ადგილობრივი საბჭოს დღევანდელი გადაწყვეტილებით, 4 არასრულწლოვანი მსჯავრდებული გათავისუფლდა. სხდომა ზეპირი მოსმენით წარიმართა. საბჭოს წევრები პირადად გაესაუბრნენ 5 არასრულწლოვან მსჯავრდებულს, რომელთაგან 4-ზე დადებითი გადაწყვეტილება მიიღეს.
სხდომაზე, რომელსაც საბჭოს წევრებთან ერთად არასრულწლოვანთა ადვოკატებიც ესწრებოდნენ, არასრულწლოვან მსჯავრდებულთა კოორდინატორებმა დამატებითი ინფორმაცია წარმოადგინეს. თითოეული გადაწყვეტილების მიღებისას საბჭომ გაითვალისწინა როგორც დანაშაულის ხასიათი, სასჯელის მოხდის პერიოდში მსჯავრდებულის ქცევა, მათი დამოკიდებულება წარსულში ჩადენილ დანაშაულთან და ოჯახური მდგომარეობა, ისე სასჯელის ინდივიდუალური დაგეგმვის პროცესში მონაწილეობა, მათი ფსიქო-ემოციური მდგომარეობა/ქცევა და მსჯავრდებულთა სარეაბილიტაციო აქტივობებში ჩართულობა. ზეპირი გასაუბრების შედეგად არასრულწლოვან მსჯავრდებულებისა და მათი კოორდინატორების მიერ მიწოდებულმა დამატებითმა ინფორმაციამ საბჭოს წევრებს შესაძლებლობა მისცა, ინდივიდუალურად შეეფასებინათ დანაშაულის განმეორებით ჩადენის რისკები.
დაწესებულების ადმინისტრაციის მხრიდან გაიცა რეკომენდაციები მსჯავრდებულთა გათავისუფლების შემთხვევაში დანაშაულის პრევენციისთვის გასატარებელი ღონისძიებების შესახებ, რაც მომავალში პრობაციის ეროვნული სააგენტოს აქტიური ჩართულობით განხორციელდება.