ვიცე-პრემიერმა, ენერგეტიკის მინისტრმა კახა კალაძემ აზერბაიჯანული კომპანიის „სოკარ ჯორჯია გაზი“ წარმომადგენლებთან ერთად, ქარელის რაიონის სოფელ ძლევიჯვარში ახლადაშენებული გაზსადენი გახსნა.
მინისტრმა და კომპანიის წარმომადგენლებმა სოფლის ცენტრში ჩირაღდანი აანთეს.
კომპანიამ „სოკარ ჯორჯია გაზი“ სოფელ ძლევიჯვარის მიმართულებით, 15 კმ სიგრძის საშუალო წნევის გაზსადენი ააშენა. ასევე, განხორციელდა სოფლის სრული დაქსელვა, რის შედეგადაც სოფელში მცხოვრებ 330 პოტენციურ აბონენტს გაზის საერთო ქსელში ჩართვის შესაძლებლობა აქვს.
საქართველოს მთავრობასა და კომპანია „სოკარს“ შორის დადებული მემორანდუმის მიხედვით, „სოკარი“ გაზრდილი საინვესტიციო ვალდებულებების ფარგლებში, 2015 წლიდან 2017 წლამდე დამატებით 100 ათასი ოჯახის გაზიფიცირებას განახორციელებს. ენერგეტიკის სამინისტროსთან შეთანხმებული გეგმის შესაბამისად, ამ პერიოდისთვის მთელი ქვეყნის მოსახლეობის 75%-ს შესაძლებლობა ექნება ბუნებრივი აირით ისარგებლოს.
უკვე შემუშავებულია 2014 წლის გეგმა, ხოლო დანარჩენი წლების სამოქმედო გეგმის დამუშავება, ადგილობრივი მოსახლეობის პრიორიტეტების გათვალისწინებით, თითოეულ მუნიციპალიტეტთან მჭიდრო კონსულტაციების ფარგლებში მოხდება.
ამასთან, გაზგამანაწილებელი კომპანიები მოსახლეობას ოჯახში ბუნებრივი აირის შესაყვანად საჭირო თანხის რამდენიმე თვეზე გადანაწილებას სთავაზობენ. ენერგეტიკის სამინისტროსთან შეთანხმებით, აღნიშნული თანხა თვიურად 25 ლარს არ უნდა აღემატებოდეს.