონია, რომ იმ პოლიტიკის რეალიზაციის პირობებში, რომელიც ზემოთ ვახსენე, ადამიანები - უკანონობის მსხვერპლნი - დამშვიდდებიან, უყურადღებოდ მიტოვებულის შეგრძნებას სძლევენ და მათ ცხოვრებას ხალისი მიეცემა.
ეს ორი აზრი არსებობს. საკითხი დღის წესრიგიდან მოხსნილი არ არის. ვნახოთ, მოვლენები როგორ განვითარდება.
- „იმედის" ტელეარხით გამოსვლისას თქვენ დააფიქსირეთ საკუთარი პოზიცია გირგვლიანის მკვლელობის საქმესთან დაკავშირებით. საქმე დაპირებების მიუხედავად სასამართლოს არ გადაეცა. ეს ერთი.
მეორე, რასაც საზოგადოებრიობა აგრესიულად შეხვდა, ისაა, რომ თითქოს თქვენ შეეცადეთ დამნაშავეთა ბრალის შემსუბუქებას.
- საქმე სასამართლოს როგორ არ გადაეცა?!. ყოფილ პრემიერს ერთ-ერთ ეპიზოდად სწორედ გირგვლიანის საქმის გამოძიებაზე უკანონო ზემოქმედება ედება ბრალად!
გირგვლიანის საქმესთან დაკავშირებით მთელი რიგი დანაშაულობებისა იქნა ჩადენილი. მათ შორის ყველაზე მძიმე დანაშაული ამ ადამიანის გარდაცვალებასთან არის დაკავშირებული, თორემ რა ბრძანებებიც გირგვლიანის გატაცებასთან დაკავშირებით იყო გაცემული, ისიც დანაშაულია! რაც ციხეში ხდებოდა, ისიც დანაშაულია, მაგრამ დანაშაულების ამ ჯაჭვში ყველაზე მნიშვნელოვანი (რაც ყველას აინტერესებს) არის ის, თუ რამ გამოიწვია ამ ახალგაზრდა კაცის სიცოცხლის მოსპობა - მკვლელობასთან გვაქვს საქმე, თუ სხვა უბედურ შემთხვევასთან?
უნდა გითხრათ, რომ გირგვლიანის მკვლელობის საქმის ყველა საკითხი დეტალურადაა გამოძიებული! რა ხდებოდა სუფრაზე, ვინ რა ბრძანება გასცა, ვინ ჩაისვა მანქანაში, ვისი დავალება იყო, ციხეში ვინ უქმნიდა დაპატიმრებულებს კომფორტულ პირობებს და რაში გამოიხატებოდა ეს.
მაგრამ ის გარემოება, თუ კონკრეტულად რამ გამოიწვია ადამიანის სიკვდილი, გამოძიებით ობიექტურად ჯერ ვერ არის დადგენილი.
გამოძიება ამ დროს სასურველს რეალობად ვერ წარმოაჩენს. არავის აქვს უფლება ამ საქმეში ასანთის ღერისოდენა უსწორობა დაუშვას.
გირგვლიანის გარდაცვალების უშუალო მიზეზი დადგენილია. სანდრო გირგვლიანის სიკვდილი ასფიქსიამ გამოიწვია! მაგრამ რა მოხდა - გირგვლიანს სასიკვდილო ჭრილობა ადამიანმა მიაყენა, თუ დაზიანება მან გაქცევის შემდეგ მიიღო და გარდაიცვალა, ეს დადგენილი არ არის და უნდა დადგინდეს.
აი, ამის თქმა მინდოდა, რაც, ეტყობა, გასაგებად ვერ ვთქვი „იმედში" გამოსვლისას.
- ესე იგი, ვინც აწამა, იმათ ეს დაუდგენელი მომენტი სასჯელს არ უმსუბუქებს? საზოგადოებამ თქვენი ნათქვამი აღიქვა ისე, რომ უმსუბუქებს და აღშფოთდა.
- არა, რა თქმა უნდა. რაც ახლა ვთქვი, წმინდა სამართლებრივი პოზიციაა. ხუთი კაცი ერთს რომ სცემდეს, შედეგად კი ის ერთი გარდაიცვალოს, თუ ვერ დავადგენთ, სიკვდილი რომლის დარტყმამ გამოიწვია, მკვლელობაში კონკრეტულად ვერავის დავდებთ ბრალს.
- შეიძლება კი ამ კონკრეტულ შემთხვევაში იმის დადგენა, რაზეც ვლაპარაკობთ?
- სწორედ ეს არის გამოძიების ამოცანა. აქ პროგნოზირება ძნელია. გამოძიება გრძელდება.
- ე.ი. ვერ ვამბობთ, რომ მკვლელი მაინც და მაინც ესა და ეს არის... მოძალადეთა ჯგუფს, ყველას ერთად ამ დეფინიციას ვერ მივუყენებთ. მაგრამ ადამიანის გარდაცვალება გამოიწვია ჯგუფის კოლექტიურმა ძალადობამ, კოლექტიური მკვლელის ცნება კი არ არებობს?
- არა, კოლექტიური მკვლელის ცნება არ არსებობს. ყველა დანაშაული ინდივიდუალურია. ამასთან, ზუსტად უნდა იქნეს დადგენილი ის, რომ სასიკვდილო შედეგი დამნაშავის კონკრეტულმა ქმედებამ გამოიწვია. ამას წმინდად სამართლებრივი თვალსაზრისით გეუბნებით, თორემ მორალური თვალსაზრისით, შესაძლოა საყოველთაოდ გავრცელებული საზოგადოებრივი თვალსაზრისითაც კი, რატომ არ შეიძლება გირგვლიანის გარდაცვალება მკვლელობად შეფასდეს? როდესაც ადამიანს ოქროყანის ტყეში გაიტაცებ და ეს ადამიანი თუნდაც მაშინ კვდება, როდესაც იგი თავის დაღწევას ცდილობს, ეს, ჩვეულებრივი ადამიანური განსჯით, მკვლელობაა!
- ბატონო არჩილ, მაინტერესებს თქვენი, როგორც მოქალაქის და იურისტის პოზიცია: მიგაჩნიათ თუ არა, რომ ეს და მსგავსი ტრაგედიები, რაც სააკაშვილის რეჟიმის დროს მოხდა, რამაც აღაშფოთა ჩვენი საზოგადოებრიობა, არის სწორედ რეჟიმის დანაშაული, იმ რეჟიმის, რომელიც ცრუდემოკრატებმა შეძლეს და დაამყარეს საქართველოში? უნდა გასამართლდეს თუ არა რეჟიმი?
- მოქმედი სამართალი იცნობს ინდივიდთა მიერ ჩადენილ კანონსაწინააღმდეგო ქმედებებს და პასუხისმგებლობასაც ცალკეული ქმედების ჩამდენ ინდივიდებს უწესებს. ტერმინები: „რეჟიმის დანაშაული" და „რეჟიმის გასამართლება" - ჩადენილ ქმედებათა საზოგადოებრივ-პოლიტიკური შეფასებაა. სამართლებრივი დატვირთვა შეიძლება მაშინ მიიღოს, თუკი პარლამენტი კანონის მიღების გზით ამ ცნებებს სამართლებრივ შინაარსს შესძენს, ისე, როგორც ეს მოხდა 2012 წლის 28 დეკემბერს „ამნისტიის შესახებ" კანონის მიღებისას, რომლითაც „პოლიტიკური ნიშნით დაპატიმრებული" და „პოლიტიკური ნიშნით სისხლისსამართლებრივად დევნილი პირების" სამართლებრივი ცნებები დადგინდა. ასეთი კანონის არარსებობის პირობებში საუბარი „რეჟიმის დანაშაულზე" და „რეჟიმის გასამართლებაზე" მოკლებულია სამართლებრივ საფუძველს და იგი მხოლოდ მოვლენათა საზოგადოებრივ-პოლიტიკურ შეფასებას წარმოადგენს.
არმაზ სანებლიძე,
გაზეთი „საქართველო და მსოფლიო"
(სპეციალურად "რეპორტიორისთვის")