ევროკავშირმა გრანტები შვეიცარიის უნივერსიტეტებისათვის მას შემდეგ გაყინა, რაც ქვეყნის ხელისუფლებამ, რეფერენდუმის შედეგების თანახმად, ევროკავშირიდან მოქალაქეების მიგრაციის შეზღუდვა გადაწყვიტა.
ევროკავშირში განმარტეს, რომ ევროპულ საგრანტო პროგრამებში შვეიცარიის მონაწილეობა შეუძლებელია, თუ ის არ უზრუნველყოფს გადაადგილების თავისუფლებას, იუწყება „Agence France-Presse“. კერძოდ, შეჩერებულია ინოვაციური პროგრამა „ჰორიზონტ-2020“-ის დაფინანსება, რომლისთვისაც 2014-2020 წლებში 80 მილიარდი ევროს დახარჯვა იგეგმებოდა. პროექტში სამუშაოდ უნდა ჩართულიყო 8 ათასი ადამიანი.
გარდა ამისა, შვეიცარიას უარი უთხრეს სტუდენტური გაცვლის ევროპულ პროგრამაში „ერასმუს“-ში მონაწილეობაზე. 2011-2012 წლებში, ამ ქვეყნის 2600-ზე მეტმა სტუდენტმა მიიღო შესაძლებლობა ესწავლა ევროკავშირის წევრი სახელმწიფოების უნივერსიტეტებში.
შვეიცარიაში უცხოური სამუშაო ძალის შესვლაზე რეფერენდუმი 9 თებერვალს ჩატარდა. ევროკავშირის წევრი სახელმწიფოების მოქალაქეთათვის თანასწორი სამუშაო უფლებების მინიჭების გადაწყვეტილების მოხსნას, ქვეყნის მოსახლეობის 50,3 პროცენტმა დაუჭირა მხარი. ხმის მიცემის შედეგებმა ბრიუსელის ნეგატიური რეაქცია გამოიწვია.
შვეიცარია არ არის ევროკავშირის წევრი, თუმცა, შედის შენგენისა ევროპის ეკონომიკურ ზონაში. ბერნსა და ბრიუსელს შორის შეთანხმება დიდი ხნის მანძილზე იძლეოდა თავისუფალი გადააადგილებისა და ვაჭრობის შესაძლებლობას. არაევროპული ქვეყნებიდან მიგრანტების შვეიცარიაში შესვლა მანამდეც შეზღუდული იყო.
(მოამზადა ლილუ მიროტაძემ)