ბოლნისის რაიონის დაბა კაზრეთში დღეს დილიდან „RMG Gold”-ის და „RMG Coppe“ 500-მდე თანამშრომელი გაიფიცა. საწარმო ამ დროისთვის ნაწილობრივ პარალიზებულია.
გაფიცულების მოთხოვნა გათავისუფლებული 180-ზე მეტი ადამიანის სამსახურში უპირობო აღდგენა, ხელფასების მინიმუმ 40-პროცენტიანი მატება და სამუშაო პირობების გაუმჯობესებაა.
მათი თქმით, მუშაობის პროცესში მათი უსაფრთხოება დაცული არ არის, ასევე მინიმალურია ანაზღაურება და ის არ შეესაბამება მათ მიერ გაწეულ შრომას.
ამ დროისთვის აქციის მონაწილეეობი კაზრეთში კულტურის სახლის წინ შეიკრიბნენ.
მათი განცხადებით, მოთხოვნების დაკმაყოფილებამდე სამუშაოს არ დაუბრუნდებიან. თანამშრომელთა ის ნაწილი კი, რომელსაც საწარმოში მუშაობა არ შეუწყვეტია, ქარხნის გაჩერებას დაუშვებლად მიიჩნევს.
საწარმოს ადმინისტრაციაში აცხადებენ, რომ ფინანსური პრობლემების გამო ამ ეტაპზე გაფიცულთა ვერცერთი მოთხოვნის დაკმაყოფილებას ვერ შეძლებენ.
ისინი მოუწოდებენ გაფიცულებს მუშაობა გააგრძელონ, რათა არ მოხდეს ოქროს საბადოს პარალიზება, საპროტესტო აქციას ორგანიზება პროფკავშირებმა გაუწიეს.