განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრი დავით დარახველიძე სამეგრელოში დევნილ მოსახლეობასთან შეხვედრას აგრძელებს. მინისტრი ამჯერად იძულებით გადაადგილებილ პირებს ხობში, წალენჯიხაში, ფოცხოში, ჩხოროწყუსა და სენაკში შეხვდა. მინისტრი ადგილზე გაეცნო დევნილთა პრობლემებს, ესაუბრა სამინისტროს გეგმებზე, ბინებით დაკმაყოფილების კრიტერიუმებზე, განსახლებაზე. დევნილებმა მინისტრთან საუბრისას აღნიშნეს, რომ დევნილობიდან 20 წლის შემდეგაც მათი მთავარი პრობლემა საბინაო საკითხების მოგვარებაა, შემდეგ კი დასაქმება. ფოცხოში მცხოვრებმა დევნილებმა მინისტრს წიწილების ფერმის მშენებლობაში დახმარება სთხოვეს. მინისტრმა აღნიშნა, რომ მიკროპროექტების დაფინანსება შესაძლებელია, რომ დევნილებს საკუთარი შემოსავალი ჰქონდეთ. დევნილთა ნაწილი შენობის რეაბილიტაციას ითხოვს, ნაწილი - დაკანონებას, ნაწილი კი ახალ შენობაში გადასვლას. როგორც დევნილებმა აღნიშნეს, პირველად მიეცათ შესაძლებლობა, პირველ პირს შეხვედროდნენ და კითხვებზე პასუხები სწორედ მისგა მიეღოთ. ეთერ ბერია, ფოცხო-ეწერში მცხოვრები აფხაზეთიდან დევნილი: „მინისტრმა სტუმრობით ძალაინ გაგვახარა. გავაცანით ჩვენი პრობლემები, ძირითადი პრობლემა მაინც დასაქმებაა. მინისტრმა მოგვისმინა, გულთან მიიტანა ჩვენი სატკივარი და იმედიანად ვართ. ძალიან მოგვეწონა მინისტრის წინადადება, თუ 7-8 000 დოლარად სოფლად სახლს ვნახავთ საკარმიდამო ნაკვეთით, სამინისტრო განიხილავს მისი შესყიდვის საკითხს. ძალიან მისაღები შემოთავზებაა. ასეთი კარგი სიტყვები არავისგან გვსმენია." დავით დარახველიძემ აღნიშნა, რომ სიტუაცია საკმაოდ რთულია: „სხვადასხვა კოლექტიურ ჩასახლებებში საკმაოდ მძიმე სურათი დაგვხვდა. მდგომარეობა დამატებით შესწავლას მოითხოვს. აუცილებელია სერიოზული გადაწყვეტილების მიღება საყოფაცხოვრებო პირობების გასაუმჯობესებლად."