ბოლო დროს გულშემატკივრების, ბლოგერების, ჟურნალისტების, ფეხბურთელების და, საერთოდ, საფეხბურთო სამყაროს სალაპარაკო თემა „ლაციოს" კამერუნელი ახალწვეულია.
„ლაციოს" ახალგაზრდული გუნდის წევრი პოპულარული რომაული დერბის წინ გახდა, როცა მატჩის განაცხადის გაფართოებულ ვარიანტში მისი გვარი მოხვდა. საბოლოოდ, ის სათადარიგოთა სკამზეც არ ყოფილა.
იტალიელმა გულშემატკივრებმა „ლაციოს" მოთამაშეთა მონაცემებს გადახედეს და შოკი მიიღეს. რატომ? ოფიციალური მონაცემებით, მინალას დაბადების თარიღი არის: 24 აგვისტო 1996 წელი. ინტერნეტის მომხმარებლებს ეჭვი შეეპარათ აფრიკელის პასპორტის სინამდვილეში და იმ დღის შემდეგ ფორუმები და სოციალური ქსელები „აფეთქდა".
Goal.ge-ს ინფორმაციით, ყურადღების გარეშე ეს თემა არც ქართველებმა დატოვეს. დღემდე მანილას ისტორია ერთ-ერთი ყველაზე პოპულარულია ჩვენს საფეხბურთო რეალობაში.
მართლაც რთულია, დაიჯერო, რომ ჯოზეფი ჯერ არასრულწლოვანია. „ლაციოში" ახალგადასული სულაც არაა. ის ამ კლუბში 2013 წლის აგვისტოში ჩაირიცხა. ახალგაზრდული გუნდის შემადგენლობაში ჩემპიონატში 5 მატჩი ჩაატარა, 3- იტალიის თასზე, ერთიც ვიარეჯოს ტურნირზე. საერთო ჯამში, 5 გოლი აქვს გატანილი.
აი, როგორ გამოიყურება მინალა თანაგუნდელებთან და თანატოლ მეტოქეებთან ერთად.
ცეცხლზე ნავთი პორტალმა senego.net-მა დაასხა. აღნიშნულ საიტზე დაიდო მინალას ინტერვიუ, რომელიც მან კამერუნელ ჟურნალისტს მისცა. ინტერვიუში მინალა ამბობს: „მე არ ვარ 17 წლის. რაც შეიძლება მალე უნდა გამეფორმებინა კონტრაქტი, რათა ფული ჩემი ოჯახისთვის გამეგზავნა აფრიკაში. აგვისტოში 42 წლის ვხდები. იმედი მაქვს, ეს ფაქტი „ლაციოში" დარჩენაში ხელს არ შემიშლის".
ფეხბურთელმა ამ სკანდალზე კომენტარის გაკეთება არ დაახანა: „საიტ senego.net-ზე წავიკითხე სტატია, სადაც მე უარვყოფ იმ ასაკს, რომელიც დოკუმენტებშია მითითებული. მინდა გითხრათ, რომ ეს ცრუ ინტერვიუ იყო. მის ავტორსაც არ ვიცნობ".
ცნობილი იტალიელი ჟურნალისტი მაქს ევანგელისტა მიიჩნევს, რომ მინალას ასაკთან დაკავშირებით ატეხილი სკანდალი სისულელეა: „ის დაუჯერებლად სწრაფი ფეხბურთელია. ნამდვილად ვერავინ იტყვის, რომ 41 წლისაა. 41 წლის ფეხბურთელს ასე თამაში გაუჭირდებოდა. ის კარგად დარბის და ძალიან სწრაფია". ფიფას აგენტმა დიეგო ტავანომ კი ასეთი რამ თქვა: „ბიჭს რთული ბავშვობა ჰქონდა. მაგრამ მას თუ პირადად დაელაპრაკებით, მიხვდებით, რომ ისეთივეა, როგორებიც 17 წლის ბავშვები არიან".
მაგრამ senego.net-მა გააგრძელა: "ხელში ჩაგვივარდა ახლო ხედით გადაღებული ფოტოსურათი, რომელიც მინალას ხანდაზმულ ასაკს ადასტურებს. სურათზე კარგად ჩანს პირის გარშემო არსებული ნაოჭები, რომელიც 30-35 წლის მამაკაცებისთვისაა დამახასიათებელი. გარდა ამისა, კამერუნელის ბავშვობის მეგობრებმაც დაადასტურეს, რომ მინალა 37 წელზე მეტისაა".
საქმე იქამდე მივიდა, რომ რომის „ლაციომ" ოფიციალური განცხადებაც კი გააკეთა. კლუბი ადასტურებს ფეხბურთელის იმ ასაკს, რომელიც დოკუმენტებშია მითითებული და ყველას წინააღმდეგ სასამართლოში სარჩელის შეტანით იმუქრება, ვისაც ჯოზეფის ასაკში ეჭვი ეპარება.
მინალას ასაკის თემა მსოფლიოში ისეთმა ავტორიტეტულმა გამოცემებმა აიტაცეს, როგორებიცაა: La Gazzetta dello Sport, BBC Sport და ESPN.
ისტორიას ახსოვს რამდენიმე შემთხვევა, როცა აფრიკელმა მოთამაშემ ასაკი დამალა. მაგალითად, ბელგრადის „პარტიზანის" ყოფილი მმართველი ჟარკო ზეჩევიჩი ნიგერიელ მცველ ტარიბა უესტზე საუბრობს: "როცა ჩვენთან მოვიდა, გვითხრა, რომ 28 წლის იყო. შემდეგ გავიგეთ, რომ 40-ს ყოფილა. ამის მიუხედავად, ის კარგად თამაშობდა. არ ვნანობ ტრანსფერს.
1997 წელს უესტი "ინტერში" ჩაირიცხა და მაშინ მისი ოფიციალური ასაკი 23 წელი იყო. თუ ზეჩევიჩის ინფორმაცია მართალია, იმ მომენტისთვის უესტი 35 წლის იყო!
ინტერნეტსივრცეში ატეხილ სკანდალს მინალამ სოციალური ქსელის მეშვეობით აფრიკული სიმშვიდით უპასუხა: „შური ადამიანის სისუსტეა... მადლობა, ჩემდამი გამოხატული სიყვარულისა და მხარდაჭერისთვის. მინდა ჩემი ოცნების რეალიზება განვაგრძო. უნდა ვიშრომო ჩემთვის და თქვენთვის. FORZA LAZIO!"
(მოამზადა ლილუ მიროტაძემ)