სოფლის მეურნეობის მაღალჩინოსნების საქმის განხილვა თბილისის საქალაქო სასამართლოში 8 აგვისტოსთვის გადაიდო. წინასასამართლო სხდომა დღეს ექვსი საათის განმავლობაში მიმდინარეობდა. ორი ბრალდებულისთვის პროკურატურამ აღმკვეთი ღონისძიების გირაოთი შეცვლის საკითხზე ვერ იშუამდგომლა, რადგან პროცესუალურად ამ ეტაპზე სასამართლოს მტკიცებულების დასაშვებობის საკითხზე უნდა ემსჯელა. მოსამართლე მერაბ ჯორბენაძე კი მტკიცებულების დასაშვებობის შუამდგომლობებზე გადაწყვეტილებას შემდეგ პროცესებზე მიიღებს, რომელიც 8 აგვისტოს 16:00 საათზე გაიმართება.
დაცვის მხარემ ასევე დღევანდელ წინასასამართლო სხდომაზე იშუამდგომლა, რომ საქმეში ერთ-ერთი ბრალდებულის, მამუკა ივანიაძის დაკითხვის ოქმი საქმიდან ამოღებული იყოს, ხოლო ბრალდების მხარემ მოწმეების დაკითხვა მოითხოვა. ბრალდების მხარეს დღეს უნდა დაეყენებინა შუამდგომლობა ორი ბრალდებულისთვის - ვაჟა ნახუცრიშვილი და გივი ქაიხოსრიშვილი, გირაოს შეფარდების საკითხი. როგორც სხდომის დასრულების შემდეგ პროკურორმა, ვლადიმერ ბორცვაძემ განაცხადა, ბრალდების მხარეს წარდგენილი აქვს შუამდგომლობა აღმკვეთი ღონისძიების შეცვლის შესახებ ბრალდებულების მიმართ, თუმცა დღეს შუამდგომლობის განხილვა ვერ მოესწრო, რადგან თავდაპირველად მტკიცებულებების დასაშვებობის საკითხის განხილვა უნდა დასრულდეს, ხოლო შემდეგ აღმკვეთი ღონისძიების საკითხის განხილვა უნდა მოხდეს.
მისივე თქმით, გამოძიება დასრულებულია. მოპოვებულია ყველა შესაძლო მტკიცებულება, რომელიც ამ ეტაპზე ბრალდებულების ბრალეულობას ადასტურებს. რაც შეეხება დაცვის მხარეს, ისინი მიიჩნევენ, რომ წარმოდგენილი მტკიცებულებები ბრალეულობას ვერ ადასტურებენ. ადვოკატების თქმით, პროკურატურის მიერ წაყენებული ყველა შუამდგომლობა უსაფუძვლოა.
დღევანდელ საქალაქო სასამართლოში სოფლის მეურნეობის მაღალჩინოსნების საქმის წინასასამართლო სხდომას ცხრავე ბრალდებული ესწრებოდა. სოფლის მეურნეობის სამინისტროს მაღალჩინოსნებს გამოძიებაში შპს "მექანიზატორის" თანხების მითვისებასა და გაფლანგვაში ადანაშაულებს.