„იმედის“ ეთერში მალე ახალი პროექტი "ორი ვარსკვლავი" იწყება. პროექტის ერთ-ერთი მონაწილე წყვილი ბიზნესმენი ვახტანგ რჩეულიშვილი და მომღერალი ნინა წკრილაშვილი იქნებიან. რჩეულიშვილის თქმით, მის ცხოვრებაში ორწლიანი რთული პერიოდის შემდეგ, განტვირთვის დრო დადგა. მისივე თქმით, გამარჯვების იმედი არ აქვს, თუმცა ხუთი საფეხურის გადალახვას მაინც ეცდება.
„ასეთივე პროექტში, როგორიც "ორი ვარსკვლავია" 2005 წელს მივიღე მონაწილეობა, როცა რადიო "უცნობმა" მიმიწვია. მაშინ ლელა წურწუმიასთან ერთად ვიმღერე. დიდი მომღერალი არ გახლავართ, მაგრამ სიმღერა მიყვარს. ბევრი მეგობარი მომღერალი მყავს, მათ შორის, "შვიდკაცას" წევრები. მათთან სიმღერა ხშირად მიწევს, მაგრამ ცოტა ჩემებური გემოვნება მაქვს და სპეციფიკური ნამუშევრები მიყვარს, რუსულ სიმღერებს ვეტანები“, - განაცხადა რჩეულიშვილმა.
წკრიალაშვილი ამბობს, რომ „ორი ვარსკვლავი“ საინტერესო პროექტია და მაყურებელს კარგი გასართობი გადაცემა ელოდება.
„ჩემი და ბატონი ვახოს დუეტი ძალიან საინტერესო იქნება და შთაბეჭდილების გარეშე ნამდვილად ვერ დავტოვებთ მაყურებელს“,- განაცხადა მომღერალმა.
(მოამზადა რუსუდან ჯაბანიშვილმა)