reportiori.ge - თენგიზ შერგელაშვილმა მალთაყვის ტერიტორიაზე უკანონოდ აშენებული კანალიზაციის გამწმენდი ნაგებობის შესახებ განცხადება გააკეთა
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
ორშაბათი, 24 თებერვალი, 2025. 12:02
რეგიონები
თენგიზ შერგელაშვილმა მალთაყვის ტერიტორიაზე უკანონოდ აშენებული კანალიზაციის გამწმენდი ნაგებობის შესახებ განცხადება გააკეთა
ავტორი:
15 თებერვალი, 2014. 17:34

საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის პირველი მოადგილე თენგიზ შერგელაშვილი დღეს ფოთში ჩავიდა. 


შერგელაშვილმა მალთაყვის ტერიტორიაზე 2011 წელს უკანონოდ აშენებული კანალიზაციის გამწმენდი ნაგებობის შესახებ განცხადება გააკეთა.


„5,2 მილიონი ლარის ღირებულების კანალიზაციის მაღალტექნოლოგიური გამწმენდი ნაგებობა უკვე მეორე წელია, უფუნქციოდ დგას. ნაგებობა გათვლილია შეუსაბამოდ დიდ სამუშაო წარმადობაზე, რომლის მინიმალურ მაჩვენებელსაც კი ვერ უზურნველყოფს ფოთი. ამასთან, ნაგებობა დგას კერძო საკუთრებაში არსებულ მიწის ნაკვეთზე. აღნიშნული მიზეზების გამო ობიექტი ვერ შედის ექსპლუატაციაში, ხოლო საკუთრების ხელყოფის ფაქტზე სისხლის სამართლის საქმეა აღძრული. გარდა ამისა, ეჭვებს ბადებს თავად სატენდერო პროცედურების კანონიერებაც. 


2011 წლის 3 ნოემბერს მუნიციპალური განვითარების ფონდმა გამოაცხადა ელექტრონული ტენდერი ქალაქ ფოთში მალთაყვის ტერიტორიაზე მშენებარე 30 სახლიანი საცხოვრებელი უბნისთვის საკანალიზაციო გამწმენდი ნაგებობის მშენებლობაზე. სატენდერო დოკუმენტაციის თანახმად, დასაშვები იყო, პრეტენდენტს წარმოედგინა ალტერნატიული წინადადება, რითაც დარღვეული იყო "სახელმწიფო შესყიდვების შესახებ" საქართველოს კანონის მოთხოვნები


ელექტრონულ ტენდერში მონაწილეობა მიიღო ორმა პრეტენდენტმა - ... "ბლოკ-ჯორჯიამ" და "სახელმწიფო სამშენებლო კომპანიამ", საიდანაც სატენდერო კომისიის მიერ გამარჯვებულად არასწორად, ზემოაღნიშნული მოქმედი კანონმდებლობის დარღვევით, ალტერნატიული წინადადების საფუძველზე გამოვლინდა შპს "ბლოკ-ჯორჯია". შემოთავაზებული საბოლოო ფასი "სახელმწიფო სამშენებლო კომპანიას" ჰქონდა 5 250 000 ლარი, შპს "ბლოკ-ჯორჯიას" კი - 5 249 500 ლარი, ანუ 500 ლარით ნაკლები. აღსანიშნავია ისიც, რომ მიუხედავად ხუთასლარიანი სხვაობისა, "ბლოკ-ჯორჯიასთან" თავდაპირველ სახელშეკრულებო ღირებულებად განსაზღვრული 5,249.500.00 ლარი შემდგომში 18,216.41 ლარით გაიზარდა და საბოლოოდ 5,267,716.41 ლარი შეადგინა.


გარდა ამისა, დოკუმენტებით დასტურდება, რომ ტერიტორია, რომელზეც აშენდა გამწმენდი ნაგებობა, ეკუთვნის მოქალაქეებს - მარინა ვაშაკიძეს, არჩილ ხუნწარიასა და გიორგი ხუნწარიას. სწორედ მათ საკუთრებაში არსებულ მიწის ნაკვეთზე, მუნიციპალური განვითარების ფონდის დაკვეთით, 2011 წელს ტენდერში გამარჯვებულმა კომპანია "ბლოკ-ჯორჯიამ" უკანონოდ დაიწყო დევნილთა 30 სახლიანი საცხოვრებელი უბნის საკანალიზაციო გამწმენდი ნაგებობის მშენებლობა. სამშენებლო სამუშაოების ხანგრძლივობა შეადგენდა 12 თვეს და უნდა დასრულებულიყო 2012 წლის 26 დეკემბერს.
2011 წლის ივნისში, კომპანიასთან ხელშეკრულების დადებამდე, მუნიციპალური განვითარების ფონდის დაკვეთით, მომზადდა მიწის ნაკვეთების საკადასტრო აზომვითი ნახაზები გამსახურდიას და ლერმონტოვის ქუჩებზე არსებულ ნაკვეთებთან დაკავშირებით, რაც გადაეცა ქ. ფოთის საკრებულოს. 2011 წლის 1 ნოემბერს კი საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდის აღმასრულებელი დირექტორის პირველმა მოადგილემ დავით სირაძემ ქალაქ ფოთის საკრებულოს თავმჯდომარეს, ივანე საღინაძეს წარუდგინა სანებართვო მოსაკრებლის გადახდის დამადასტურებელი საბუთი და მოითხოვა ქ. ფოთში იძულებით გადაადგილებულ პირთა 30 სახლიანი საცხოვრებელი უბნის კანალიზაციის სატუმბი სადგურისა და გამწმენდი ნაგებობის მშენებლობაზე შესაბამისი ნებართვის გაცემა.


2011 წლის 15 დეკემბერს ქალაქ ფოთის საკრებულოს თავმჯდომარემ გამოსცა N420 ბრძანება. მასში აღნიშნულია, რომ მუნიციპალური განვითარების ფონდის წერილი და თანდართული დოკუმენტაცია აკმაყოფილებდა „ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ" საქართველოს კანონის, საქართველოს მთავრობის 2009 წლის 24 მარტის N57 დადგენილების „მშენებლობის ნებართვის გაცემის წესისა და სანებართვო პირობების შესახებ", „დასახლებათა ტერიტორიების გამოყენებისა და განაშენიანების რეგულირების ძირითადი დებულებების დამტკიცების თაობაზე" საქართველოს ეკონომიკური განვითარების მინისტრის 2008 წლის 8 ივლისის N1-1/1254 ბრძანებისა და საქართველოში მოქმედი ნორმატიული აქტების მოთხოვნებს. შესაბამისად, დამტკიცდა ქ. ფოთში, მალთაყვის ტერიტორიაზე 30 სახლიანი საცხოვრებელი უბნების საკანალიზაციო სატუმბი სადგურისა და გამწმენდი ნაგებობის მოწყობის მიწის ნაკვეთის სამშენებლოდ გამოყენების პირობების პროექტი. 


საკანალიზაციო სატუმბი სადგურის და გამწმენდი ნაგებობის ობიექტთან დაკავშირებით მიწის ნაკვეთის სამშენებლოდ გამოყენების პირობების პროექტი, რომელიც დაამტკიცა ქ. ფოთის საკრებულოს თავმჯდომარემ თავისი ბრძანებით, საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდის დაკვეთით, საპროექტო ორგანიზაცია სს საქწყალპროექტმა" მოამზადა. 


ამ პროექტში ობიექტის მისამართად მითითებულია ქ. ფოთი, მალთაყვის რაიონი, საკანალიზაციო სატუმბის მდებარეობად - 30 სახლიანი საცხოვრებელი უბნის ტერიტორია, ლერმონტოვის ქუჩის მიმდებარედ, საკანალიზაციო მილსადენი კი იწყება საკანალიზაციო ჭასთან, მიუყვება 30 სახლიან დასახლებას აღმოსავლეთის მხრიდან, შემდეგ გურიის ქუჩას და შედის გამწმენდ ნაგებობაში, რომელიც განლაგდება მდინარე კაპარჭას მარჯვენა ნაპირზე, ყოფილი დინამოს ბაზის მიმდებარე ტერიტორიაზე. 
მიწის ნაკვეთის მესაკუთრედ და მოსარგებლედ საკრებულოს მიერ დამტკიცებულ ქალაქმშენებლობით პირობებში მითითებული იყო სახელმწიფო, მიუხედავად იმისა, რომ ამის დამადასტურებელი ოფიციალური დოკუმენტი (საჯარო რეესტრიდან ამონაწერი) საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდს საკრებულოსთვის არ წარუდგენია. თუმცა, ევალებოდა, რომ წარედგინა. მეტიც, ქ. ფოთის საკრებულოს, ასევე, არ წარდგენია შესათანხმებლად მის მიერ საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდისგან მოთხოვილი არქიტექტორულ-სამშენებლო პროექტი და არ გაცემულა მშენებლობის ნებართვა. თუმცა, აღნიშნულს არ შეუშლია ხელი, რომ მშენებლობის ნებართვის გარეშე აშენებულიყო საკანალიზაციო სატუმბი სადგური და გამწმენდი ნაგებობა, რაც ამჟამად დასრულებულია.



ამდენად, არსებობს საფუძვლიანი ვარაუდი, რომ ადმინისტრაციული წარმოების პირველსავე სტადიაზე ცნობილი იყო, რომ ობიექტი უნდა აშენებულიყო კერძო საკუთრებაში მყოფ მიწის ნაკვეთზე და ამ გარემოების გათვალისწინებით, მიზანშეწონილად არ ჩაითვალა იმ ეტაპზე მშენებლობის ნებართვის აღება. კერძოდ, ამგვარი მტკიცების საფუძველს იძლევა, ქ. ფოთის საკრებულოს თავმჯდომარის სახელზე 2012 წლის 12 ნოემბერს გაგზავნილი N2868-გ წერილი, სადაც საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდის აღმასრულებელი დირექტორის პირველი მოადგილე ადასტურებდა იმ ფაქტს, რომ ქ. ფოთში, მალთაყვის ტერიტორიაზე მშენებარე 30 სახლიანი საცხოვრებელი უბნის საკანალიზაციო გამწმენდი ნაგებობისთვის განკუთვნილი ფართი მდებარეობს კერძო საკუთრებაში და ფოთის საკრებულოს მიერ განიხილებოდა მისი გამოსყიდვა-ჩანაცვლების საკითხი. 


რაც შეეხება ქ. ფოთის საკრებულოს, მან საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდის სახელზე გაგზავნილ 2012 წლის 14 დეკემბრის წერილში (N2-08/2/99) ასევე დაადასტურა, რომ მსგავს შემთხვევას ჰქონდა ადგილი, თუმცა, იმ მოტივით, რომ ქალაქი ფოთი არ არის უფლებამოსილი სახელმწიფოს მიერ განხორციელებულ პროექტებთან დაკავშირებით გაცვალოს თვითმმართველი ერთეულის საკუთრებაში არსებული მიწის ნაკვეთი, უარი განაცხადა ამ პროცესში მონაწილეობაზე.


აღნიშნული ცხადყოფს, რომ მოქმედი კანონმდებლობის დარღვევით, შესაბამისი ნებართვის გარეშე, უკანონოდ მოხდა შეჭრა კერძო მესაკუთრეთა მიწის ნაკვეთზე და მასზე განხორციელდა ქ. ფოთში, მალთაყვის ტერიტორიაზე 30 სახლიანი საცხოვრებელი უბნის საკანალიზაციო გამწმენდი ნაგებობის მშენებლობა. 


იმის გასარკვევად, შეინიშნება თუ არა აღნიშნულ საქმეში სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების ან უფლებამოსილების გადამეტების ნიშნები, სამინისტროს მიერ მოძიებული მასალები სამართალდამცავ ორგანოებს გადაეგზავნა, რაზეც სისხლის სამართლის საქმე უკვე აღძრულია", - ნათქვამია განცხადებაში.


 

 

(მოამზადა ალა გრიგალაშვილმა) 


 

19 იანვარი, 2016. 18:27
ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016