ქართველი მწერალი ნინოშვილი (ნამდვილი გვარი ინგოროყვა) ეგნატე თომას ძე 1859 წლის 17 თებერვალს სოფელ ყელაში, ახლანდელ ლანჩხუთის რაიონში დაიბადა, ღარიბი გლეხის ოჯახში. დაამთავრა სოფლის ორკლასიანი სასწავლებელი. 1876 წლიდან სწავლობდა ოზურგეთის სასულიერო სასწავლებელში, საიდანაც 1978 წელს „მგლის ბილეთით“ გარიცხეს მოწაფეთა გაფიცვის მეთაურობისათვის.
1879 - 1981 წლებში მასწავლებლობდა სოფ. ჩოჩხათის სკოლაში. მუშაობდა ასოთამწყობად თბილისის სტამბაში სოფლის კანცელარიაში მოხელედ.
1886 წელს გაემგზავრა საფრანგეთში, საიდანაც 1887 წელს დაბრუნდა. სამშობლოში დაბრუნებული მწერალი მუშაობდა ბათუმის ნავსადგურში, ხოლო შემდეგ შავ მუშად როტშილდის ქარხანაში. ნინოშვილის სამწერლო მოღვაწეობა სულ შვიდიოდე წლით (1887 - 1894) შემოიფარგლა. მისი თხზულებები იბეჭდებოდა ქართულ ჟურნალ-გაზეთებში („ივერია“, „კვალი“, „მოამბე“, „თეატრი“) და სხვ. ცალკე წიგნად გამოიცა მისი რამდენიმე მოთხრობა, „სიმონა“ და „ქრისტინე“.
თავის პუბლიცისტურ სტატიებსა და მხატრულ თხზულებებში მწერალი მშრომელთა ყოფის მხატვრად, ჩაგრულთა თავდადებულ ქომაგად, მათი უკეთესი მომავლისათვის მებრძოლად წარმოგვიდგა. მოთხრობებში: „გოგია უიშვილი“, „განკარგულება“, „პალიასტომის ტბა“, „ჩვენი ქვეყნის რაინდი“ - ნინოშვილმა მშრომელი გლეხობის უსასოო ყოფას, უკიდურესს სიდუხჭირეს, მოხელეთა ძალმომრეობისა და თავგასულობა გამოხატა. გურულ გლეხთა აჯანყების ამბები დაგვიხატა ნაწარმოებში „ჯანყი გურიაში“. ნინოშვილის თხზულებები („პარტახი“, „პალიასტომის ტბა“, „მოსე მწერალი“, „ქრისტინე“, „გოგია უიშვილი“, „განკარგულება“, „ჩვენი ქვეყნის რაინდი“, „სიმონა“) მრავალგზის არის გამოცემული. 1904 გამოქვეყნდა ნინოშვილის თხზულებათა ერთტომეული. 1920 - სამტომეული, 1925 - თხზულებათა პირველი სრული კრებულის სამტომეული და სხვ.
მძიმე ცხოვრებისაგან ტანჯული მწერალი, ჭლექით დასნეულებული გარდაიცვალა.
(მოამზადა ლილუ მიროტაძემ)